სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის უდიტი.
ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ ვერ ხერხდება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ამოღება:
- ჯარიმების სახით ბიუჯეტის მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 255.7 ათასი ლარი, მათ შორის: მიმწოდებლებზე ვადაგადაცილებისათვის დაურიცხავი და ამოუღებელი ჯარიმებია - 97.3 ათასი ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადის დაუსაბუთებლად გადაწევის გამო დაურიცხავი - 158.4 ათასი ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შესყიდვის დაგეგმვის ნაკლოვანებანი, ხელშეკრულების არასათანადო შესრულებისა და სხვა ტექნიკური ხარვეზები:
- მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზიანია და საჭიროებს ხშირ ცვლილებას. შედეგად, იზრდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადები და ღირებულება.
- 2014 წელს მუნიციპალიტეტმა დაბა ხარაგაულში, ჭიპაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 73.6 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი, ვინაიდან გზა მალევე დაზიანდა და საჭირო გახდა დამატებით ბეტონის საფარის გადაგება.
- სოფელ მაქათუბანში განხორციელდა ხიდის მშენებლობა, თანხით 151.4 ათასი ლარი. ხიდის პროექტი რამდენჯერმე გადაკეთდა, რამაც გამოიწვია ძირითადი პარამეტრების შეცვლა და შემცირდა ტვირთამწეობა. ცვლილებების შედეგად საჭირო გახდა ფინანსური რესურსების დამატება. გახანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადა და ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლის დაგვიანებით.
- მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულია 92.0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ არის დასრულებული და ვერ სარგებლობს მოსახლეობა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები არასრულყოფილად და არასათანადოდ არის დასაბუთებული:
- 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილი 1694.8 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით, ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.
- 2013-2014 წლებში გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლით რესტორნის მომსახურებაზე დაუსაბუთებლად არის გაწეულია 21.5 ათასი ლარის ხარჯი.
- 2013-2014 წლებში საკრებულოს თანამდებობის პირებზე კანონის დარღვევით გაცემულია 33.1 ათასი ლარის ხარჯი.
- 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ხარაგაული 2011“-ს შესაბამისი დასაბუთების გარეშე გადაეცა 35.8 ათასი ლარის სუბსიდია.
- მუნიციპალიტეტმა 2014 წელს 25.0 ათასი ლარით დააფინანსა „ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარების პროგრამა“, თუმცა დოკუმენტურად ვერ საბუთდება ვაზის სანერგე მეურნეობის არსებობის აუცილებლობა.
- შტატგარეშე მოსამსახურეებზე ისეა გაცემული 47.4 ათასი ლარის პრემია და დანამატი, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დამატებით ანაზღაურებას.