სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2019-2020 წლების აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
აქტივების მართვა
სასაზღვრო პოლიციას თავისი ფუნქციების შესასრულებლად გააჩნია მნიშვნელოვანი ოდენობის და ღირებულების აქტივები, რომლებიც განთავსებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (ძირითადად, საზღვრებზე), მათ შორის რთულად მისადგომ ადგილებში, რის გამოც პრობლემურია მათი მართვა და დაცულობაზე სრულყოფილი კონტროლი. აღნიშნული ქონების მართვაში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანება. კერძოდ:
უძრავი ქონება
ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობა - სასაზღვრო პოლიცია სისტემატურად ადგენს განვითარების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, თუმცა არ არის შემუშავებული უწყებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმა.
უძრავი ქონების ნაწილი თავისი მდებარეობით, პარამეტრებით და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებით, ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ საჭიროებებსა და მიზნებს, რაც სასაზღვრო პოლიციას გააჩნია. ერთიანი სტრატეგიული გეგმის არარსებობის გამო, ვერ ხორციელდება გამოუყენებელი და არასაჭირო აქტივების რაციონალური მართვა.
ამორტიზებული და გამოუყენებელი შენობა-ნაგებობები - შენობა-ნაგებობების გარკვეული ნაწილი ამორტიზებული და გამოუყენებელია, თუმცა ვერ ხორციელდება ჩამოწერილი შენობა-ნაგებობების დაშლა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების ეფექტიანი გამოყენება.
საცხოვრებელი ბინების მართვის ნაკლოვანებები - სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხება სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინები, რომლებიც განთავსებულია, როგორც საზღვრისპირა ტერიტორიებზე, ასევე - ქალაქებში. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე პრივატიზებულია, თუმცა კვლავ ირიცხება ბალანსზე, ნაწილი გამოუყენებელია, ნაწილი კი დაკავებულია სხვადასხვა პირის, მათ შორის, უწყების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების მიერ. ამასთანავე, რამდენიმე შემთხვევაში უწყების კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, წლების მანძილზე დაკავებული აქვთ უცხო პირებს, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. უკანონოდ დაკავებული ფართების გამოსათავისუფლებლად არ ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.
არარეგისტრირებული უძრავი ქონება - სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რაც წარმოშობს აღნიშნული ქონების სხვა იურიდიული ან კერძო პირისათვის გადაცემის რისკს უწყებასთან შეთანხმების გარეშე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს უწყების მიზნების, კერძოდ, საზღვრის ეფექტიანი დაცვის საკითხთან დაკავშირებით.
ზოგიერთ შემთხვევაში უწყების ბალანსზე არსებული გარკვეული ქონებით წლების განმავლობაში სარგებლობენ შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები.
საფრენი აპარატები
დასაცავი ტერიტორიის საჰაერო მონიტორინგის ნაკლოვანება - სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები მრავალფეროვანია, საიდანაც აღსანიშნავია სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგი - ძებნა, საჰაერო თვალთვალი და პატრულირება.
აუდიტორული პროცედურების დასრულების მდგომარეობით, სასაზღვრო პოლიციაში არ არსებობს ფორმალური დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს დასაცავი ტერიტორიის ჰაერიდან მონიტორინგის, კონტროლისა და პატრულირების მეთოდებს, სიხშირეს, ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. დეტალურად გაწერილი კრიტერიუმის არარსებობის გამო, აუდიტმა ვერ უზრუნველყო, აღნიშნული მიმართულებით შეეფასებინა სამმართველოს საქმიანობა. აუდიტის ობიექტის განმარტებით, ფრენები ხორციელდება საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა საჭიროების განმსაზღვრელი კონკრეტული კრიტერიუმი დადგენილი არ არის.
წარმოდგენილი ინფორმაციით, აღნიშნული დანიშნულების ფრენების რაოდენობა მცირეა, რაც ძირითადად საფრენი აპარატებისა და შესაბამისი ბიუჯეტის სიმცირით არის გამოწვეული.
საფრენი აპარატების საექსპლუატაციო მზადყოფნის ნაკლოვანებები - ავიაციის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში არსებული საავიაციო ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.
თითოეულ საფრენ აპარატს გააჩნია ტექნიკური ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, რომლის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს სარემონტო (სარეგლამენტო) სამუშაოები, თუმცა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, არასაკმარისი დაფინანსებისა და შემსრულებელი კომპანიის მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, რეგლამენტის შესაბამისად დროულად ვერ ტარდება ყველა საფრენი აპარატისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოები, რის გამოც იკრძალება მათი გამოყენება და არ ხდება ექსპლუატაცია.
საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში უმოქმედოა. აღნიშნული საავიაციო საშუალებები, ძირითადად განთავსებულია საავიაციო სადგომზე, ღია ცის ქვეშ, მზისა და ატმოსფერული ნალექების უარყოფით ზემოქმედების პირობებში, რის გამოც მცირდება მათი საბაზრო ღირებულება. ამასთანავე, ყოველ ასეთ საფრენ აპარატს ესაჭიროება ჩაუტარდეს მოვლა-შენახვის ღონისძიებები, რისთვისაც იხარჯება რესურსები. აქედან გამომდინარე, საჭიროა მათი შემდგომი გამოყენების საკითხის დროულად გადაწყვეტა ხარჯთეფექტიანობის პრინციპების გათვალისწინებით.
საგანგებო სიტუაციებში ჩართულობისა და ლიტერული ფრენების კონტროლის ნაკლოვანებები - სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ევალება სამაშველო ღონისძიებების განხორციელება საგანგებო სიტუაციების დროს და სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება (შემდგომ - ლიტერული ფრენები), შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული, რა სახის დოკუმენტი უნდა იყოს წარდგენილი უშუალოდ ავიაციის მთავარი სამმართველოსათვის, აღნიშნული ტიპის ფრენის განსახორციელებლად.
აუდიტის პერიოდში ავიაციის მთავარი სამმართველო სისტემატურად ახორციელებდა ფრენებს ტყის მასიური ხანძრების ჩაქრობის, ძნელად მისადგომ ადგილებში სამაშველო ღონისძიებების ჩატარებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სტუმრების ტრანსპორტირების მიზნით. აღნიშნული კატეგორიის ფრენების შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მიმართვები. ფრენებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის მიერ დგება ყოველკვარტალური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, თუმცა ინფორმაცია ფრენების მიზეზებსა და შედეგებზე ანგარიშში არ მოიპოვება, რის გამოც აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება უწყების აქტივების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენების შესახებ. აუდიტის ობიექტის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით შემუშავდა პროექტი, რომლის თანახმადაც სამაშველო ფრენები განხორციელდება შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მცურავი საშუალებები
წლების განმავლობაში საზღვაო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა უმჯობესდება, ძირითადად დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. აღნიშნული პროცესი განგრძობადი ხასიათისაა, თუმცა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საჭირო ქონებით სრულყოფილი უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება.
მცურავი საშუალებების საექსპლუატაციო მზადყოფნის ნაკლოვანებები - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, ძირითადად ხანდაზმულია და არ გააჩნია საკმარისი რესურსი სხვადასხვა სახის ოპერაციის ჩასატარებლად. მათი ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. უმეტესობას ესაჭიროება მიმდინარე ან/და სხვა სახის რემონტი, ხოლო რამდენიმე მათგანის ძირითად აგრეგატებს საექსპლუატაციო რესურსი უკვე ამოწურული აქვს და დიდია მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა.
აღნიშნული მცურავი საშუალებების რემონტი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი წარმოებულია სხვადასხვა ქვეყანაში და სიძველის გამო რთულია მათთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და შემკეთებელი კომპანიის მოძიება. აღნიშნულ პირობებში რთულდება საზღვრის დაცვის ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელება, რაც წარმოშობს რისკს, რომ დეპარტამენტი ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომლებიც უფრო ფართოა, ვიდრე საზღვაო საზღვრის დაცვა.
მცურავი საშუალებების მიერ საწვავ-საპოხი მასალების მოხმარების ნაკლოვანებები - სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის პრობლემურია მცურავი საშუალებების ენერგეტიკული დანადგარების მიერ გახარჯული საწვავის ზუსტი ოდენობის დადგენა, რადგან მასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი და შეუძლებელია ძრავების საწვავის ხარჯის ზუსტი ნორმების დადგენა, განსხვავებულ რეჟიმსა და ბრუნზე მუშაობისას.
მცურავი საშუალებების მიერ საწვავ-საპოხი მასალების მოხმარების ნორმები განსაზღვრულია ქრონომეტრაჟების საფუძველზე და დამტკიცებულია შესაბამისი ბრძანებით, თუმცა ამ ორ დოკუმენტში შეუსაბამოა მოძრაობის რეჟიმები. ამასთანავე, ბრძანებით დადგენილი ნორმებით გახარჯული საწვავის ოდენობის გამოსათვლელად აუცილებელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დროის რა მონაკვეთში როგორი სვლით მოძრაობდა მცურავი საშუალება, რაც აღნიშნულ დეპარტამენტში დოკუმენტურად არ ფიქსირდება, ამიტომ საფინანსო სამსახურს არ აქვს შესაძლებლობა − განსაზღვროს ჩამოსაწერი საწვავის ნორმატიული ოდენობა. აღნიშნული ფაქტი კრიტერიუმის და მარეგულირებელი აქტის არასრულყოფილებაზე მიუთითებს.
პრობლემის მოსაგვარებლად სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ 2019 წელს მოთხოვნილია მცურავი საშუალებების აღჭურვა GPS მონიტორინგის განმახორციელებელი მოწყობილობებით, საწვავის რაოდენობის განმსაზღვრელი სენსორით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ არის შესრულებული, რაც წარმოშობს საწვავ-საპოხი მასალების არამართლზომიერად განკარგვის რისკებს.
სხვა სპეციფიკური ქონება
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების მართვის ნაკლოვანებები - სასაზღვრო პოლიციის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ნაწილი 30-წლიანი ხანდაზმულობისაა.
უწყებაში ირიცხება დაზიანებული იარაღი, რომელიც ინვენტარიზაციის აღწერილობებში შეიტანება ცალკე, როგორც „უვარგისი“, თუმცა იარაღის და საბრძოლო მასალების ჩამოწერის პროცესს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სხვადასხვა უწყების ჩართულობით არსებული ბიუროკრატიული პროცესები.
მოქმედი კანონმდებლობით რეგულირდება მხოლოდ ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი და არა ვარგისი, მაგრამ გამოუსადეგარი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის საკითხი. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით უწყება ვერ ახერხებს აღნიშნული ქონების შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაცემას და ჩამოწერას, რადგან არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები. აღნიშნული საკითხი ძალოვანი უწყებებისთვის სისტემური ხასიათის პრობლემაა.
ქონების დიდი ნაწილი წმინდა საბრძოლო დანიშნულებისაა და მოქმედი კანონმდებლობით მათი რეალიზაცია დაუშვებელია, მაგრამ ქონების ისეთი ნაწილი, როგორიცაა, სატელიტური სანავიგაციო სისტემა GPS, ღამის ხედვის ხელსაწყო და ა.შ., თავისუფალ მიმოქცევაშია და შესაბამისი რეგულაციების ცვლილებების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი რეალიზაცია.
კინოლოგიის მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები - სახმელეთო საზღვრის დაცვის მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლების გამოყენებას. სტრატეგიული ხედვით, სასაზღვრო პოლიციას, საზღვრის უფრო ეფექტიანად დაცვისათვის, ესაჭიროება 3-4 ჯერ მეტი ძაღლი, რის გამოც არსებული მდგომარეობით, მათი შესაძლებლობების გამოყენებას ფრაგმენტული ხასიათი აქვს. საზღვრის თითქმის არც ერთი მონაკვეთი არ კონტროლდება უწყვეტად, ძაღლების გამოყენებით.
არსებული მდგომარეობით, კინოლოგების მოტივირებისა და წახალისების სისტემა დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, მცირდება კინოლოგობის მსურველთა რიცხვი. პრობლემის მოსაგვარებლად, გათვალისწინებულია სამართლებრივი აქტის მიღება. შესაბამისი პროექტი შემუშავებულია და 2019 წლიდან მიმდინარეობს მიმოწერა შსს-ს შესაბამის სტრუქტურებთან, თუმცა საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
მოქმედი კანონმდებლობით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარი ძაღლი განიხილება, როგორც სახელმწიფო ქონება და უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია დადგენილი წესის მიხედვით, თუმცა არ არის გათვალისწინებული საკითხის სპეციფიკური ხასიათი. აუქციონის წესით ძაღლის რეალიზაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. პრობლემის გადასაჭრელად შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, სადაც გათვალისწინებული იქნება საკითხის სპეციფიკურობა.
ავტოპარკის მართვა
ავტოპარკის ოპტიმიზაციის პროცესში არსებული ნაკლოვანებები - სასაზღვრო პოლიციაში არ სრულდება საქართველოს მთავრობის N121 დადგენილების მოთხოვნები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წელს ჩატარებული სისტემური შესაბამისობის აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, არსებული ავტომანქანები არ არის კლასიფიცირებული სარგებლობის დადგენილი ფორმების მიხედვით, რის გამოც ვერ დგინდება:
- მათი ფუნქციები (განპიროვნებულია, სამორიგეო თუ ოპერატიული);
- ვრცელდება თუ არა მათზე მთავრობის დადგენილებით დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვა;
- ავტომანქანების არსებული რაოდენობა შეესაბამება თუ არა დადგენილების მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უშლის დადგენილებით განსაზღვრული მიზნის - სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის მიღწევას და შესაბამისი ხარჯების შემცირებას.
ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული საჭირო სატრანსპორტო საშუალებების სახეობები და რაოდენობები სასაზღვრო სექტორების მიხედვით, ხოლო სასაზღვრო სექტორებზე ამჟამად არსებული სატრანსპორტო საშუალებების, განსაკუთრებით, კვადროციკლების რაოდენობა და ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციული მექანიზმების ნაკლოვანებები - არსებული შიდა კონტროლის მექანიზმები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციას, რის გამოც ადგილი ჰქონდა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების საგზურის ფურცლებში ავტომანქანების განვლილი მანძილის და ადგილზე მუშაობის საათების მექანიკურად გაზრდის ფაქტებს და განხორციელდა საწვავის ზედმეტად ჩამოწერა. ამასთანავე, აუდიტის პერიოდში გამოვლინდა უწყების სამსახურებრივი ავტომანქანების არადანიშნულებისამებრ, კერძოდ, თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს გამოყენების, მათ შორის, საწვავის ჩასხმის ფაქტები. აღნიშნული სახის დარღვევები ასევე გამოვლენილია შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებით, რის გამოც შესაბამის პირებს დაეკისრათ უწყებისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება და შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა. აუდიტის ობიექტის განმარტებით, არსებული მდგომარეობით, ავტოპარკი სრულად არის გადასული აგაი სისტემის გამოყენებაზე.
მცირეფასიანი ინვენტარი, სასაქონლო მატერიალური მარაგები და სხვა აქტივები
გამოუყენებელი მცირეფასიანი ინვენტარის და სასაქონლო მატერიალური მარაგების ჩამოწერასთან დაკავშირებული პრობლემები - სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხება დიდი ოდენობის ამორტიზებული ან ვარგისი, მაგრამ გამოუყენებელი მცირეფასიანი ინვენტარი და მატერიალური მარაგები, რომელთა ჩამოწერა, მოქმედი სამართლებრივი ბაზის პირობებში, წლების განმავლობაში ვერ ხორციელდება. შედეგად, უარესდება აღნიშნული ქონების ფიზიკური მდგომარეობა და მცირდება მათი ღირებულება.
კვების პროდუქტების ხარჯვის ნაკლოვანებები - მოსამსახურეთა საყაზარმე კვების პროცესში სისტემატური ხასიათი ჰქონდა ძირითადი პროდუქტის სხვა პროდუქტით შეცვლას. მარეგულირებელი აქტებით კონკრეტულად არ არის მითითებული, რა შემთხვევაში, რა სიხშირით და რა მოცულობით არის დასაშვები ძირითადი პროდუქტის სხვა პროდუქტით შეცვლა, რაც წარმოშობს არათანაბარზომიერი ჩანაცვლებისა და არაეკონომიურობის რისკებს.
აქტივების ინვენტარიზაცია
აქტივების შენახვის, დაცვის, ექსპლუატაციის წესებისა და პირობების შესამოწმებლად სავალდებულოა ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარება. აუდიტის პერიოდში აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა შემდეგი ნაკლოვანებებით:
სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გადაუმოწმებლობა - ყოველწლიური სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ცენტრალურ აპარატში იქმნება მუდმივმოქმედი (ცენტრალური) საინვენტარიზაციო კომისია, ხოლო საბალანსო ერთეულებში -ადგილობრივი საინვენტარიზაციო კომისიები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის წინაშე. კომისიას აქვს უფლებამოსილება, თავისი გადაწყვეტილებით გადაამოწმოს სამმართველოებში შექმნილი კომისიების მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მიმდინარეობა ან/და შედეგები, თუმცა ცენტრალურ საინვენტარიზაციო კომისიას სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ჩატარებული ინვენტარიზაციის მდგომარეობა პრაქტიკულად არ გადაუმოწმებია, რაც რისკების შემცველია.
ინვენტარიზაციის ჩატარება არაოფიციალური სამუშაო ჯგუფების მიერ - სასაზღვრო პოლიცია არ იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, რათა ტერიტორიულად განცალკევებულ ადგილებში ინვენტარიზაცია განახორციელოს ოფიციალურად დამტკიცებული სამუშაო ჯგუფების საშუალებით. არსებული პრაქტიკით, მხოლოდ კომისიის წევრებისაგან შემდგარი არაოფიციალური ჯგუფები ატარებდნენ ინვენტარიზაციას და არა საინვენტარიზაციო კომისია სრული შემადგენლობით, რაც მოქმედი კანონმდებლობით, გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, იმ უძრავი ქონების აღწერა, რომელიც ცენტრალური აპარატის ოფისიდან ტერიტორიულად დიდ მანძილზე მდებარეობს, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
უსარგებლო აქტივების გამოვლენაში არსებული ნაკლოვანებები - ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ერთ-ერთ მიზანია ისეთი აქტივების გამოვლენა, რომელთაც არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი. სასაზღვრო პოლიციაში არსებული უვარგისი ქონება აღირიცხება ცალ-ცალკე სამმართველოების და სექტორების მიხედვით, თუმცა ზოგ შემთხვევაში უკვე დოკუმენტურად აღიარებული გამოუყენებელი ქონების შესახებ სათანადო ინფორმაცია საინვენტარიზაციო უწყისებში არ აისახებოდა. არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული სახის ვარგისი ქონების გამოყენების პერსპექტივა აღარ არსებობს, თუმცა ამის შესახებ არ ფიქსირდებოდა ინვენტარიზაციის აქტებში.
დანაკლისის ანაზღაურების პრობლემა - ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აქტივების დანაკლისის ანაზღაურება ეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს. სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხება სხვადასხვა დასახელების, მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც ნულოვანი ღირებულებითაა ასახული. აღნიშნულის გამო, დანაკლისად დაფიქსირების შემთხვევაში ვერ ხორციელდება მათი ღირებულების დადგენა, რათა მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს დაეკისროთ შესაბამისი თანხის ანაზღაურება. მოქმედი ნორმატიული აქტებით აღნიშნული საკითხი არ არის დარეგულირებული.
სახელმწიფო შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში გამოვლინდა ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობასთან ერთად გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: შესყიდვების არასწორი დაგეგმვა, შესასყიდი საქონლის/მომსახურების პრიორიტეტულობის დაუცველობა, შესყიდვის პროცედურების დაგვიანებით დაწყება და სხვა ნაკლოვანებები.
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
აუდიტის პერიოდში სასაზღვრო პოლიციაში შესყიდვების გეგმის შედგენის პროცესი ეწინააღმდეგებოდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პრინციპებს და ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ამასთანავე, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული თანხები მნიშვნელოვნად აღემატება დამტკიცებული ბიუჯეტით შესყიდვებისთვის განკუთვნილ ასიგნებებს.
შესყიდვების განხორციელების პროცესი
აუდიტის პერიოდში შესყიდვები არ ხორციელდებოდა პრიორიტეტების გათვალისწინებით. გარკვეული საქონლის/მომსახურებისათვის შესყიდვის პროცედურები იწყებოდა დაგვიანებით და სეზონის გაუთვალისწინებლად. შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში ვერ ხორციელდებოდა მოსამსახურეთა სანივთე ქონებით დროული უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების პროდუქტიული განხორციელება. რამდენიმე შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენდენტებისადმი წაყენებული მოთხოვნები ისე იყო ჩამოყალიბებული, რომ ხელს არ უწყობდა ჯანსაღ კონკურენციას და სასურველი საქონლის ეკონომიურ შესყიდვას. შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს პრეტენდენტების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სანივთე ქონების შესყიდვა ხორციელდებოდა შესაძლებელზე მაღალ ფასად.