2018 წლის 8 თვის მდგომარეობით შემოსავლების მობილიზების ტენდენცია თანაბარზომიერია და 8 თვის მდგომარეობით (6.8 მლრდ ლარი) წლიური გეგმის 66.2%-ს შეადგენს.
- 9 თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლების თითქმის ყველა კომპონენტი. მათ შორის, იმპორტის გადასახადიდან 8 თვეში მიღებულმა შემოსავლებმა 9 თვის გეგმის 117%, ხოლო წლიური გეგმის 84.8% შეადგინა, რაც თავდაპირველი საპროგნოზო მაჩვენებლის შედარებით პესიმისტურ დაგეგმვაზე მიუთითებს;
- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან დივიდენდებისმობილიზების საკითხი ისევ პრობლემატურია. 8 თვის მდგომარეობით, საწარმოებიდან ფაქტიურად მიღებული დივიდენდების მოცულობამ მხოლოდ 242 ათასი ლარი და წლიური გეგმის მხოლოდ 24.2% შეადგინა. საყურადღებოა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არ შეკრებილა დივიდენდების გამანაწილებელი კომისია;
- საპროცენტო შემოსავლების სახით 8 თვის მდგომარეობით მობილიზებულია 65.9 მლნ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 130%-ს, ხოლო წლიური გეგმის 90.3%-ს შეადგენს. აღნიშნული განაპირობა ბიუჯეტის ნაშთის აუქციონის გზით კომერციულ ბანკებში, დეპოზიტებზე განთავსებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ.
გადასახდელების კომპონენტის შესრულება ჩამორჩენით ხასიათდება და 8 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 57.9%-ს (7.2 მლრდ ლარი), ხოლო ცხრა თვის გეგმის 80.2%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 8 თვის ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, ხოლო შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალი, მოსალოდნელია გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისების კონცენტრაცია 2018 წლის ბოლოს.
- საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში ვლინდება ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არსებული ხარვეზები, რაც გამოიხატება (ა) წლის განმავლობაში განხორციელებული დაუგეგმავი ღონისძიებების, (ბ) ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებისა და (გ) დაბალი ათვისების მქონე პროგრამებისა და ქვეპროგრამების არსებობაში;
- გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაშიც. მათი ნაწილის შემთხვევაში, ასიგნებები საერთოდ არ იქნა ათვისებული, რაც წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენებას ეჭქვეშ აყენებს.9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში, 8 თვის შესრულების მაჩვენებელი60%-ზე ნაკლებია 17 პროგრამის და 138 ქვეპროგრამის შემთხვევაში;
- რაც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები 8 თვის მდგომარეობით ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, შესაბამისად, 6%-თა და 26%-ით;
- აღსანიშნავია, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები ისევ მიიმართება ისეთიგადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. აღნიშნული ტიპის ღონისძიებებზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ჯამურმა ოდენობამ 2018 წლის 8 თვის განმავლობაში 5 მლნ ლარი და ფონდის მთლიანი ფაქტიური ხარჯის 22% შეადგინა.
სახელმწიფო ვალს, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, ვალის ნაშთის მოცულობა 17 მლრდ ლარს შეადგენს და ბიუჯეტის კანონით დადგენილი ზღვრული მოცულობის 95%-ს გაუტოლდა. საყურადღებოა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად, გაუფასურების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წლის მსგავსად, მოსალოდნელი იქნება 2018 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საგარეო ვალის ზღვრულ მოცულობაზე გადაჭარბება.
- საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელების გამო, მიმდინარე პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს, 8 თვის მდგომარეობით, შესრულების დაბალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, საინვესტიციო კრედიტების ათვისება წლიურ გეგმასთან მიმართებაში 25%-ია. საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, გადახდილი ვალდებულების გადასახადი 1.6 მლნ ლარს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის კანონის პროექტზე თანდართული „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის მოხსენების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ბიუჯეტის მიმდინარე ტენდენციების ანალიზი და შესრულების პროცესში არსებული გადახრების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი მოხსენება მოიცავდეს მეტ ინფორმაციას და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, რათა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცეთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა მოახდინონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.