სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 16 ოქტომბერი, 2012
მოხსენება საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, 2012 წლის რვა თვის მდგომარეობით წლიურ გეგმასთან მიმართებაში ბიუჯეტის შემოსულობების აგრეგატული მაჩვენებლები შეესაბამება გასული წლების ტენდენციებს. თუმცა ადგილი აქვს შემოსულობების ცალკეული კომპონენტების არაპროპორციულ შესრულებას, რაც მიუთითებს დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე. გარდა აღნიშნულისა, 2009-2011 წლებში შემოსავლების მობილიზების ტენდენციების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აუცილებელია წლის დასასრულამდე დამატებითი ყურადღება მიექცეს იმპორტისა და სხვა გადასახადების მუხლით შემოსავლების მობილიზების პროცესს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 2012 წლისათვის საპროგნოზო პარამეტრების მიღწევა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 2012 წლის 8 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯების სტრუქტურა ძირითადად შეესაბამება ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული წლიური ხარჯების სტრუქტურას. 2011 წლის მონაცემებთან შედარებამ გამოკვეთა ტენდენცია, რომ 2012 წელს ბიუჯეტის სოციალური ტიპის დანახარჯებმა უფრო მეტად მოიმატა, სხვა ტიპის დანახარჯებთან შედარებით. ეს ფაქტი ერთის მხრივ განპირობებული უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტების ცვლილებით, რაც ასახულია ქვეყნის 2013-2016 წლების ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების დოკუმენტში. თუმცა ბიუჯეტის გამჭვირვალეობის კუთხით უარყოფით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს სხვა ხარჯების მუხლის მკვეთრი ზრდა, რომელიც დანარჩენ მუხლებთან შედარებით ყველაზე დიდი პროცენტული ზრდით ხასიათდება და რომელმაც 2012 წლის 8 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების დაზუსტებული გეგმის 15% შეადგინა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების შესრულება წლიურ გეგმასთან მიმართებაში მეტნაკლები პროპორციულობით ხასიათდება, თუმცა შესრულებასთან დაკავშირებით ვლინდება გარკვეული ხარვეზები. მაგალითად, ბუნდოვანია რა მიზანს ემსახურება თვითმმართველი ერთეულებიდან თანხის მოთხოვნა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შესავსებად და შემდგომში ამავე თანხის თვითმმართველობებისათვის უკან დაბრუნება. სახსრების მსგავსი ტიპის ბრუნვა ართულებს ფონდის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების მოძრაობის მონიტორინგს და შესაბამისად, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლება.

მოხსენებაში ყურადღებაა გამახვილებული დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე. კერძოდ, გარკვეული პროგრამების ფარგლებში ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება უწყებების მიერ შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი ასიგნებების მოცულობას, დამატებითი სახსრების განკარგვის უფლება კი მთავრობას აქვს მინიჭებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, კონკრეტული მიზნობრიობის გარეშე უწყებისათვისასიგნებების დამტკიცება ამცირებს მხარჯავი უწყების მიერ ბიუჯეტის დაგეგმვის გაუმჯობესების სტიმულებს და ზრდის აღნიშნული საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკს, ამდენად აღნიშნული პრაქტიკა მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლება. დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს ასევე საბიუჯეტო უწყებებისათვის დამატებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა და მიზნობრიობა, რომელთა დიდი ნაწილი სრულყოფილად დასაბუთებული არ არის. ცალკეულ მხარჯავ უწყებებს დამატებითი ასიგნებები გამოეყოთ ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც, ნაკლებ სავარაუდოა, წარმოადგენდეს გაუთვალისწინებელ ხარჯს და შესაბამისად, საბიუჯეტო კანონის ცვლილების საფუძველს. ამდენად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, შესაძლებელია, გონივრული დაგეგმვის პირობებში, მსგავსი მიზეზების გამო ბიუჯეტის კანონის ცვლილების თავიდან აცილება.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, მოხსენებაში მოცემულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის დინამიკის მოკლე მიმოხილვა. ასევე სახელმწიფო ვალის მიმოხილვა მშპ-სთან მიმართებაში და ნომინალურ გამოსახულებაში, ასევე ვალდებულებების ზრდისა და დაფარვის მოკლე ანალიზი მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში.