2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში უცვლელია რეალური მშპ-ს ზრდის (6.0%), სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა (4.5%) და მშპ-ს დეფლატორის საპროგნოზო მაჩვენებლები (4.5%). საყურადღებოა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები განსხვავებულია ინფლაციის შემთხვევაში. კერძოდ, IMF-ის, WB-ისა და EBRD-ის შეფასებები ამ კუთხით შედარებით პესიმისტურია (შესაბამისად, 5.4%, 6.0% და 5.4%) და აღემატება კანონპროექტით განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელს.
„მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი ეკონომიკური შოკების ანალიზი ძირითად შემთხვევაში არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისკების სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე. დოკუმენტს ასევე არ ახლავს ინფორმაცია სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ.
ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი მშპ-ს 4.2%-ს შეადგენს (2.75 მლრდ ლარი) და 1.2 პროცენტული პუნქტით აღემატება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილ 3.0%-იან ლიმიტს. საშუალოვადიანი პროგნოზით, დეფიციტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება და კანონმდებლობით დადგენილ ნიშნულს 2023 წელს უბრუნდება.
ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 2022 წლის ბოლოსთვის, ლარის გამყარების შედეგად, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 51.7%-ს გაუტოლდა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, რომლის გათვალისწინებითაც ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 52.2%-ს შეადგენს.
კანონპროექტზე თანდართულ „ვალის მდგრადობის ანალიზში“ გამოყენებული მოდელი არ ითვალისწინებს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, PPP პროექტებიდან მომდინარე ვალდებულებებსა და მოკლევადიანი ვალის კომპონენტს. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ვალის მდგრადობის ანალიზის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენოს განახლებული მეთოდოლოგია.
აღსანიშნავია, რომ პირობითი ვალდებულებები ქვეყნის ფისკალური რისკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის კანონმდებლობით პირობითი ვალდებულებების ცნება განმარტებული არ არის. მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე პირობითი ვალდებულებების განმარტება, მათი მოცულობის შეფასება და შესაბამის საბიუჯეტო დოკუმენტებში წარმოდგენა.
კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, წინა ვერსიასთან შედარებით, 336 მლნ ლარით (1.8%-ით) იზრდება შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი და 19.4 მლრდ ლარს უტოლდება. აქედან 332 მლნ ლარითაა (2.3%-ით) გაზრდილი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია საგადასახადო შემოსავლების კომპონენტის 132 მლნ ლარით (1.0%-ით), გრანტების - 150 მლნ ლარით (78.2%-ით) და სხვა შემოსავლების - 50 მლნ ლარით (6.7%-ით) ზრდით.
გადასახდელების მოცულობა კანონპროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332 მლნ ლარით იზრდება (1.8%-ით) და 19.2 მლრდ ლარს შეადგენს. ასიგნებები დაუკორექტირდა მხარჯავი დაწესებულებების ფარგლებში განსაზღვრული 136 პროგრამიდან 18 პროგრამას. მათ შორის, 14 პროგრამის დაფინანსება გაიზარდა ჯამურად 275 მლნ ლარით, ხოლო 4 პროგრამის დაფინანსება შემცირდა, ჯამურად 22 მლნ ლარის ოდენობით. უცვლელია პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება და 500 მლნ ლარს შეადგენს.
კანონპროექტის საბოლოო ვერსიას თან ახლავს „საინვესტიციო პროექტების მართვის დანერგვის რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების წინასწარი შერჩევის და შეფასების პილოტური ანალიზი“-ს დოკუმენტი. მნიშვნელოვანია, მომდევნო წლებში საინვესტიციო პროექტების შეფასება განხორციელდეს ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე და სასურველია, პროექტების შერჩევასა და შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია თან ერთვოდეს კანონპროექტის პირველივე წარდგენას.
სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2022 წლის ბოლოს კანონპროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 891 მლნ ლარით შემცირდა და 34.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (31.3 მლრდ ლარი) 3.2 მლრდ ლარით აღემატება.
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და გამოაქვეყნა „2022-2025 წლებისათვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის“ პროექტი. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები თან ახლავს დასკვნას დანართის სახით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.