სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნულ აუდიტის სამსახურს შორის 2010 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე წარმატებული რვა წლიანი თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითარდა ინსტიტუციურად და გაძლიერდა მისი მანდატი კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად.
პროექტის შედეგები:
- შემუშავდა აუდიტორული საქმიანობის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელოები.
- შეიქმნა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი.
- სამსახური გაწევრიანდა INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტში.
- ჩატარდა განგრძობადი ტრენინგები ეფექტიანობის აუდიტის, შესაბამისობის აუდიტისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით.
- მხარდაჭერილ იქნა სამსახურის შესაძლებლობების განვითარება ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
- განხორციელდა საპილოტე ეფექტიანობის აუდიტები შვედი ექსპერტების ჩართულობით.
- შეიქმნა და ამოქმედდა შიდა სამსახურებრივი პორტალი (Intranet).
- შიდა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა კომუნიკაციის ჯგუფი.
- იმართებოდა სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მაღალი რანგის სამუშაო შეხვედრები შვედეთის ეროვნულ აუდიტის სამსახურსა და შვედეთის პარლამენტში (რიქსდაგი) უწყებათა თანამშრომლობის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
- სამსახური ჩართული იყო შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის მიერ ორგანიზებულ მრავალმხრივი თანამშრომლობის პროექტში მოლდოვისა და ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებთან, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა გამოცდილების გაზიარება როგორც ეფექტიანობის, ასევე ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის საკითხებზე.