სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 03 დეკემბერი, 2021
დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (II წარდგენა)

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით წარმოდგენილი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განახლებულ პროგნოზებში ასახულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ით, სამომხმარებლო ფასების საშუალოწლიური ინფლაცია 8.9%-ით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი -8.4%-ით.

კანონპროექტზე თანდართულ „მაკროეკონომიკული სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში იდენტიფიცირებულ ეკონომიკურ რისკებს დაემატა ერთი ახალი რისკი - მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრება. საყურადღებოა, რომ ეკონომიკური შოკების ანალიზი, ძირითად შემთხვევაში, არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისკების სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 166.1 მლნ ლარით (0.9%-ით) და 18.1 მლრდ ლარს უტოლდება. იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელიც 297.4 მლნ ლარის ოდენობით (1.5%-ით) და 19.8 მლრდ ლარს შეადგენს. გაზრდილი გადასახდელები ნაწილობრივ ფინანსდება ბიუჯეტის ნაშთიდან, რის შედეგადაც ნაშთის საპროგნოზო მოცულობა წლის ბოლოს 614 მლნ ლარამდე მცირდება (2.3 მლრდ ლარიდან), საიდანაც 594 მლნ ლარი განთავსებულია კომერციული ბანკების 10 წლიან სადეპოზიტო სერთიფიკატებში. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება არსებული ფისკალური ბუფერის მოცულობა (20 მლნ ლარამდე).
გადასახდელების გეგმური მაჩვენებლის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების ზრდით. კერძოდ, 376 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები. ცვლილების შედეგად, ასიგნებები უკორექტირდება 134 პროგრამიდან 12-ს. მათ შორის, 9 პროგრამის დაფინანსება იზრდება ჯამურად 436 მლნ ლარით, ხოლო 3 პროგრამის მცირდება - ჯამურად 70 მლნ ლარით.

ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით მცირდება და 6.7%-ს შეადგენს (3.9 მლრდ ლარი). კანონპროექტზე თანდართული საბაზისო სცენარით, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 3.0%-იან ზღვარში 2023 წელს ბრუნდება.

რაც შეეხება ვალის წესის მაჩვენებელს, იგი 2.8 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2021 წლის ბოლოსთვის 51.8%-ს უტოლდება. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, რომლის გათვალისწინებითაც ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 52.3%-ია.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართის, სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ ინფორმაციისა და პროგრამული ბიუჯეტის დანართის განახლება, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზსა და ანგარიშგებას.