სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სოციალური დაცვა 13 მაისი, 2015
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
პერიოდი: 2013, 2012, 2011

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა- ნაკლოვანებები:

სახელმწიფო შესყიდვები:

  • 2011-2012 წლებში სამინისტრომ დევნილთა სასარგებლოდ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებები გაუფორმა ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნდათ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2,037,538 ლარი. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ შ.პ.ს. „მეგკოს“ და შ.პ.ს. „მე-სას“ აქვთ საერთო იურიდიული მისამართი, ასევე, შპს „მე-სა“-ს ერთ-ერთი დირექტორი წარმოადგენს შპს „მეგკო“-ს 100%-იანი წილის მფლობელს. აუდიტის ჯგუფმა აღნიშნულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ანალიზისას გამოავლინა, რომ მოცემული მომსახურების ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სულ მცირე 654,361 ლარის მოცულობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.
  • 2013 წელს სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმდა 42 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 21,430,384 ლარი. ხელშეკრულებების ღირებულების 53% გაფორმდა ორ კომპანიასთან, შპს „NBG” და შპს „ნიუ კონსტრაქშენი“, რომლებიც არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ სამინისტროს იმ თანამშრომელთან, რომელსაც ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება. მოცემული კომპანიები (შპს „ნიუ კონსტრაქშენი“ და შპს „NBG”-ი) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ და შესაბამისად მსხვილ კონტრაქტებს იგებდნენ 2013 წელს, სწორედ ამავე პერიოდში დაინიშნა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესყიდვების და საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით მენეჯმენტთა ახალი შემადგენლობა.
  • 2011-2012 წლებში შპს „მონოლითმშენ“-თან, შპს „იკა“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს. აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2,621,757 ლარი.
  • სამინისტროს მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა კომპანიების მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 59,544 ლარის გადახდა.
  • 2011 წელს სამინისტროს მიერ მისი ცენტრალური აპარატის ქ. გორში განთვასებასთან დაკავშირებით ქ. გორში გორკის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების შემდეგ შენობა გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამისად 2011 წელს გაწეულმა არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 4,046,018 ლარი.

დარღვევები გამოვლინდა ასევე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის პროცესში:

  • ხუთ დევნილ ოჯახს, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ საკუთრებაში გადაეცა ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი;
  • გამოვლინდა 6 შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ასევე განხორციელდა საცხოვრებელი ბინის დაკანონება;
  • 13 დევნილ ოჯახზე 2-ჯერ მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, რის შედეგადაც ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ შეადგინა 130,000 აშშ დოლარი;
  • საცხოვრებელი ფართები დაკანონებული ჰქონდა 4 ისეთ ოჯახს, რომლებსაც შეუწყდათ დევნილის სტატუსი.

ანგარიში შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.