დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, აგრეთვე სამსახურში დანერგოს საუკეთესო პრაქტიკით აღიარებული აუდიტორული მიდგომები.
აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტი შეიმუშავებს პოლიტიკას და ახორციელებს შესაბამის პროცედურებს: ქმნის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, ამოწმებს აუდიტის დაგეგმვის, პროცესებისა და პროცედურების ხარისხს, განაზოგადებს საუკეთესო პრაქტიკას და ავლენს იმ მიმართულებებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას.
დეპარტამენტი ამზადებს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან და წარუდგენს მას აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მიმოხილვის წლიურ ანგარიშს.
დეპარტამენტი ზრუნავს მეთოდოლოგიური ბაზის განახლებაზე, ადგენს აუდიტორთა სასწავლო საჭიროებებს და ხელს უწყობს აუდიტორთა განგრძობად პროფესიულ განათლებას.