სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 02 ოქტომბერი, 2023
დასკვნა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონი ეკონომიკის 5.0%-იანი ზრდის პროგნოზით დაიგეგმა. წლის განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით პროგნოზი 6.5%-მდე იზრდება. მშპ-ს დეფლატორის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.1%-მდე მცირდება, რის შედეგადაც 897 მლნ ლარით მცირდება ნომინალური მშპ-ს პროგნოზი და 78.8 მლრდ ლარს უტოლდება. საშუალოწლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.6%-მდე მცირდება. შედეგად, ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-იან ნიშნულს მიმდინარე წელს დაუბრუნდება.
საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის კანონპროექტს არ ახლავს „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ განახლებული დოკუმენტი და „2023-2026 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების“ პოზიტიური და ნეგატიური სცენარების ამსახველი დოკუმენტები.
წარმოდგენილი კანონპროექტით ორივე ფისკალური წესი კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტების ფარგლებშია. თუმცა საყურადღებოა, რომ ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი 3.0%-იანი ლიმიტის ნიშნულზეა განსაზღვრული 2.98%-ის დონეზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ამ კუთხით დამატებითი ყურადღების გამახვილება, რათა პარამეტრის ფაქტობრივი მაჩვენებელი არ გადასცდეს ლიმიტს.
ეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდების მაჩვენებლები. 257 მლნ ლარით მატულობს შემოსულობები და 22.1 მლრდ ლარს უტოლდება, რაც ძირითადად საგადასახადო და სხვა შემოსავლების კონპონენტების ზრდითაა განპირობებული, შესაბამისად, 420 მლნ და 200 მლნ ლარით. პროცენტიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 20.5 მლნ ლარით და 265.5 მლნ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 8 თვის მდგომარეობით ამ მუხლში მობილიზებულია 220.5 მლნ ლარი, რაც განახლებული გეგმის 83.1%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 431 მლნ ლარით იზრდება და 22.3 მლრდ ლარს უტოლდება, რაც ძირითადად განპირობებულია „ხარჯების“ მუხლის 565 მლნ ლარით მატებით. 54 მხარჯავი დაწესებულებიდან დაფინანსება ეზრდება 12-ს, მათ შორის, 9 სამინისტროს. სამინისტროებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხის ჯამური ოდენობა 424.5 მლნ ლარია. მხარჯავი დაწესებულებებისთვის განსაზღვრული 128 პროგრამიდან დაფინანსება ეცვლება 18-ს. მათ შორის, 16 პროგრამის შემთხვევაში ასიგნებები მატულობს, ჯამურად 458.8 მლნ ლარით, ხოლო 2 პროგრამის ასიგნებები მცირდება 13.0 მლნ ლარით.
ბიუჯეტის გადასახდელებთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:
•    პროგრამების დაფინანსების ცვლილების არსებითი ხასიათის მიუხედავად, არ განახლებულა პროგრამული ბიუჯეტის დანართი. შესაბამისად ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა გავლენა ექნება დაფინანსების ცვლილებას შესაბამისი პროგრამების და მათ ფარგლებში განსაზღვრული ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების სამიზნე მაჩვენებლებზე;
•    კაპიტალური პროექტების ნაწილს მნიშვნელოვნად ეცვლება დაფინანსება. მიუხედავად ამისა, კანონპროექტს არ ახლავს განახლებული კაპიტალური პროექტების დანართი;
•    კანონპროექტთან ერთად არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც ართულებს ცვლილებების გავლენის შეფასებას აღნიშნულ ორგანიზაციებზე.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 262 მლნ ლარით მცირდება და 31.3 მლრდ ლარს უტოლდება, რაც გამოწვეულია ერთი მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებით, ხოლო მეორე მხრივ საგარეო სესხების მოცულობის წმინდა ზრდის კლებით. კანონპროექტით წარმოდგენილი მთავრობის წმინდა ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 35.4%-ია და მცირედით სცდება „ვალის მართვის სტრატეგიით“ 2023 წლისთვის განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს (35.1%).
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს სამ ახალ პროექტს დაფინანსებით 1.9 მლნ ლარი, ერთი პროექტის გადავადებას დაფინანსებით 30 მლნ ლარი, 6 პროექტის დაფინანსების ზრდას ჯამურად 68 მლნ ლარით და 18 პროექტის დაფინანსების შემცირებას ჯამურად 293 მლნ ლარით. აღნიშნული ცვლილების მასშტაბური ხასიათის მიუხედავად, კანონპროექტში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პროექტების შეჩერების/დაფინანსების ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია.