სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 21 მარტი, 2019
სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად უზრუნველყოფს სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − სამსახური) მიერ განხორციელებული სახანძროტექნიკური შემოწმებები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში (შემდგომ − ობიექტი).

2018 წელს განხორციელდა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, რომელმაც განაპირობა შემდეგი ცვლილებები:

  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა გაიზარდა 50-1,000 ლარიდან 300-10,000 ლარამდე;
  • სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია 9,103 ობიექტიდან გაიზარდა სულ მცირე 15,000 ობიექტამდე;
  • სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია და ინსპექტორების რაოდენობა შემცირდა 201-დან 32 ინსპექტორამდე.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სამსახურის ხელთ არსებული ობიექტების სია არ იყო სრული. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის მიერ საცნობარო ვებგვერდზე მოძიებული ზედამხედველობას დაქვემდებარებული 231 ობიექტიდან 41 ობიექტი (18%) სამსახურს აღრიცხული არ ჰქონდა. შესაბამისად, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება ჩატარებული არ ყოფილა იმის მიუხედავად, რომ ობიექტები ბოლო წლებში ფუნქციონირებდნენ მუდმივად.

2018 წლის რეფორმის შედეგად ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სიის ზრდისა და ინსპექტორების რაოდენობის შემცირების საპასუხოდ, სამსახურს არ აქვს შემუშავებული ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, შესაბამისი მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების ახალი სისტემა. ამასთანავე, ხანძრების და შემოწმებების სტატისტიკა ვერ უზრუნველყოფს რისკიანი ობიექტების გამოვლენას.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში თბილისის რაიონებში რეკომენდაციების გაცემის მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა არსებობდა. რიგ შემთხვევებში, კონკრეტული რეკომენდაცია ზოგიერთ რაიონში საერთოდ არ გაიცემოდა.

რეკომენდაციების სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად, სამსახურში არ არის დანერგილი სისტემური ხარისხის კონტროლის მექანიზმები და ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. ასევე სამსახურს არ აქვს შემუშავებული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ერთიანი კონსოლიდირებული სტანდარტი, რომელიც გააერთიანებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან მოთხოვნას.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების უდიდეს ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული არ იყო, ხოლო სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი დაბალი დონით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული დეტალური შემოწმებების მიხედვით, შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ 1 მათგანში არ აღმოჩნდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული და არ გაიცა რეკომენდაცია, ხოლო ამავე პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შემოწმებების მიხედვით, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების 100% შესრულებული იყო მხოლოდ ობიექტების 14%-ში (408 დარღვევების მქონე ობიექტიდან − 59 ობიექტში).

2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში სათანადოდ არ იქნა გამოყენებული ობიექტების დაჯარიმების და შენობა-ნაგებობების, საწარმოო უბნის, სათავსოს ექსპლუატაციის ან სამუშაოს ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება. კერძოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული დარღვევების მქონე ობიექტების 50% არ დაჯარიმდა, ხოლო საქმიანობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა მხოლოდ 1 ობიექტს. სამსახურში არ არის ჩამოყალიბებული შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინსპექტორების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად ამოქმედებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში დაჯარიმებული ობიექტების 21%-ს ჯარიმები არ ჰქონდა გადახდილი. აღნიშნულს უკავშირდება ის ფაქტი, რომ სამსახურს არ აქვს დანერგილი ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმები.

სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სრულად აღრიცხვის მიზნით, სამსახურმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან (მაგალითად, შემოსავლების სამსახური) თანამშრომლობით სისტემურად უზრუნველყოს ობიექტების სიის დაზუსტება;

სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების ოპტიმალურად განხორციელების მიზნით, სამსახურმა უზრუნველყოს შემოწმებების სათანადოდ დაგეგმვა, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების სისტემა;

ობიექტის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა სამსახურმა:

  • მეთოდოლოგიურად გამართოს სახანძრო-ტექნიკური შემოწმების პროცესი, მათ შორის, შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი და შემოწმების პროცესში ინსპექტორების მიერ შესავსები ფორმა;
  • შეიმუშაოს ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა და ტრენინგების მოდული;
  • დანერგოს ინსპექტორების საქმიანობის ხარისხის კონტროლის სათანადო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციების სისრულისა და ხარისხის შემოწმებას;

ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სანქცირების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების მქონე ყველა ობიექტი და მოხდება ჯარიმების ამოღება.