სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 28 ნოემბერი, 2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილებაზე - I წარდგენა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, კანონის პროექტი „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით. თუმცა პროექტის განხილვის პროცესში, მიზანშეწონილია მხედველობაში იქნეს მიღებული დასკვნაში წარმოდგენილი შემდეგი საკითხები:

  • ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 30 მლნ ლარით იზრდება შემოსულობების, ხოლო 305 მლნ ლარით - გადასახდელების კომპონენტი. შესაბამისად, ნაშთის ცვლილების გეგმური მაჩვენებელი -233 მლნ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭარბი გადასახდელების დაფინანსება ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან მოხდება, რომლის მოცულობაც 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 1 მლრდ ლარს შეადგენდა;  
  • 2017 წლის გადასახდელების წესის (ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან) პროგნოზირებული მაჩვენებელი 29.9%-ის დონეზეა განსაზღვრული და მცირედით ჩამორჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ 30.0%-იან ნიშნულს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის გარდა წლის განმავლობაში ადგილი აქვს სხვა დამატებითი რესურსების ფაქტობრივ ხარჯვას (მიზნობრივი გრანტები და პირდაპირი საინვესტიციო ჩარიცხვები, რომლებიც არ გაითვალისწინება გეგმაში), რაც 2014-2016 წლების განმავლობაში საშუალოდ მშპ-ის 0.5%-ს შეადგენდა, ყურადღება უნდა მიექცეს ორგანული კანონით დადგენილი ლიმიტის დარღვევის რისკს;
  • ცვლილების პროექტით განსაზღვრულ სახელმწიფო ვალის ნაშთში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) აღებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი, რომელიც 2017 წლის 10 თვის მდგომარეობით 109 მლნ ლარს შეადგენს. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალში შედის სავალუტო ფონდის  მიერ დამტკიცებული თანხები. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, მიზანშეწონილია 2017 წლის ბიუჯეტის კანონის სახელმწიფო ვალის ნაშთში გათვალისწინებული იქნეს ეროვნული ბანკის აღნიშნული ვალი;
  • წარმოდგენილი კანონპროექტით 1 საინვესტიციო პროექტს (ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი) დაფინანსება უმცირდება 2.9 მლნ ლარით, ხოლო კანონპროექტიდან ამოღებულია 2 საინვესტიციო პროექტი (ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი და აგროკრედიტი), რომელთაც 10 თვის მდგომარეობით საკრედიტო რესურსი საერთოდ არ ჰქონდათ ათვისებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, საინვესტიციო პროექტებისთვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ წარსული გამოცდილება
  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა წარმოდგენილი ცვლილების პროექტით 24 მლნ ლარით იზრდება და 284 მლნ ლარს უტოლდება, თუმცა 10 თვის მდგომარეობით, ფონდიდან ათვისებული რესურსის ოდენობამ 138 მლნ ლარი შეადგინა. ეს თავდაპირველი გეგმის 53%, ხოლო განახლებული გეგმის 49% შეადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებით განმარტებას საჭიროებს ფონდის დაფინანსების ზრდის საკითხი;
  • წარმოდგენილი კანონის ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ცალკეული პროგრამების/ ქვეპროგრამების წლიური გეგმის მოცულობის დაკორექტირებას, როგორც შემცირების, ასევე ზრდის მიმართულებით. თუმცა არ მომხდარა პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტისა და მასში წარმოდგენილი მოსალოდნელი შედეგებისა და  შეფასების სამიზნე მაჩვენებლების განახლება, რაც წლის ბოლოსათვის გაართულებს პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონპროექტში იყოს განმარტებული ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.