სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 16 ოქტომბერი, 2013
მოხსენება საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

აგრეგატულ დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშებში ასახული გეგმური მაჩვენებლები წარმოადგენს კვარტლის დასასრულს კორექტირებულ გეგმას. შედეგად, აღნიშნულ მაჩვენებლებთან მიმართებაში საბიუჯეტო აგრეგატების შესრულების მდგომარეობის განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა, რაზეც უკვე აღნიშნულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენაბაში 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან დაკავშირებით, მოხსენებაში მითითებულია, რომ მიმდინარე და გასული წლების შესრულების მიმდინარეობასა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გადასახადების ცალკეული ტიპებისათვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმური მაჩვენებლების მიღწევა შესაძლოა გართულდეს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებას, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე ბიუჯეტის მიმდინარეობის ანალიზით ვლინდება დაბალი ათვისების ტენდენცია მთელ რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ჯამურად, ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 8 თვის მდგომარეობით ათვისება 9 თვის დაზუსტებული გეგმის 50%-ზე ნაკლებს შეადგენს პროგრამების 27%-ისათვის(საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების გამორიცხვით). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხორციელდება ცვლილებები დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამოვლენილი ტენდენციები შესაძლოა მიანიშნებდეს, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წლის დასასრულს გადასახდელების ზრდის ალბათობაზე. რაც თავის მხრივ, ზრდის რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკს. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხზე დამატებით გამახვილდეს ყურადღება.

სახელმწიფო ვალთან მიმართებაში მოხსენებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლის(ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) აღრიცხვის სპეციფიკა, და მითითებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საბიუჯეტო სახსრების მოძრაობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ვალდებულებების/ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული სახსრები სრულად აისახოს ვალდებულებების ზრდის, ხოლო ძირითადი თანხის დაფარვა - ვალდებულებების კლების მუხლით. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოხსენებაში ასევე აღნიშნულია მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იმ ცალკეული საკითხების, დარეგულირების მიმართულებით კერძოდ, რომლებზეც 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში იქნა აღნიშნული, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვის, ისე სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდების მუხლით მიღებული შემოსავლების ეფექტიანად დაგეგმვისა და შესრულების, ასევე სახელმწიფო ვალის მართვის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით.