სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩაატარა 47 აუდიტი, სულ აუდირებულმა თანხამ შეადგინა 3,065,922.1 ათასი ლარი.
აუდიტების შედეგად 700-მდე შემთხვევაში − 626,697.2 ათასი ლარის მართვისა და განკარგვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება, მათ შორის, 578,123.5 ათასი ლარი − აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსებისა და აქტივების არამიზნობრივი თუ არაეფექტიანი განკარგვით, შესყიდვების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევით, ასევე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისას დაშვებული დარღვევა - ნაკლოვანებებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი მიზანია საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების მიმდინარე საქმიანობაში დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოჩენა, არამედ ღონისძიებების გატარება, რათა მომავალში მოხდეს მსგავსი ტიპის ხარვეზების თავიდან აცილება. ამისათვის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მეთვალყურეობას უწევს მათ შესრულებას. მონიტორინგის ფარგლებში სამსახური სწავლობს როგორც შესრულებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმებს რეკომენდაციების შესრულების შესახებ. 2016-2017 წლებში სამსახურმა გასცა 283 რეკომენდაცია, მათ შორის, 2016 წელს − 102, ხოლო 2017 წელს − 181.