სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, გეგმური ამბულატორიული კომპონენტის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის ფარგლებში, ზემოაღნიშნული კომპონენტის ფუნქციონირების პროდუქტიულობასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებული ნაკლოვანებები და ხარვეზები:
გამოკითხვიდან იკვეთება, რომ ბენეფიციარების თითქმის ნახევარს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ამბულატორია არ შეურჩევია საკუთარი სურვილით და სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებულია ავტომატურად, ხოლო ნაწილ მათგანს ჯერ არ მიუმართავს ამბულატორიისთვის. ავტომატური რეგისტრაციის ფაქტი ეწინააღმდეგება როგორც დადგენილ წესს, ასევე ხელს უშლის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ბაზარზე ამბულატორიულ დაწესებულებებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნას.
ბენეფიციარების დიდი ნაწილი სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და არა პრევენციის მიზნით, რაც გრძელვადიან პერიოდში ზრდის მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიერ გაწეულ დანახარჯებს.
2014 წელს პროგრამაში ჩართული ამბულატორიების 23%-ში რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობა აღემატებოდა 2,000 პირს, რაც აჭარბებს საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრულ ოპტიმალურ რაოდენობას. პროგრამაში ჩართული ამბულატორიების 15%-ს სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი ქვე-კონტრაქტორი ამბულატორია, რომელიც გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს ბენეფიციარებისთვის, არ ჰყავს შერჩეული იმავე ქალაქში, სადაც თავად ფუნქციონირებს, რაც თავის მხრივ ქმნის დაბრკოლებას ბენეფიციართათვის და ნაწილობრივ წარმოშობს ხელმისაწვდომობის პრობლემას.
პროგრამის ფარგლებში არსებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების შესახებ ინფორმირებულობის დონე გამოკითხულ სეგმენტში დაბალია, თუმცა ბენეფიციარები ფლობენ ზოგად ინფორმაციას პროგრამის არსებობის შესახებ.
ამბულატორიებში არსებული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების პირობების შესახებ, რაც ზრდის მოსახლეობის მხრიდან, პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის თანხების შეუსაბამოდ გადახდის რისკს.
აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.