სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 02 ივნისი, 2023
მოხსენება საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილია შემდეგი სისტემური ხასიათის საკითხები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად:

  • ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას მაკროეკონომიკური და ფისკალური რისკების მატერიალიზაციისა და მათ საპასუხოდ განხორციელებული პოლიტიკის პასუხების შესახებ;
  • ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს სახელმწიფო საწარმოები წარმოადგენს, რაც ძირითადად დაკავშირებულია მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან. საწარმოთა ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე;
  • ფისკალური რისკების მნიშვნელოვან წყაროდ რჩება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავები, რომელთა ფარგლებშიც 2022 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა 2.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა;
  • 2022 წელს გაუმჯობესდა ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის წესის მაჩვენებლები. ორივე პარამეტრი კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტების ფარგლებში დაბრუნდა. კერძოდ:
    • ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 2.1% (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა (ლიმიტი - 3.0%);
    • ვალის წესის მაჩვენებელი 40.3%-ს გაუტოლდა (ლიმიტი - 60.0%). აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა (შემცირდა), რაც ეროვნული ვალუტის გამყარებამ, ნომინალური მშპ-ს ზრდამ და ასაღები ვალის მოცულობის შემცირებამ განაპირობა;
  • 2022 წელს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, მთავრობის ვალის და შესაბამისად, ვალის წესის მაჩვენებლის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ვალის წესის მაჩვენებელი არ მოიცავს აღნიშნული საწარმოების ვალს;
  • სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის მიზნით საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, არ დარეგულირებულა საწარმოების მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები, რაც მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს;
  • გასული წლების მსგავსად, 2022 წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ დეკემბერში დახარჯული თანხის ოდენობამ 3.2 მლრდ ლარი და მთლიანი გადასახდელების 16.0% შეადგინა;
  • აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი 8 სამინისტროს შემთხვევაში, 2022 წელს განხორციელებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ჯამურმა მოცულობამ (პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის) 1.6 მლრდ ლარი შეადგინა. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 148 პროგრამიდან  ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდა 106-ში;
  • ბიუჯეტის გადასახდელების აგრეგირებულ დონეზე შესრულების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, 19 პროგრამისა (პროგრამების საერთო რაოდენობის 12.6%) და 85 ქვეპროგრამის შემთხვევაში (ქვეპროგრამების საერთო რაოდენობის 22.0%) ათვისებული იქნა ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 80%-ზე ნაკლები;
  • 2022 წლის კაპიტალურმა ხარჯებმა 6.4 მლრდ ლარი და მშპ-ს 8.9% შეადგინა. საშუალოვადიან პერიოდში (2023-2026 წლებში) აღნიშნული მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება და 8.0%-იან სამიზნე ნიშნულის ჩამოსცდება;
  • 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებებისას, კაპიტალური პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს შეეცვალა დაფინანსება. მიუხედავად ამისა, შესაბამისად არ დაკორექტირებულა „კაპიტალური პროექტების დანართი“. ასევე, კაპიტალური პროექტის შესრულების მონიტორინგის კუთხით, მნიშვნელოვანია, პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშებთან ერთად წარმოდგენა;
  • საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვაში იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს წარმოადგენს პროექტების გეგმების არსებითი ცვლილებები და დასრულების ვადის დროში გაჭიანურება. გარდა ამისა, პროექტების დაგეგმვის ეტაპზე არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს მათი განხორციელების პროცესზე, რაც ხშირ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის ან ფაქტობრივი ხარჯის გეგმაზე მნიშვნელოვან გადაჭარბებაში გამოიხატება;
  • საყურადღებოა, სსიპ/ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული გადახრების სიხშირე და მასშტაბი, რაც რიგ შემთხვევებში სისტემატურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უწყებების მხრიდან დამატებითი ყურადღების გამახვილება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, რეალისტური პროგნოზების განსაზღვრისათვის;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი ცენტრალური ბიუჯეტის 23 სსიპ/ა(ა)იპ-ის მიერ 2022 წლის ბოლოს კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით განთავსებულმა თანხებმა 603 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა 262 მლნ ლარია, ხოლო ვადიანი დეპოზიტების - 341 მლნ ლარი;
  • პროგრამული ბიუჯეტის მომზადებისა და ანგარიშგების პროცესში შეინიშნება სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. სამინისტროების შედეგების შეფასების ინდიკატორების 21.8%-ში გამოვლინდა ხარვეზები. ასევე, 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტით სამინისტროებისათვის განსაზღვრული ინდიკატორების მიზნობრივ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის 10%-ზე მეტი განსხვავება დაფიქსირდა ინდიკატორების 40%-ში;
  • პროგრამული ბიუჯეტირების შემდგომი განვითარებისთვის, მიზანშეწონილია, შემუშავდეს ფორმალური სამოქმედო გეგმა, სადაც განისაზღვრება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით;
  • 2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მოცულობა 28.5 მლრდ ლარს გაუტოლდა და მშპ-ს 39.8% შეადგინა. მათ შორის, მთავრობის საგარეო ვალი 21.4 მლრდ ლარია, ხოლო საშინაო ვალი - 7.1 მლრდ ლარი;
  • 2022 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მთავრობის ვალის ნაშთის 75%-ს საგარეო ვალი წარმოადგენს. შესაბამისად, არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, მთავრობის ვალი განსაკუთრებით მოწყვლადია ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ;
  • 2022 წლის ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მთავრობის ვალის მართვის განახლებული სტრატეგია 2023-2026 წლებისთვის. სტრატეგიაში წარმოდგენილი მიმართულებების საბიუჯეტო პროცესში უკეთ ინტეგრირებისთვის, მიზანშეწონილია, მისი განახლება განხორციელდეს შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე;
  • მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ხარისხობრივი გაუმჯობესებისთვის, მიზანშეწონილია, დოკუმენტში წარმოდგენილი მიმართულებები და მიზნობრივი ნიშნულები თანხვედრაში იყოს დოკუმენტის არეალსა და მიზნებთან; ასევე, სტრატეგია მოიცავდეს ვალის მომსახურების ხარჯების შეფასების ინდიკატორ(ებ)ს და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების პოტენციური გავლენის შეფასებას ამ ინდიკატორ(ებ)ზე;
  • მთავრობის ვალთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ-ფაქტორების სრულფასოვანი ანალიზის მიზნით, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“ მოამზადოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
  • 2022 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის მოცულობა 2.8 მლრდ ლარს შეადგენს. პორტფელში აღირიცხება 70 სესხი, საიდანაც 19 რესტრუქტურირებულია;
  • საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურირებისა და მომსახურების გადავადების პროცესთან დაკავშირებული ფორმალურად გაწერილი პოლიტიკა/პროცედურა არ არსებობს, რაც გარკვეულ შემთხვევებში წარმოშობს არაერთგვაროვან და ნაკლებად გამჭვირვალე მიდგომებს;
  • რაც შეეხება შიდა საბიუჯეტო რესურსებიდან გაცემულ სესხებს, რომელთა გაცემა ხორციელდებოდა 2016 წლამდე, 171 სესხიდან ვადაგადაცილებაშია 88, რომლებზეც დარიცხული დავალიანების (ჯამში 381.1 მლნ ლარი) 56.4% პირგასამტეხლოა, 36.9% - სესხის ძირი თანხა, ხოლო 6.7% პროცენტის ხარჯი. საბიუჯეტო სესხების არსებული პორტფელი ხასიათდება ხარვეზებით, რაც ძირითადად დაკავშირებულია სესხის გამცემი უწყებების მიერ რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი უწყების მიმართ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევასთან.