სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 21 ოქტომბერი, 2015
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (პირველი წარდგენა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (პირველი წარდგენა) მიზნად ისახავს კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (პირველი წარდგენა) მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები:

  • ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართულ „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკებისა“ და „მთავრობის ვალის მდგრადობის“ ანალიზის დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია დამატებით დასაბუთებას საჭიროებს – აღნიშნული დოკუმენტებით წარმოდგენილი ანალიზი ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს მთავრობის ვალის მდგრადობისა და მაკროეკონომიკურ ცვლადებზე გაკეთებული დაშვებების საფუძვლიანობისა და რეალისტურობის შესახებ;
  • საყურადღებოა, 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით წარმოდგენილი მაჩვენებლების მიმართება მთავრობის N422 დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტებთან - მთავრობის 2015 წლის 6 მარტის N422 განკარგულების „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ფარგლებში დადგინდა გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტებში გადასახდელების არანაკლებ 20% გათვალისწინებული უნდა იქნეს საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, რამდენადაც განსაზღვრული არ არის თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტად, და ამასთანავე, წარმოდგენილი კანონპროექტი არ აკონკრეტებს აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი გადასახდელების მოცულობას, გაურკვეველია აკმაყოფილებს თუ არა 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი ზემოხსენებულ მოთხოვნას. გარდა ამისა, განკარგულების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს და აღნიშნული პრინციპი გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 და 2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესშიც. თუმცა, 2015 წლის ბიუჯეტის კანონით წარმოდგენილი 42, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით წარმოდგენილი 43 მხარჯავი დაწესებულების შემთხვევაში, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გამოყოფილი ასიგნებები აჭარბებს 2014 წელს ამავე მიმართულებით გაწეულ ფაქტიურ ხარჯს;
  • წარმოდგენილი კანონის პროექტით, ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის ასიგნებებში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, არ დაკორექტირებულა მათი მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები - ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემთხვევაში, კანონპროექტში გათვალისწინებულია ასიგნებების მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა პროგრამულ დანართში მოცემული არაფინანსური ინფორმაცია მიმდინარე წლის იდენტურია. შესაბამისად, გაურკვეველია ერთი მხრივ, შემცირებული ასიგნებების პირობებში რომელი მოსალოდნელი შედეგები არ იქნება მიღწეული, ხოლო მეორე მხრივ, რა დამატებითი სარგებელი იქნება მიღებული გაზრდილი ასიგნებებით;
  • ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში მიმდინარე საბიუჯეტო წლის 8 თვის მდგომარეობით ათვისების დაბალი მაჩვენებლით მიუხედავად, 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებულია ასიგნებების მოცულობის ზრდა ან იმავე დონეზე შენარჩუნება - 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციებიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში გეგმების ხშირი კორექტირებები და უზრუნველყოფილ იქნეს ათვისების შესაბამისობა განსაზღვრულ გეგმასთან;
  • ხარვეზები შეინიშნება როგორც ბიუჯეტის კანონის პროექტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში, ისე „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის“ მიმართულებით – საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების, ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამული დანართის ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ ფორმატით უკვე მეხუთე წელია მზადდება, პროგრამულ დანართში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების ფორმირებისას, რაც ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების ეტაპზე დასახული შედეგების შესრულების შეფასებას ართულებს. ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები არსებული პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.