სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მიზნად ისახავს კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (პირველი წარდგენა) მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები:
- ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართულ „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკებისა“ ანალიზის დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია დამატებით დასაბუთებას საჭიროებს – დოკუმენტში წარმოდგენილი თითოეული პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორის ზეგავლენა ატარებს ზოგად, თეორიულ ხასიათს და არ არის გამყარებული შესაბამისი რაოდენობრივი მახასიათებლებით, რაც უარყოფითად აისახება განხილული სცენარის რეალისტურობასა და დოკუმენტის სანდოობის ხარისხზე;
- ფისკალური მდგრადობისა და საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ 2015 წელს გამოიცა N422 განკარგულება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტებში გადასახდელების არანაკლებ 20% გათვალისწინებული უნდა იქნეს საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, რამდენადაც განსაზღვრული არ არის თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტად, და ამასთანავე, წარმოდგენილი კანონპროექტი არ აკონკრეტებს აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი გადასახდელების მოცულობას, გაურკვეველია აკმაყოფილებს თუ არა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი ზემოხსენებულ მოთხოვნას;
- ზოგიერთი საგადასახადო შემოსავლის გეგმური მაჩვენებელი დამატებით დასაბუთებას საჭიროებს – წარმოდგენილი კანონპროექტით დაახლოებით 17%-ით იზრდება საშემოსავლო გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი. აღნიშნულ კომპონენტში მსგავსი მოცულობით ზრდას ადგილი არ ჰქონია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც და შესაბამისად საჭიროებს დამატებით ახსნა-განმარტებებს. ამასთანავე, დაახლოებით 15%-ით იზრდება იმპორტის გადასახადით მიღებული შემოსავლების მოცულობა, მაშინ როდესაც თვითონ იმპორტის მოცულობის ზრდის ტემპი მხოლოდ 8%-ის დონეზეა პროგნოზირებული;
- წარმოდგენილი კანონის პროექტით, ზოგიერთ პროგრამას/ქვეპროგრამას ასიგნებები ეზრდებათ, მიუხედავად მიმდინარე წლის ათვისების დაბალი მაჩვენებლებისა – საყურადღებოა, რომ ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 8 თვის განმავლობაში ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებულია ასიგნებების მოცულობის ზრდა ან იმავე დონეზე შენარჩუნება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მომავალი წლის საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვის პროცესში არ ხდება უწყებაში ფაქტიურად შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გასული და მიმდინარე წლების მაჩვენებლების გათვალისწინება და გეგმური საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა;
- ხარვეზები შეინიშნება როგორც ბიუჯეტის კანონის პროექტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში, ისე „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის“ მიმართულებით – მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებით, მიმდინარე წელს სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნა დეტალური საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებსა და პროგრამულ დანართში პროგრამების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში ჯერ კიდევ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის პროგრამებისა და მათი განმახორციელებლების ეფექტიანობის შეფასებას;
- სახელმწიფო ვალის კუთხით, საყურადღებოა, რომ მისი მიმართება დადგენილ ლიმიტებთან – სახელმწიფო ვალის 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, მშპ-თან მიმართებაში, 42.1%-ს შეადგენს და კვლავ აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით მოცემული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება არ ითვალისწინებს იმ სტრატეგიული მიზნების შესრულებას, რომელიც დასახულია კაპიტალის ბაზრის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ „საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტში.