სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 29 აპრილი, 2013
მოხსენება საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გადასახდელების დაგეგმვა/შესრულებასთან ერთად, ყურადღება ეთმობა გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზების ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, მოხსენებაში ხაზგასმულია შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • აგრეგატულ დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები - აღნიშნული ვლინდება, როგორც 2012 წლისათვის ძირითადი მაკროეკონომიკური აგრეგატების გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის დაფიქსირებული სხვაობების, ისე PI-1, PI-2, PI-3 ინდიკატორების (საჯარო ფინანსების მარგი ქმედების ანალიზის სისტემა(PEFA)) ანალიზით.
  • საგადასახადო შემოსავლების წლიური შესრულების ტენდენციები - როგორც აგრეგატულ დონეზე, ისე გადასახადის ცალკეული ტიპების მიხედვით, შემოსავლის ზრდის ტემპი 2011-2012 წლებისათვის არსებითად ჩამორჩა 2010-2011 წლებში დაფიქსირებულ ზრდის ტემპს.
  • წლის განმავლობაში გადასახდელების არათანაბარზომიერი ხარჯვა- სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების შესრულებისას ფისკალური წლის ბოლოს არსებითი მატება ზრდის რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლის დაგეგმვასა და მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები, მათ შორის დივიდენდების გეგმის არსებითი ცვლილებები, ფაქტობრივი შესრულების მნიშვნელოვანი გადახრები გეგმური მაჩვენებლებისაგან და ამ მიმართულებით მართვის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
  • მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გადასახდელების დაგეგმვა/ შესრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები, მათ შორის: სოციალური ტიპის პროგრამების დაფინანსების მართვასთან და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო სახსრების განკარგვის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული პრობლემები; წლის განმავლობაში მხარჯავი უწყებების პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილების მასშტაბურობა და აღნიშნული ცვლილებების სიხშირე; ასევე სახელმწიფო შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები.
  • საერთო სახელმწიფოებრივი გადასახდელების შესრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნაკლოვანებები, კერძოდ: გაურკვეველი დანიშნულებით სახსრების ბრუნვა რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდსა და ადგილობრივ თვითთმართველობებს შორის; მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრების მიზნობრიობა, ასევე გამოყოფილი სახსრების მოცულობა.

მნიშვნელოვანია, რომ მოხსენებაში ყურადღებაა გამახვილებული საჯარო ფინანსების მართვის ისეთი კომპონენტების გაუმჯობესებაზე, როგორებიცაა: სახელმწიფო ფინანსური აქტივების მართვა, ლიკვიდობის მართვა, მათ შორის სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შიდა კონტროლის მექანიზმები, სახელმწიფო საგარეო ვალის მართვა, სახელმწიფოს ფინანსური ოპერაციებისა და მიღებული შედეგების შესახებ ანგარიშგება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი პირველად მომზადდა პროგრამული ფორმატით. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმულია შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • სახელმწიფო ფინანსური აქტივების მართვასთან დაკავშირებით გამოვლენილი გარემოებები, მათ შორის: ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით (ნაშთის გამორიცხვით) გადასახდელების ფაქტობრივი მაჩვენებლის არსებითი გადახრები თავდაპირველი გეგმური მაჩვენებლებისაგან; სახელმწიფო შიდა საბიუჯეტო რესურსებიდან სესხების გაცემისას გადამხდელის კრედიტუნარიანობის შეფასებასთან/ასევე მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამოვლინდა ბოლო წლებში სახელმწიფო სესხების დინამიკის ანალიზისას. საყურადღებოა სახელმწიფოს კუთვნილი აქციების/წილის პრივატიზებიდან შემოსულობების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აღნიშნული მუხლით შემოსულობა, ნაცვლად სახელმწიფოს ფინანსური აქტივების კლების მუხლისა (აქციები და კაპიტალი), აისახება „შემოსულობა სხვა არამატერიალური ძირითადი აქტივების გაყიდვიდან“ (არაფინანსური აქტივების კლება), რაც არ შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და GFS 2001 კლასიფიკაციას.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლის (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) აღრიცხვის სპეციფიკა- სახელმწიფო ბიუჯეტის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების ემისიით მიღებულ არა მთლიან შემოსულობებს, არამედ წმინდა შემოსულობებს წინა წლებში გამოშვებული ვალდებულებების/ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვის გამოკლებით; ასევე ხარვეზები ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშებში სახაზინო ობლიგაციების ნომინალზე ზევით მიღებული შემოსულობის (პრემიის) აღრიცხვასთან და სახაზინო ვალდებულებების/ ობლიგაციების ემისიის შედეგად დაგროვილი ვალის მოცულობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით.
  • საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსულობების აღიარების სპეციფიკა- საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საგარეო წყაროებიდან მიღებული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება არა მისი სავალუტო ანგარიშზე ჩამორიცხვის თარიღით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხდება მისი კონვერტაცია ხაზინის ერთიანი ანგარიშის სალარე ანგარიშზე, რაც იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების არასრულყოფილი სურათის წარმოდგენას.
  • მხარჯავ დაწესებულებებში აღრიცხვა/ანგარიშგებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის: მხარჯავი დაწესებულების ნაერთი ბალანსის ფორმირებისას დაწესებულების სისტემაში შემავალი დაწესებულებების ფინანსური ოპერაციების ასახვისას არსებული უზუსტობები; ხარვეზები მხარჯავი დაწესებულებების საკუთრებაში არსებული არაფინანსური აქტივების, ასევე დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვასთან დაკავშირებით;
  • პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით პროგრამების/ქვეპროგრამების შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესრულების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნაკლოვანებები, რის შედეგადაც წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა შესაბამისი პროგრამების ფარგლებში გახარჯული საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობის შეფასების საშუალებას.