სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 13 სექტემბერი, 2019
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სსიპ პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ –  იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი. სასწავლო ცენტრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ებს წარმოადგენენ.

აუდიტის შედეგად ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები და გაუმჯობესების პოტენციალი. კერძოდ, ორგანიზაციებში არსებობს სტრატეგიული დაგეგმვის, გეგმის იმპლემენტაციის, ორგანიზაციული სტრუქტურის გარკვეული ნაკლოვანებები, ტრენინგების თემატიკისა და მონაწილეთა რაოდენობის განსაზღვრაში არსებული ხარვეზები, რომელიც გავლენას ახდენს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვასა და დანახარჯების ეკონომიურობაზე. ამავდროულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრს შემოსავლის ზრდის შესაძლებლობები გააჩნია.

სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

  • სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტებში არ არის ნათლად გაწერილი მიზნებთან შესაბამისი აქტივობები და შესრულების ვადები. ცენტრის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა არ მოიცავს შესაძლებლობების გამოვლენისა და შემოსავლების ზრდის პოტენციალის ანალიზს.
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ტრენინგებს, რომლებიც ნაკლებშემოსავლიანია, მაგალითად 2017 წელს ფინანსური მიმართულების ტრენინგების თანამშრომლებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების დანახარჯი დაახლოებით 8-ჯერ აღემატებოდა ამ მიმართულების ტრენინგებიდან მიღებულ შემოსავალს.
  • სსიპ ფლობს ტერიტორიულ ორგანოს, სასწავლო ცენტრს ყვარელში, საიდანაც შემოსავლის მიღების პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამ მიმართულებით საკმარის აქტივობას არ ახორციელებს. 2017-2018 წლებში ყვარლის სასწავლო ცენტრის შემოსავალი ნაკლებია მასზე გაწეულ ხარჯზე. აღნიშნულის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრის დატვირთვის ძირითადი ნაწილი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგებზე მოდის, ასევე ცენტრი წლის განმავლობაში 2/3-ით არის დატვირთული. სსიპ-ს სტრატეგია არ აქვს შემუშავებული ცენტრის მოგების გასაზრდელად და მისი ოპტიმალური დატვირთვის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, წინასწარ არ არის განსაზღვრული წელიწადის რა პერიოდში და რამდენი დღით დაიტვირთება ცენტრი თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების ჩატარებით. ამასთანავე, სსიპ-ს არ ჩაუტარებია საკმარისი მარკეტინგული ღონისძიებები ცენტრის ცნობადობის ასამაღლებლად და დაინტერესებული პირების მოზიდვის მიზნით.

სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი

2015-2017 წლების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 6 მიზნიდან 2 ნაწილობრივ, ხოლო ერთი ვერ იქნა მიღწეული. 2018 წელს სტრატეგიული გეგმა არ შემუშავებულა. აღნიშნულ პერიოდში ცენტრმა მხოლოდ ტრენინგების განრიგი დაამტკიცა.

ორგანიზაციული სტრუქტურის ნაკლოვანებები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი – ორგანიზაციული სტრუქტურა არ არის ოპტიმალური. ცენტრი შედგება 11 სტრუქტურული ერთეულისგან, მათ შორის არის სამსახურები, რომელთაც მსგავსი ფუნქციები აქვთ (მაგალითად ოთხი მიმართულების ტრენინგების სამსახურები). შედარებით ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად შრომის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯების დაზოგვა.

პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი – ცენტრს აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსი. როგორც წესი, აღნიშნული სამართლებრივი ფორმით მოქმედი ორგანიზაციები ახორციელებენ სამინისტროსგან დელეგირებულ უფლებამოსილებებს, რომელიც უშუალოდ არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში. სსიპ-ებს გააჩნიათ ისეთი სტრუქტურული ერთეულები, როგორიცაა, შესყიდვების სამსახური, საფინანსო სამსახური და დამოუკიდებლად ახორციელებენ უფლებამოსილებას. ამასთანავე, არსებული პრაქტიკით, სსიპ-ების (მათ შორის, სასწავლო ცენტრების) უმრავლესობა ორიენტირებულია შემოსავლების მობილიზებაზე. ცენტრი უზრუნველყოფს მხოლოდ სისტემის თანამშრომელთა ტრენინგს და მას საკუთარი შემოსავლები არ გააჩნია. ამასთანავე, ცენტრში შექმნილია სამინისტროსგან დამოუკიდებელი სამსახურები (მაგალითად, შესყიდვების სამსახური, საფინანსო სამსახური). აღნიშნული სამსახურების არსებობა სამუშაო პროცესში უზრუნველყოფს საქმიანობის მოქნილობას, თუმცა შემოსავლების არარსებობის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა (სსიპ) დამატებით რესურსს და დანახარჯებს არ მოითხოვდეს. აუდიტორული პროცედურების შედეგად, ვერ დავრწმუნდით პენიტენციური და პრობაციის სისტემის თანამშრომელთა მომზადების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირების მიზანშეწონილობაში.

ტრენერების შრომის ანაზღაურების განსაზღვრაში არსებული ნაკლოვანებები

 სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში არ არის შემუშავებული ტრენერების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები. სსიპ ხელმძღვანელობს გარკვეული კრიტერიუმებით, თუმცა აღნიშნული პრაქტიკა და ანაზღაურების ზღვრული მოცულობები დამტკიცებული არ არის. ყოველი ტრენერის შრომის ანაზღაურების ოდენობა ინდივიდუალურად დგინდება. აუდიტის ობიექტების ხარჯების მნიშვნელოვანი წილი შტატგარეშე თანამშრომელთა, მათ შორის, ტრენერების შრომის ანაზღაურებაზე მოდის და მნიშვნელოვანია, დარეგულირდეს აღნიშნული თანხების გაანგარიშება არაობიექტური და არაეკონომიური გადაწყვეტილებების თავიდან არიდების მიზნით.

ადმინისტრაციული ხარჯების არაეკონომიურობის რისკი − მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმის ფარგლებში, 2018 წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. შესაბამისად, პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი 2018 წლიდან იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ასევე პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი.

არსებული მდგომარეობით, ორივე სსიპ-ის საშტატო განრიგი ითვალისწინებს შინაარსობრივად მსგავს სტრუქტურულ ერთეულებსა (შესყიდვების სამსახური, საფინანსო სამსახური) და თანამდებობებს. ასეთი თანამდებობრივი სარგოების ჯამი ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 135,600.00 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ოდენობით, შესაძლოა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, დანახარჯების რაციონალიზაციის მიზნით, სსიპ-ების შერწყმაზე მსჯელობა სამინისტროსთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული ნაკლოვანებები

სსიპ-ებში სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერების საშუალოდ 24% უშედეგოდ დასრულდა, ხოლო არაკონკურენტულ გარემოში წარიმართა გამოცხადებული ტენდერების საშუალოდ 48%. აუდიტის შედეგად გამოვლინდა უშედეგოდ და არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებული ტენდერების მიზეზები: მიმწოდებლებისთვის წაყენებული შემზღუდველი მოთხოვნები, დაკონკრეტებული პარამეტრები და სატენდერო დოკუმენტაციის ხარვეზები. ტექნიკური მოთხოვნებისა და სატენდერო პირობების გაუმჯობესებით, შესაძლებელია კონკურენციის ზრდა და შესყიდვების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

სსიპ პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრს და სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს:

  • საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ორგანიზაციებმა შეიმუშაონ ქმედითი სტრატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძნება რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობილ მოლოდინებს;
  • რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა განიხილოს შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავების საკითხი. 
  • მნიშვნელოვანია სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდეს ყვარლის სასწავლო ცენტრის განვითარების და დატვირთვის გეგმა, რომელიც მიმართული იქნება სასწავლო ცენტრის შემოსავლების ზრდისკენ.

იუსტიციის სამინისტროს:

სამინისტრომ იმსჯელოს სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის სტრუქტურული დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესახებ და აღნიშნულ პროცესში გაითვალისწინოს საერთაშორისო პრაქტიკა.

სსიპ პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრს და სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს:

რესურსების ეკონომიურად და ოპტიმალურად განკარგვის მიზნით სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს ტრენერების შრომის ანაზღაურების გაანგარიშების ობიექტური და ქმედითი კრიტერიუმები;

სახელმწიფო შესყიდვების ეკონომიურად განხორციელების მიზნით, აუდიტის ობიექტებმა შეიმუშაონ სატენდერო დოკუმენტაციის კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას.

იუსტიციის სამინისტროს:

ადმინისტრაციულ ხარჯებზე მიმართული რესურსების ეკონომიურად გამოყენების მიზნით, სამინისტრომ განიხილოს სსიპ-ების შერწყმის მიზანშეწონილობის საკითხი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები