სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 17 ივლისი, 2015
დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მეორე წარდგენა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიზნად ისახავს საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები:

  • სხვა შემოსავლების ცალკეული კომპონენტების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს - კერძოდ, წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტით, რენტის მუხლის წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი 11.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მხოლოდ 500 ათასი ლარით აჭარბებს ამ მიმართულებით 5 თვის მდგომარეობით მობილიზებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობას. ანალოგიურად, ნებაყოფლობით ტრანსფერების (გრანტების გარდა) მუხლით მობილიზებული საბიუჯეტო რესურსების ოდენობამ 6 მლნ ლარი შეადგინა და 4 მლნ ლარით გადააჭარბა მის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, წარმოდგენილ კანონპროექტში ასახული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ეფუძნებოდეს და ითვალისწინებდეს მიმდინარე წლის მობილიზების ტენდენციებს და ასახავდეს მოსალოდნელი შედეგების რეალისტურ სურათს;
  • წარმოდგენილი ცვლილების კანონის პროექტით, ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის ასიგნებებში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, არ დაკორექტირებულა მათი მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები - ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემთხვევაში, კანონპროექტში გათვალისწინებულია ასიგნებების მნიშვნელოვანი ცვლილებები 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა აღნიშნული პროგრამების/ ქვეპროგრამების მიზნებში, მოსალოდნელ შედეგებსა და შედეგების შეფასების ინდიკატორებში ცვლილებები არ განხორციელებულა. შედეგად, პროგრამულ დანართში მოცემული არაფინანსური ინფორმაციის საფუძველზე ვერ ხერხდება იდენტიფიცირება თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიებების შეჩერებას გამოიწვევს ასიგნებების შემცირება ან რა დამატებითი სარგებელი იქნება მიღწეული გაზრდილი ასიგნებების პირობებში;
  • წარმოდგენილი კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-თან 30.04%-ს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჭიროა დამატებითი ყურადღება გამახვილდეს კანონმდებლობით დადგენილ ზღვართან („ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი 30%-იანი ზღვარი) მიმართებაში აღნიშნული მაჩვენებლის შესაბამისობაზე;
  • 2015 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილების კანონპროექტით, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში და  აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს (40%) - სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით 1,971 მლნ ლარით იზრდება და 13,780 მლნ ლარს უტოლდება. აღნიშნული ცვლილებები ძირითადად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის მოსალოდნელ მაჩვენებელთან მიმართებაში 5%-ით აჭარბებს „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს და 45%-ს უტოლდება. ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფო ვალის ტვირთის მაჩვენებელზე (ვალი/მშპ) და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებელი სცდება სტრატეგიული დოკუმენტით „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს, მიზანშეწონილია წარმოდგენილ კანონპროექტს თან ერთვოდეს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სახელმწიფო ვალის მდგრადობის შეფასება როგორც საშუალო ასევე გრძელვადიან პერიოდში.