სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 21 ოქტომბერი, 2015
მოხსენება “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად:

  • აქციზის წლიური საპროგნოზო მაჩვენებელის მიღწევა შესაძლოა გართულდეს - აღნიშნული გადასახადის შესრულების მიმდინარე ტენდენციისა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2015 წლის ბიუჯეტის კანონით (ცვლილებით) განსაზღვრული წლიური გეგმური მაჩვენებლის მიღწევა აქციზის გადასახადისათვის შესაძლოა გართულდეს;
  • წლიური საპროგნოზო მაჩვენებლიდან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით ხასიათდება დივიდენდის სახით მისაღები შემოსავალი – 2015 წლის პირველი 8 თვის მდგომარეობით დივიდენდის სახით მობილიზებული სახსრების ოდენობა 194 ათას ლარს და წლიური გეგმის მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსგავსად, არ ჩატარებულა „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის“ სხდომა, ხოლო 2013 წლის ჩათვლით აღნიშნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. დივიდენდების მობილიზებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე არაერთხელ იქნა ყურადღება გამახვილებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გასული წლების ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებებში, თუმცა საკითხი კვლავ პრობლემატური რჩება;
  • ცალკეული პროგრამების შემთხვევაში, მოსალოდნელია ფისკალური წლის დასასრულს გადასახდელების ათვისების მკვეთრი ზრდის ტენდენცია – პროგრამების დონეზე, იმ შემთხვევაში თუ თითოეული პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის კანონით (ცვლილებით) გამოყოფილი წლიური ასიგნებები ფისკალური წლის დასრულებამდე სრულად იქნება ათვისებული, დარჩენილი 4 თვის განმავლობაში ათვისებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა 8 თვის მდგომარეობით გახარჯულ თანხას გადააჭარბებს 24 პროგრამისათვის. წლის ბოლოსათვის აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა კი, როგორც გასული წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს და ამასთანავე, უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.
  • 2015 წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით, „პრემიის“ მუხლით გაცემული სახსრების შემცირების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა „დანამატის“ მუხლით გაცემული სახსრების მოცულობა– საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება №449 „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 ივლისიდან და რომელმაც შეზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის მოცულობა და პერიოდულობა. თუმცა აღნიშნულის პარალელურად გაიზარდა დანამატის მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა და საერთო ჯამში მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამურად პრემიისა და დანამატის მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და  6.7%-ით (10,865 ათასი ლარით) აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება – ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს: წლის განმავლობაში საჯარო უწყებების სახელმწიფო შესყიდვების დამტკიცებულ გეგმებში განხორციელებული ხშირი და მასშტაბური ცვლილებები; შეწყვეტილი და არშემდგარი ტენდერების დიდი ოდენობა; ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ისეთ საქონელზე, რომლის შესყიდვის საჭიროება უწყების წინაშე არ იდგა; შეყიდვის პროცესში საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციაში არსებული ხარვეზები და სხვა. ზემოთაღნიშნული საკითხების დარეგულირების მიზნით მიზანშეწონილია წარმოდგენილ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება;
  • ადგილი აქვს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სისტემატური/ყოველწლიური ხასიათის ღონისძიებების დაფინანსებას - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, თუმცა, ხშირ შემთხვევებში ფონდის სახსრები მიიმართება სისტემატური/ყოველწლიური ხასიათის მქონე ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გათვალისწინება;
  • საგარეო ვალდებულებებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში შეფერხებებით ხორციელდება გამოყოფილი საგარეო საკრედიტო რესურსის ათვისება და შესაბამისად, პროექტების განხორციელება, რის შედეგადაც სესხის აუთვისებელ ნაწილზე ბიუჯეტიდან გაწეულია სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები, ვალდებულების გადასახადის სახით. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ არ ხდება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ვალდებულებების სახელმწიფოს ვალის პორტფელში აღრიცხვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ხელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ვალდებულების დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.