სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 09 სექტემბერი, 2016
მოხსენება “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე
  • მობილიზებასთან დაკავშირებული პრობლემებით ხასიათდება დივიდენდის სახით მისაღები შემოსავლები  2015 წლის ნოემბერში ბიუჯეტის კანონში განხორციელებული მეორე ცვლილებით, დივიდენდების გეგმური მაჩვენებელი 90%-ით შემცირდა და 0.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ფაქტიურად, დივიდენდების სახით მობილიზებული შემოსავლების ოდენობამ 416 ათასი ლარი და წლიური დაკორექტირებული გეგმის 83%, ხოლო თავდაპირველი გეგმის 8.3% შეადგინა. ამასთან, 2015 წლის 14 დეკემბერს გაიმართა „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის“ (შემდგომში კომისია) სხდომა, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა კომისიის წევრების მიერ სხდომის ოქმზე ხელმოწერის პროცედურა, რაც აფერხებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხარვეზებით ხასიათდება 2013 წელს აღნიშნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულება;
  • საბიუჯეტო წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრი ზრდის ტენდენცია - 2015 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების ჯამური მოცულობა 2015 წლის 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 157.5%-ს შეადგენს. აღნიშნული ერთი მხრივ განპირობებულია, საბიუჯეტო წლის ბოლოს ავანსების სახით ისეთი ღონისძიებების დაფინანსებით ან საქონლის/მომსახურების შესყიდვით (ზოგჯერ შესყიდვების გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად), რომელთა გადახდის აუცილებლობა საჯარო უწყების წინაშე იმ მომენტისათვის არ იდგა. წლის ბოლოსათვის აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა კი, როგორც გასული წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს და ამასთანავე, უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე;
  • „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას - აღნიშნული მუხლი არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ხდება არამხოლოდ „შრომის ანაზღაურების“, არამედ „სუბსიდიებისა“ და „სხვა ხარჯების“ მუხლებიდანაც, საიდანაც 2015 წლის განმავლობაში ამ მიმართულების ათვისებულმა თანხამ 46,205 ათასი ლარი შეადგინა;
  • 2015 წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით, „პრემიის“ მუხლით გაცემული სახსრების შემცირების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა „დანამატის“ მუხლით გაცემული სახსრების მოცულობა– საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება №449 „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 ივლისიდან და რომელმაც შეზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის ოდენობა და პერიოდულობა. თუმცა აღნიშნულის პარალელურად გაიზარდა „დანამატის“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა და საერთო ჯამში მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამურად „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და  4.9%-ით (14,133 ათასი ლარით) აჭარბებს 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
  • მხარჯავი დაწესებულებებისათვის ახალი ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმების წარმოდგენის კონკრეტული ვადა დღემდე განსაზღვრული არ არის, რაც ოპტიმიზაციის პროცესის გაჭიანურების ძირითადი მიზეზი ხდება - აღნიშნულის შედეგად, სამინისტროების დიდი ნაწილისათვის ოპტიმიზაციის გეგმების დამტკიცება და მთავრობის N121 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ძალაში შესვლა არ მომხდარა;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება – ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს: წლის განმავლობაში საჯარო უწყებების სახელმწიფო შესყიდვების დამტკიცებულ გეგმებში განხორციელებული ხშირი და მასშტაბური ცვლილებები; შეწყვეტილი და არშემდგარი ტენდერების დიდი ოდენობა; ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ისეთ საქონელზე, რომლის შესყიდვის საჭიროება უწყების წინაშე არ იდგა; შესყიდვის პროცესში საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციაში არსებული ხარვეზები და სხვა;
  • ადგილი აქვს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სისტემატური/ყოველწლიური ხასიათის ღონისძიებების დაფინანსებას - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, თუმცა, ხშირ შემთხვევებში ფონდის სახსრები მიიმართება სისტემატური/ყოველწლიური ხასიათის მქონე ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გათვალისწინება;
  • კაპიტალური პროექტების დანართში მოცემული ინფორმაცია არ იძლევა სრულ სურათს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების შესახებ - კერძოდ, დანართში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი როგორც რიგი სამინიტროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების, ასევე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ განხორციელებული კაპიტალური ხასიათის პროექტები. დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულესთან და სიზუსტესთან დაკავშირებული ხარვეზები გამოწვეულია პროექტების კაპიტალურად არასწორი კლასიფიცირებითა და კაპიტალური პროექტების განმარტებასთან დაკავშირებული ხარვეზებით, რაც თავის მხრივ, იწვევს საჯარო დაწესებულებების მხრიდან პროექტების კლასიფიცირების არაერთგვაროვანი მიდგომის არსებობას;
  • საგარეო ვალდებულებებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში შეფერხებებით ხორციელდება გამოყოფილი საგარეო საკრედიტო რესურსის ათვისება და შესაბამისად, პროექტების განხორციელება, რის შედეგადაც სესხის აუთვისებელ ნაწილზე ბიუჯეტიდან გაწეულია სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები, ვალდებულების გადასახადის სახით. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ არ ხდება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ვალდებულებების სახელმწიფოს ვალის პორტფელში აღრიცხვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ხელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ვალდებულების დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
  • პროგრამული ბიუჯეტირების მიმართულებით იდენტიფიცირებული ხარვეზებია - 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროგრამული დანართით წარმოდგენილი ქვეპროგრამის ინდიკატორების 65%-ს მიზნობრივი მაჩვენებელი არ გააჩნია; პროგრამის ფარგლებში არ ხდება ყველა მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა; განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენა, რიგ შემთხვევებში ხდება აგრეგირებულად, პროგრამების დონეზე და არ ითვალისწინებს მათ შემდგომ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად; შესრულების შესახებ ანგარიშგება სრულად არ მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტის კანონზე თანდართული პროგრამული დანართით განსაზღვრული ყველა პროგრამის შესახებ; გარკვეულ შემთხვევებში არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება წინასწარ განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორებთან მიმართებაში; რიგი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების შეფასებას და ა.შ.