სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 16 ოქტომბერი, 2014
მოხსენება საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

აღსანიშნავია რომ, 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონსა და  შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერაში ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არაერთგზის აღინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა ანგარიშებში. შესაბამისად, დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის გათვალისწინება. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან დაკავშირებით, მოხსენებაში მითითებულია, რომ მიმდინარე და გასული წლების შესრულების მიმდინარეობის ტენდენციის გათვალისწინებითა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოგების გადასახადის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმური მაჩვენებლის მიღწევა შესაძლოა გართულდეს. მოხსენებაში, ასევე ხაზგასმულია დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაგეგმვასა და მობილიზებასთან დაკავშირებული ხარვეზები. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა ანგარიშებშიც აღინიშნა, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებას, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოვლინდა ხარვეზები როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების კუთხით. კერძოდ, ცალკეული ქვეპროგრამების ფარგლებში ადგილი აქვს გამოყოფილი ასიგნებების აუთვისებლობას და შემდგომში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მათ გადანაწილებას სხვადასხვა ქვეპროგრამებზე. გარდა ამისა, ბიუჯეტის მიმდინარეობის ანალიზით ვლინდება დაბალი ათვისების ტენდენცია მთელ რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ჯამურად, ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 8 თვის მდგომარეობით ათვისება 9 თვის დაზუსტებული გეგმის 50%-ზე ნაკლებს შეადგენს პროგრამების 14%-ისა და ქვეპროგრამების 23%-ისათვის (საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გამორიცხვით). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისების ტენდენციები შესაძლოა გასული წლების მსგავსად მიანიშნებდეს ფისკალური წლის დასასრულს გადასახდელების მკვეთრი ზრდის ალბათობაზე, რაც თავის მხრივ, ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად განკარგვის რისკს. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხზე დამატებით გამახვილდეს ყურადღება.

ასევე მოხსენებაში გამახვილებულია ყურადღება შრომის ანაზღაურების მუხლით განსაზღვრული ასიგნებების ზრდის ტენდენციაზე, რაც  ძირითადად განპირობებულია დანამატისა და თანამდებობრივი სარგოს მუხლების ზრდით. დაფიქსირდა ივლის-აგვისტოს პერიოდში პრემიის მუხლით გაცემული შრომის ანაზღაურების შემცირების ტენდენცია და აღნიშნულის პარალელურად დანამატის მუხლით გაწეული ხარჯების ზრდა, რაც მიანიშნებს მხარჯავი დაწესებულებების მიერ  პრემიის დანამატით ჩანაცვლების ფაქტზე. რაც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სარეზერვო ფონდების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობასა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის განსაზღვრული ასიგნებების მართვის საკითხებზე.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მოხსენებაში განხილულია საგარეო წყაროებიდან მოზიდული ფინანსური სახსრების ათვისების საკითხი. კერძოდ, აღნიშნულ კომპონენტში ათვისებულია წლიური გეგმის მხოლოდ 24%. ასევე, ანგარიშში განხილულია განუხორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში სესხის აუთვისებელ ნაწილზე პროცენტის გადახდის საკითხი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აუცილებელია გაუმჯობესდეს კოორდინაციისა და დაგეგმვის პროცესი საინვესტიციო სესხების ფარგლებში თანხების ათვისებასა და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რათა მინუმუმამდე იქნეს დაყვანილი აუთვისებელ საკრედიტო რესურსზე გადახდილი თანხები.