ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი, რომელშიც წლის განმავლობაში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე დაკორექტირდა მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები. კერძოდ:
- ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-დან 10.0%-მდე იზრდება;
- მშპ-ს დეფლატორის საპროგნოზო მაჩვენებელი 10.5%-დან 9.5%-მდე მცირდება;
- სამომხმარებლო ფასების საშუალოწლიური ინფლაციის პროგნოზი 11.5%-დან 11.9%-მდე იზრდება;
- მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი 6.9%-დან 5.7%-მდე მცირდება.
საყურადღებოა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ფისკალური წლის ბოლო სამ თვეში ცვლილება მეორედ ხორციელდება. კანონის პირველი ცვლილებისას 8.5%-მდე გაიზარდა რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი, მიუხედავად იმისა, რომ 8 თვის ეკონომიკური ზრდა 10.3%-ს შეადგენდა. კანონპროექტზე თანდართულ დოკუმენტებშიც აღინიშნა, რომ მოცემული პროგნოზი (8.5%) კონსერვატიულია.
ჯანსაღი საბიუჯეტო პროცესის წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხორციელების ეტაპზე, სრულფასოვნად იქნეს გათვალისწინებული არსებული ეკონომიკური, ფინანსური და ფისკალური ტენდენციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონში ხშირი ცვლილება, განსაკუთრებით საბიუჯეტო წლის ბოლოს. აღნიშნული ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის შეუფერხებელი განხორციელებისთვის, რა დროსაც გაითვალისწინება მიმდინარე წლის პროგნოზები როგორც საბაზისო მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ანგარიშგების ეტაპზე ბიუჯეტის შესრულების ეფექტიანი შეფასებისათვის.
რაც შეეხება ფისკალურ წესებს, წარმოდგენილი კანონპროექტით ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი 283 მლნ ლარით (12.6%-ით) მცირდება და 2.7%-ის დონეზეა განსაზღვრული. შესაბამისად, დეფიციტის მაჩვენებელი ბრუნდება კანონმდებლობით დაწესებული 3.0%-იანი ლიმიტის ფარგლებში.
ვალის წესის მიზნისთვის დათვლილი მაჩვენებელი უცვლელად, 40.1%-ის ნიშნულზეა1 შენარჩუნებული და კანონმდებლობით დადგენილი 60.0%-იანი ლიმიტის ფარგლებშია მოქცეული.
მაკროეკონომიკური პროგნოზების ცვლილება აისახა ფისკალურ პარამეტრებზეც. შემოსულობების ზრდა სრულად განპირობებულია შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის მატებით, ჯამურად 597 მლნ ლარის ოდენობით. აქედან, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 492 მლნ ლარით, სხვა შემოსავლების - 105 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ სხვა შემოსავლების ცალკეული მუხლების კონსერვატიული პროგნოზების შესახებ აღინიშნა აუდიტის სამსახურის დასკვნაში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პირველი ცვლილების შესახებ.
რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, დაფინანსება ეზრდება 4 მხარჯავ დაწესებულებას ჯამურად 497 მლნ ლარით. კერძოდ, 7 პროგრამის შემთხვევაში დაგეგმილია ასიგნებების ზრდა, ჯამურად 532 მლნ ლარით, ერთი პროგრამის შემთხვევაში კი შემცირება 35 მლნ ლარით. პროგრამების დაფინანსების ცვლილება ძირითადად ემსახურება 2022-2023 წლებში თანმიმდევრულ ფისკალურ კონსოლიდაციას.
საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილების მასშტაბის მიუხედავად, არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართისა და სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ ინფორმაციის განახლება, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზსა და ანგარიშგებას.
1 მოიცავს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან“ (PPP პროექტები) მომდინარე ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებას 395 მლნ ლარის ოდენობით (მშპ-ს 0.5%).