სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საჯარო ფინანსების მართვაში არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაჭრის გზების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შეთავაზება; სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება; თანამშრომლობის გაღრმავება საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან, აგრეთვე - დონორებთან. 

დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ამოცანებს შემდეგი სამსახურების მეშვეობით ახორციელებს: 

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური  ამზადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და წლიური ანგარიშების შესახებ, ასევე - დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე; იკვლევს საჯარო ფინანსების მართვაში არსებული სარისკო სფეროებისა და სისტემური ხასიათის მქონე ნაკლოვანებებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს; ამზადებს ანალიტიკურ-კვლევით პუბლიკაციებს; მართავს ანალიტიკურ ვებ-პლატფორმას – „ბიუჯეტის მონიტორს“. 

სტრატეგიული ანალიზის სამსახური  კოორდინაციას უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვას; ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულების მონიტორინგს; აანალიზებს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას და ახდენს მათ სისტემატიზაციას; ამზადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; ასევე - საქართველოს პარლამენტში წარსადგენ სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს. 

დონორებთან ურთიერთობის სამსახური  ავითარებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ახდენს ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვას, ფონდების მოძიებასა და საგრანტო წინადადების შემუშავებას; ამზადებს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს, მათ შორის, მემორანდუმებსა და ხელშეკრულებებს; ამზადებს პუბლიკაციებს სამსახურის პრაქტიკის გასაზიარებლად; კოორდინირებას უწევს სამსახურის საერთაშორისო ღონისძიებების მოწყობას.

ცოტნე ქარქაშაძე

ცოტნე ქარქაშაძე

დეპარტამენტის უფროსი

ცოტნე ქარქაშაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2013 წლიდან მუშაობს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტს ის 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. 2018 წელს, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2016-2018 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 2013-2016 წლებში კი, ამავე სამსახურში ჯერ ანალიტიკოსად, შემდეგ კი, უფროს და მთავარ ანალიტიკოსად მუშაობდა. 

ცოტნე ქარქაშაძე საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტირების შესახებ არაერთი პუბლიკაციის ავტორია. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინოვაციური ვებ-პლატფორმის - „ბიუჯეტის მონიტორის“ შექმნაში, რომელიც 2017 წლის მარტში ამოქმედდა. 

ცოტნე ქარქაშაძეს 2013 წელს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვს მოპოვებული. ამჟამად კი, იგი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.