სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განხორციელებული სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობა. კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენის, შესაბამისი სანქციების დაკისრების, სამართალდამრღვევთათვის საჯარიმო ქვითრების ჩაბარებისა და დაკისრებული სანქციების ამოღების საკითხები.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სამართალდარღვევების გამოვლენაში არსებული პრობლემები და ნაკლოვანებები
- ტერიტორიული დაფარვის პრობლემა - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა ვრცელდება ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და მთავარ ავტომაგისტრალებზე, რაც საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 45%-ს შეადგენს. ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე, კერძოდ ზოგიერთ ქალაქში, დაბებსა და სოფლებში, ასევე ნაკლებად დატვირთულ გზებზე - პატრულირება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს (სამხარეო პოლიციის დეპარტამენტებს) ევალებათ. 2015-2017 წლებში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიაზე ქვეყანაში მომხდარი ავარიების 10-12%, ხოლო გარდაცვალების - 26-28% მოდის. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია შედარებით ნაკლებად კონტროლირებად გარემოს წარმოადგენს შემდეგ მიზეზთა გამო:
- ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიაზე საერთოდ არ ხორციელდება ვიდეო/ფოტო მეთვალყურეობა;
- უბნის ინსპექტორების ერთი კონკრეტული საპატრულო ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორია ყოველთვის გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა.
- აუდიტის პერიოდში უბნის ინსპექტორები კვირაში 80 საათზე მეტს მუშაობდნენ (ყოველ მე-2 დღეს მორიგეობდნენ), რაც მკვეთრად ამცირებდა მათი საქმიანობის პროდუქტიულობას. ამჟამად მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ 72 საათი უწევთ მუშაობა.
- უბნის ინსპექტორები ტექნიკურად უფრო ნაკლებად არიან აღჭურვილები, ვიდრე პატრულ-ინსპექტორები. მაგალითად, მათ არ გააჩნიათ სამხრე ვიდეოკამერები, ელექტრონული ქვითრის ამობეჭდვის საშუალება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელით წერენ) და ა.შ.
- სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენის პრობლემა - ქვეყანაში საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება. აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება, თუ სექციური რადარები დროულად დამონტაჟდება და ამოქმედება, ხოლო შესაბამისი თანამშრომლები სიჩქარის მზომი ხელსაწყოებით აღიჭურვებიან, განსაკუთრებით ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ აკონტროლებს საპატრულო პოლიცია და არც რადარებით კონტროლდება.
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირებაში არსებული პრობლემები - ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც ავლენს საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევებს (სიჩქარის გადაჭარბების გარდა), არ არის ტექნიკურად გამართული.
- საპატრულო პოლიციის საქმიანობაში არსებული ნაკლოვანება - უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო, არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა.
- ქვეითად მოსიარულეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენის პრობლემა - ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზს ხშირად წარმოადგენენ ქვეითად მოსიარულეები, მათი დაჯარიმება კი თითქმის არ ხდება.
სამართალდარღვევებზე ადეკვატური სახდელების დაკისრებაში არსებული ნაკლოვანებები
სისტემატურად დამრღვევებისათვის ადეკვატური სახდელის დაკისრებას ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული კოდექსის ზოგიერთი მუხლი. ასეთებია მაგალითად, კოდექსის 116-ე და 121-ე მუხლები, რომლებიც ადგენენ სახდელის ოდენობას მანქანის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე შეჩერებული აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია მართვის უფლება. აღნიშნული მუხლების მოთხოვნათა სისტემატური დარღვევის შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ხოლო აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებებით იკვეთება, რომ ზოგიერთი მძღოლის მიერ აღნიშნული მუხლების მოთხოვნები განმეორებით ირღვევა და ფატალური შედეგებით მთავრდება. ქულათა სისტემის შემოღებამ, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, გაამკაცრა მიდგომა სისტემატური დამრღვევების მიმართ, თუმცა ქულების სისტემა არ ამკაცრებს სასჯელს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ქულების ამოწურვის შემთხვევაშიც გააგრძელებენ ავტომანქანის მართვას. ასეთ შემთხვევაში არ დგება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
- ვიდეოჯარიმებზე ქულების კლების სისტემა არ ვრცელდება, რაც ამცირებს ვიდეოჯარიმების ეფექტიანობას. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ჯარიმა აისახება მძღოლის ქულებზე და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
- გარკვეული პრობლემებია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით უკვე დაფიქსირებულ დარღვევებზე სანქციების დაკისრების თვალსაზრისით, კერძოდ: - ოპერატორების მიერ ჯარიმის გამოწერა არ ხდება იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საიდენტიფიკაციო კოდი პროგრამაში არ არის დაფიქსირებული. - აუდიტის პერიოდში არ ხორციელდებოდა ვიდეოჯარიმების გამოწერა და სანქციების შეფარდება სატრანზიტო და უცხო ქვეყნის სანომრენიშნებიან ავტომანქანებზე. - ჯარიმების გამოწერა ვერ ხორციელდება აგრეთვე მცირე პროგრამული, ტექნიკური ხარვეზით (რაც განხილულია ანგარიშში) დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევაშიც, რაც ამცირებს გამოვლენილ დარღვევაზე გატარებული რეაგირების მაჩვენებელს. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე არადროული და არაპროპორციული რეაგირება გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობაზე და იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს.
სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების ამოღების ღონისძიებების არაეფექტიანობა
- ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25-30% თავს არიდებს დაკისრებული ჯარიმების გადახდას. ჯარიმის გადახდის მიზანი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯარიმის აღსრულების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება.
- სამინისტროში არსებული პროგრამა ხასიათდება ხარვეზით. კერძოდ, საერთოდ ვერ ხერხდება კერძო კომპანიების მიერ გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იძულებით აღსრულების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არც ფოსტის საშუალებით იგზავნება. შედეგად, იმ კერძო კომპანიებზე, რომლებიც არ იხდიან ჯარიმებს, არც იძულებით აღსრულების ღონისძიებები ხორციელდება. ჯამში ასეთი კატეგორიის და გადაუხდელის სტატუსის მქონე ვიდეოჯარიმების ღირებულებამ 2016 წლისათვის თითქმის 450.0 ათასი ლარი შეადგინა.
- აუდიტის მიმდინარეობისას შსს-ს სტრუქტურულ ერთეულებს არ გააჩნდათ ურთიერთშესაბამისი, სტატისტიკური კრებსითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის და ღირებულების ჯარიმები არ იქნა გადახდილი დამრღვევების მიერ, რამდენი ვიდეოჯარიმა არ ჩაბარდა ადრესატს, რა ღირებულების საურავი იქნა დარიცხული გადაუხდელ ჯარიმებზე, რამდენი იყო მათგან გადაუხდელი და რამდენი გადაეცა სააღსრულებოდ. აღნიშნული ტიპის ინფორმაცია კი აუცილებელია ანალიტიკური საქმიანობის სწორად წარმართვისა და შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. სამინისტროს ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჯარიმების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, რა ოდენობის და ღირებულების ჯარიმისა და საურავის ამოღება ვერ ხდება და რა მიზეზით.