სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, აგრეთვე სამსახურში დანერგოს საუკეთესო პრაქტიკით აღიარებული აუდიტორული მიდგომები.

აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტი შეიმუშავებს პოლიტიკას და ახორციელებს შესაბამის პროცედურებს: ქმნის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, ამოწმებს აუდიტის დაგეგმვის, პროცესებისა და პროცედურების ხარისხს, განაზოგადებს საუკეთესო პრაქტიკას და ავლენს იმ მიმართულებებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას. 

დეპარტამენტი ამზადებს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. 

აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან და წარუდგენს მას აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მიმოხილვის წლიურ ანგარიშს.
დეპარტამენტი ზრუნავს მეთოდოლოგიური ბაზის განახლებაზე, ადგენს აუდიტორთა სასწავლო საჭიროებებს  და ხელს უწყობს აუდიტორთა განგრძობად პროფესიულ განათლებას. 

ალექსანდრე გოგოლაშვილი

ალექსანდრე გოგოლაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე გოგოლაშვილი აუდიტის ხარისხის დეპარტამენტის უფროსად 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ის ამავე დეპარტამენტში ექსპერტად მუშაობდა. 

2008-2014 წლებში, საქმიანობდა Counterpart International-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, სადაც დსთ-ს ქვეყნებში ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიცია ეკავა. 

2006-2008 წლებში, „ენერგოპრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს განყოფილების ფინანსური მენეჯერი იყო. 2005-2006 წლებში კი, საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემაში ფინანსური პროცესების და სისტემების მენეჯერის თანამდებობა ეკავა. ამავე პერიოდში, ის ბანკ „რესპუბლიკაში“ ინვესტიციათა დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე გოგოლაშვილი 2000-2005 წლებში, დიდ ბრიტანეთში, ბუღალტერთა და აუდიტორთა სერტიფიცირებულ ასოციაციაში სწავლობდა, სადაც ფინანსების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. 1995 წელს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობის მიმართულებით ინჟინრის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.