სახელმწიფო აუდიტის სამსახური

27 ოქტომბერი, 2016
პრიორიტეტების განსაზღვრისა და პროექტების შერჩევის პროცესი თვითმმართველ ერთეულებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველ ერთეულებში პრიორიტეტების განსაზღვრისა და პროექტების შერჩევის პროცესის ეფექტიანობის აუდიტი.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აბაშის, გურჯაანის, თეთრიწყაროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გამგეობები, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოები 2 შერჩეულ რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი). აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2015 წელი და 2016 წლის პირველი ნახევარი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით ჩატარებულ სოფლის კრებებზე მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია. ამასთანავე, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი ფორმების გამოყენება.

მუნიციპალიტეტებში დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია სოფლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების  შესახებ, უმეტესად ზოგადი და ფრაგმენტულია, რის გამოც შეუძლებელია სოფლებს შორის არსებული უთანაბრობის გამოვლენა და ყველაზე მწვავე პრობლემების იდენტიფიცირება. ამასთანავე, შერჩეული მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებს ვერ აწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის რეალური პრიორიტეტების შესახებ.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავების სახელმძღვანელოში მოცემული პროექტების შეფასების კრიტერიუმების სკალები უმეტესად ზოგადია და ვერ უზრუნველყოფს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესის ერთიან ჩარჩოში მოქცევას. გარდა ამისა, იმ კონკრეტული კრიტერიუმის ფარგლებში, რომლის სკალა დეტალურადაა განმარტებული სახელმძღვანელოში, სამუშაო ჯგუფების მიერ პროექტზე ქულის მინიჭება ტექნიკური უზუსტობებით ხდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს პრიორიტეტების განსაზღვრისა და პროექტების შერჩევის პროცესის გაუმჯობესებას თვითმმართველ ერთეულებში.