სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 16 ოქტომბერი, 2013
დასკვნა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი შემოსულობებისა და გადასახდელების მაჩვენებლები აგრეგატულ დონეზე საფუძვლიანად და კანონიერად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დამატებითი ყურადღება გამახვილდეს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ მაკროეკონომიკურ დაშვებებზე, რათა აღნიშნული მაჩვენებლები ასახავდეს რეალისტურ სურათს, როგორც მიმდინარე წლისათვის ისე 2014 წლისა და საშუალოვადიანი პერიოდისათვის. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რეალისტური ფისკალური გეგმის ჩამოყალიბებასა და დასაგეგმი წლის საბიუჯეტო აგრეგატების საფუძვლიანობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გასული სამი წლის 8 თვის შესრულების წილობრივ მაჩვენებლებსა და მიმდინარე წლის 8 თვის ტენდენციებზე (ექსტრაპოლაციის მეთოდზე) დაყრდნობით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დაშვებების გათვალისწინებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცალკეული გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს.

რაც შეეხება გადასახდელების დაგეგმვას, მიმდინარე წელს მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოვლენილი დაბალი ათვისების ტენდენციების გათვალისწინებით, 2014 წლის კანონპროექტით განსაზღვრული მაჩვენებლების განხილვისას, მიზანშეწონილია, მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციების გათვალისწინება. კერძოდ, ცალკეული ქვეპროგრამებისათვის, რომლებიც მიმდინარე წელს დაბალი ათვისების ტენდენციით ხასიათდება, კანონპროექტით გათვალისწინებული გეგმური მაჩვენებელი მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით იზრდება ან იმავე დონეზეა შენარჩუნებული. ცალკეულ შემთხვევებში, სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის გეგმას შორის შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთავრობის პრიორიტეტებთან ან სტრუქტურულ ცვლილებებსა და დისკრეციულ გადაწყვეტილებებთან. თუმცა, მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციების გათვალისწინებით, გადასახდელების დაგეგმვა 2014 წლისათვის მიზანშეწონილია დაეყრდნოს დასაგეგმი წლის შემოსულობების კონსერვატულ ხედვას, რათა თავიდან იქნას აცილებული წლის განმავლობაში კვარტალური კორექტირებები და უზრუნველყოფილ იქნას ათვისების შესაბამისობა განსაზღვრულ გეგმასთან. გარდა ამისა, ცალკეულ პროგრამებში გასული წლების მსგავსად ვლინდება დაგეგმვაში არსებული ხარვეზები, მაგალითად, ცალკეული პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად იგეგმება შემადგენელი უწყებების ასიგნებები ან ასიგნებების ზრდა არ ემყარება სათანადო გაანგარიშებებს, რაზეც უფრო დეტალურად დასკვნაშია აღნიშნული.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საოპერაციო სალდოს, ისე მთლიანი სალდოს შემცირება, როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ისე მშპ-სთან მიმართებაში, რაც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული ფისკალური ლიმიტების გათვალისწინებით, სასურველ ტენდენციად ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტის ანალიზისას საყურადღებოა განსხვავებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის საჯარო ფინანსების სტატისტიკის 1986 წლისა და 2001 წლის სტანდარტებით გაანგარიშებისას. საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობისა და კანონპროექტით გათვალისწინებული პარამეტრების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულ ფისკალურ ლიმიტებთან შესაბამისობის შესაფასებლად, აუცილებელია ორივე კლასიფიკაციით გაანგარიშებული ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლების დინამიკის ანალიზი. მიზანშეწონილია, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაციის გადმოცემა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული კლასიფიკაციით გაანგარიშებისას შესაძლებელია განსხვავებული სურათი იქნას წარმოდგენილი.

ამასთან, საჯარო სექტორის ფინანსურიმართვის სისტეაში მიმდინარე რეფორმების - შედეგზე ორიენტირებული (პროგრამული) ბიუჯეტირების დანერგვის პროცესის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია 2014 წლის ბიუჯეტის პროგრამული დანართის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები არსებული მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.