ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ ცხადდება რაიმე ტიპის კონკურსი. კონკურსის წესის დანერგვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გაზრდის კვალიფიციური კადრების შერჩევის შესაძლებლობას.
კომპანიის გენერალურ დირექტორს ჰყავს 6 მრჩეველი და 1 კონსულტანტი, რომელთა ფუნქციები არც დებულებით და არც შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული არ არის. ასევე, არ არსებობს მათ მიერ გაწეული სამუშაოების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.
კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად და ელექტროგადამცემი ხაზების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშესაწყობად საზოგადოების ინფორმირების მიზნით (ფიზიკური და იურიდიული პირების გაუფრთხილებელი საქმიანობა ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონაში საფრთხეს უქმნიდა ელექტროგადამცემ ხაზებს) ქ. ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე ჯამურად დაიხარჯა 144,670 ლარი. ხელმძღვანელობის მიერ არ ყოფილა განხილული და დოკუმენტურად ასახული კონკრეტული მიზნის მიღწევის ალტერნატიული გზები, რაც ხელს შეუწყობდა ყველაზე ეფექტიანი და ეკონომიური გადაწყვეტილების მიღებას.
კომპანიამ შუშის იზოლატორები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეისყიდა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ იმავე პერიოდში შეძენილი ანალოგიური იზოლატორების ღირებულების გათვალისწინებით, კომპანია 2014 წელს დაზოგავდა 348,500 ლარს.
სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი პროექტის მომზადების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო გამოცდილება.