სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 04 მარტი, 2022
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019, 2018, 2017

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმა განხორციელდა. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაინერგა პროგრამები და სერვისები, რომლებიც მორგებულია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა უფლებებზე და მიმართულია რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზით მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა ხარვეზები, ნაკლოვანებები და გამოწვევები, რაც განხილულია წინამდებარე ანგარიშში. 

ბენეფიციართა აღრიცხვიანობის ნაკლოვანებები 

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა არ იძლევა ბენეფიციართა შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. ამასთანავე, ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობის შესახებ მოწოდებულ რეესტრებში ასახული ინფორმაცია შეიცავდა ხარვეზებს, არ იყო სრულყოფილი და ზოგიერთ შემთხვევაში, მონაცემები არ იყო ზუსტი. გარდა აღნიშნულისა, აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების გამო, სტრუქტურული ერთეულების მიერ ვერ იქნა მოწოდებული სრული და ზუსტი ინფორმაცია ბენეფიციარებთან მიმართებით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის შესახებ. 

სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ იდენტიფიცირებულია ზემოაღნიშნული ხარვეზები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, ბენეფიციართა აღრიცხვის ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით. 

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ნაკლოვანებები 

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს აღნიშნული მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, 2017-2018 წელს შესაბამის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს ინდივიდუალურად შემუშავებული არ ჰქონდათ და წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ერთეულის, სამუშაო ჯგუფების დოკუმენტებში. ამასთანავე, გეგმებში მითითებული აქტივობები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი შეფერხებებით, ხოლო გარკვეული მათგანი არ დაწყებულა. 

იუსტიციისა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს გაერთიანების შემდგომ, 2018 წელს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესთან მიმართებით დაგეგმილ 13 აქტივობას, განსაზღვრული 37 ინდიკატორით. აღნიშნული ინდიკატორებიდან დასრულებულია 57%, მიმდინარეა − 38%, ხოლო არ დაწყებულა − 5%. შეუსრულებელი საქმიანობის ძირითად მიზეზად მითითებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემია და აქტივობების ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულება. 

რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში დანერგილ სერვისებსა და ღონისძიებებში ბენეფიციართა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი 

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ბენეფიციართა ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია. გარდა აღნიშნულისა, პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდება ყველა ბენეფიციარის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ოფისებში. კერძოდ: 

  • 2017-2020 წლებში პენიტენციური დაწესებულებებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა ან სასჯელი შეეცვალა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი ფორმით, ჯამურად − 4,866 ბენეფიციარს, საიდანაც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში დანერგილ ძირითად პროგრამებში ჩართული იყო მხოლოდ 20%. აღსანიშნავია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, მსჯავრდებულთა უმრავლესობის მთავარ მამოტივირებელ ფაქტორს წარმოადგენს რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობის დადებითი გავლენა სასჯელის შემსუბუქებაზე. არსებული მდგომარეობით, მსჯავრდებულთა პროცესში ჩართულობის მოტივაციის გაზრდის მიზნით, წამახალისებელი აქტივობები დანერგილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; 
  • სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზება აგებული უნდა იყოს სასჯელის  მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაზე და ასეთი სახის გეგმები უნდა მოიცავდეს: მსჯავრდებულთა დასაქმებას, განათლებას და გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესს. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და შემთხვევის მართვა არ ხორციელდება, როგორც პირობით, ასევე პატიმრობაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრების მიმართ. კერძოდ: 
    • პენიტენციურ დაწესებულებებში აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით და 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, 7,321 სრულწლოვანი მსჯავრდებულიდან, შემთხვევის მართვა მიმდინარეობს მხოლოდ 366 (5%) ბენეფიციარის მიმართ;
    • რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭიროა როგორც ფსიქოლოგის, ასევე სოციალური მუშაკის ჩართულობა. შესაბამისი სპეციალისტების საკადრო დეფიციტის გამო, პროცესი არ არის ხელმისაწვდომი პრობაციის სააგენტოს ყველა რეგიონსა და ოფისში. ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სავალდებულოდ განესაზღვრება სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობა. დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, ხდებოდა თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება იმ რეგიონებში, სადაც არ იყო ხელმისაწვდომი შესაბამისი სპეციალისტი; 
    • ყოფილ პატიმრებთან მიმართებით, პროცესი 2020 წლამდე 5 ოფისში, დღეის მდგომარეობით კი, მხოლოდ თბილისში მიმდინარეობს. პენიტენციური სამსახურის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, 2019-2020 წლებში პენიტენციური დაწესებულება დატოვა 7,879 მსჯავრდებულმა, ხოლო პროცესში ყოფილი პატიმრის სტატუსით ჩაერთო მხოლოდ 4.5%. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული 311 ყოფილი პატიმრებიდან, სოციალური მუშაკები მუშაობენ 190 ბენეფიციართან, ხოლო 121 ბენეფიციარი რაიონული ოფისების დახურვისა და სპეციალისტების შემცირების გამო, ვერ იღებს შესაბამის მომსახურებას. შესაბამისად, ყოფილი პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებით, ჩაერთოს და ისარგებლოს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში არსებული სერვისებით. 
  • სტრუქტურულ ერთეულებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მნიშვნელოვანი საკადრო დეფიციტია ბენეფიციარების რაოდენობასთან მიმართებით. ამასთანავე, აუდიტის პერიოდში გამოვლინდა სპეციალისტების სისტემიდან გადინების ტენდენცია. კერძოდ: 
    • 2019 წელს, 15 პენიტენციური დაწესებულებიდან, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი), ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 6 მათგანში, 2020 წელს კი 13-დან − 5 პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე ამავე პერიოდში, პრობაციის სააგენტოს 64 ოფისიდან, სოციალური მუშაკი არ იყო ხელმისაწვდომი 45-ში, ფსიქოლოგი კი − 43 -ში; 
    • სტრუქტურული ერთეულებიდან სპეციალისტთა გადინებისა და შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსების უშედეგოდ დასრულების მაჩვენებელი მაღალია, რის ძირითადი მიზეზი სამოტივაციო ფაქტორების ნაკლებობაა;
    • 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული სოციალური მუშაკების 91%-ს, ხოლო პრობაციის ოფისებში დასაქებულების 21%-ს, არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია/განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით.
  • პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ოფისებში რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის დეფიციტია, ხოლო არსებული - საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. 13 პენიტენციური დაწესებულებიდან, სპეციალისტების მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური შეხვედრის ოთახები ხუთ მათგანშია ხელმისაწვდომი, დანარჩენ დაწესებულებებში შეხვედრები ხორციელდება საზიარო ოთახებში, სადაც შეხვედრების გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამასთანავე, პროცესში დანერგილი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭიროა დამატებითი სივრცეები და მატერიალური ბაზა. 2019-2021 წლებში პრობაციის სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, თუმცა დღეის მდგომარეობით, პრობაციის 65 ოფისიდან, ინდივიდუალური შეხვედრების ოთახი შვიდ მათგანში არ არის, ხოლო 33 ოფისში შეხვედრები მიმდინარეობს საზიარო ოთახებში. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები, აუდიტის პერიოდში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა დასახული მიზნების მიღწევას. 

ბენეფიციართა განათლებით უზრუნველყოფის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები 

მსჯავრდებულთა განათლების მიღების ნაწილში გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ მსჯავრდებულთა სურვილსა და შესაძლებლობებზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება. კერძოდ: 

  • არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ნახევრად ღია, დახურული, განსაკუთრებული რისკისა და ქალთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის, მაშინ როდესაც აღნიშნული ტიპის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა რიცხოვნობა სრული რაოდენობის 95%-ს შეადგენს; 
  • სრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ზოგადი განათლების მიღება ხელმისაწვდომია მხოლოდ მათი შესაძლებლობებით, შესაბამისი პედაგოგების დახმარების გარეშე. ამასთანავე, მათ შესაბამისი სასწავლო წიგნებით განათლების სამინისტრო და პენიტენციური დაწესებულებები არ უზრუნველყოფენ. აღნიშნულ ბენეფიციარებს წიგნებს აწვდიან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, პირადი ინიციატივისა და კონტაქტების საშუალებით მოძიებული მასალებით; აუდიტის პერიოდში, სრულწლოვანთა დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთაგან, მხოლოდ სამმა მათგანმა ჩააბარა შესაბამისი გამოცდა, რაც დაბალი მაჩვენებელია და შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოაღნიშნული მიზეზებით; 
  • მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ კორესპონდენციული სწავლების მეთოდით/და გარკვეული სპეციალობების მიმართულებით, თუმცა უმაღლესი განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა ნაკლოვანებები, რის გამოც ბენეფიციართა ნაწილმა შეწყვიტა სწავლა. აღნიშნული გამოწვეულია ნორმატიული აქტით განსაზღვრული შეზღუდული სპეციალობების ჩამონათვალით, ასევე საკითხის დარეგულირებისა და მსჯავრდებულთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, პენიტენციურ სამსახურსა და შესაბამის სტრუქტურებს შორის არასათანადო კოორდინაციით. 
  • პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკები საჭიროებს როგორც სარემონტო სამუშაოებს, ასევე შესაბამისი საგანმანათლებლო და ზოგადი ლიტერატურით და სხვა (განსაკუთრებით უცხოენოვანი) მასალებით შევსებას.

ბენეფიციართა დასაქმების პროცესში არსებული ხარვეზები 

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა დასაქმებაში გამოვლინდა ხარვეზები და გამოწვევები, კერძოდ: 

  • პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა დასაქმების გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არიან ჩართული რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის პროცესის უშუალო განმახორციელებელი სპეციალისტები − სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები; 
  • პენიტენციურ დაწესებულებებში, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის ფარგლებში დამზადებული სხვადასხვა ტიპის ნაკეთობების რეალიზება უნდა განხორციელებულიყო ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, თუმცა პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები, რომლის დარეგულირება პენიტენციურმა სამსახურმა ვერ შეძლო. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ონლაინ/ელექტრონული მაღაზია არ ფუნქციონირებს;
  • 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მონაწილე ყოფილი პატიმრების 65% ჩართული იყო სოციალური დახმარების პროგრამაში ან დაყადაღებული ჰქონდა ანგარიშები. დასაქმების შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ტიპის ბენეფიციარებს ეხსნებათ სოციალური შემწეობა. ამიტომ, უმეტესი მათგანი დასაქმებისას ან უარს აცხადებს შეთავაზებულ ვაკანსიაზე და არჩევს სოციალური დახმარების მიღებას, ან ირჩევს ისეთი ტიპის სამსახურს, სადაც ანაზღაურება არ ხორციელდება საბანკო ჩარიცხვებით. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს ყოფილ პატიმართა დასაქმებასა და, შესაბამისად, რესოციალიზაციაზე; 
  • ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასაქმების მიზნით შექმნილმა საწარმომ − ა(ა)იპ − „შეცვალე სცენარი“, მომხმარებლის კლების გამო, 2019 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. შესაბამისად, დახარჯულმა რესურსმა ვერ უზრუნველყო გათვალისწინებული შედეგის მიღება. 

ზემოაღნიშნული ნაკლოვანებებისა და გამოწვევების დარეგულირება მნიშვნელოვნად გაზრდის მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა დასაქმების მაჩვენებლებს, რაც დადებითად აისახება ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესზე. 

მსჯავრდებულთა გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გაუმჯობესების პოტენციალი 

მსჯავრდებულთათვის არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებები. აღნიშნული გამოწვეულია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების ნაკლებობით. კერძოდ: 

  • ვიდეოპაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი 13-დან ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში. ქვეყნის მასშტაბით, პრობაციის სააგენტოს 65 ოფისიდან, მხოლოდ 12-შია მოწყობილი ვიდეოპაემნის ორგანიზებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა; 
  • ხანგრძლივი პაემანის სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო სერვისის განხორციელების მიზნით, პენიტენციური სამსახურის მიერ ხორციელდება მსჯავრდებულთა გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც დამატებით ზრდის ადამიანური და ფინანსური რესურსების საჭიროებას. 

სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის ნაკლოვანებების გავლენა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესზე 

პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამების ან ღია დაწესებულებაში გადაყვანის საშუალებით, უნდა მიეცეს საზოგადოებაში ეტაპობრივი რეინტეგრაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გათავისუფლებისთვის მომზადება. 

„გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა“ დანერგილია მხოლოდ ნახევრად ღია ტიპის და დაბალი რისკის დაწესებულებებში. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა არ შეუძლიათ დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში განთავსებულ მომეტებულ და მაღალი რისკის მსჯავრდებულებს, რომელთაც კალენდარულად უწევთ გათავისუფლება ან შესაძლებელია ვადაზე ადრე დატოვონ საპატიმრო. დღეს მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, აღნიშნული ბენეფიციარები პროცესს მიღმა რჩებიან. 2017-2020 წლებში აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 151 ბენეფიციარი. 

არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს გათავისუფლებისთვის მომზადების დროს გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებთან მიმართებით საპატიმროს დროებით დატოვების სერვისით სარგებლობის უფლებას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა მსჯავრდებულს აყენებს არჩევანის წინაშე: აღნიშნული უფლებით სარგებლობისას, დრო დაუთმოს სწავლას/დასაქმებას, თუ ოჯახის წევრების მონახულებას. აღნიშნული კი ხელისშემშლელი ფაქტორია მსჯავრდებულის საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის. 

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაცია ნორმატიული აქტ(ებ)ით არ არის დარეგულირებული. შესაბამისად, არ მიმდინარეობს სრულწლოვან ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. 

აუდიტის პერიოდში სტრუქტურულ ერთეულებს არ ჩაუტარებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულების აზრის კვლევა, მათი ჩართულობის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გათვალისწინებული იყო სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს: 

რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის პროდუქტიულად განხორციელებისა და ეფექტიანობის შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია სტრუქტურულ ერთეულებში დაინერგოს ბენეფიციართა აღრიცხვისათვის შესაბამისი გამართული პროგრამული უზრუნველყოფა და განხორციელდეს პროცესში მიწოდებულ პროგრამებსა და სერვისებში ჩართულ ბენეფიციართა სრულყოფილი რეესტრების წარმოება. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს: 

  1. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში მსჯავრდებულთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს, დაინერგოს და განხორციელდეს წამახალისებელი ღონისძიებები. ამასთანავე, გაიზარდოს ძირითად პროგრამებში ჩართულობის გავლენა პირობით ვადაზე ადრე ან სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლის გადაწყვეტილების მიღებისას.
  2. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის სრული და ეფექტიანი განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია: 
  • სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროცესის განმახორციელებელი სპეციალისტების (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები) დეფიციტის აღმოსაფხვრელად, დამატებით შემუშავდეს და გაძლიერდეს სისტემაში დასაქმების მამოტივირებელი ფაქტორები. თავის მხრივ, აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი კადრების მოზიდვას და შეაფერხებს სისტემიდან კადრების გადინების პროცესს; 
  • სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი სამსახურების მიერ (პენიტენციური სამსახურის შემთხვევაში − სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან კოორდინაციით) იდენტიფიცირებულ იქნეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის სრულად განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებები, დაიგეგმოს შესაბამისი აქტივობები და ეტაპობრივად იქნეს უზრუნველყოფილი პროცესის ხელმისაწვდომობა ყველა დაწესებულებასა და პრობაციის ოფისში. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს: 

მსჯავრდებულთა განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია: 

  • განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბიბლიოთეკების განახლება, როგორც სარემონტო სამუშაოების, ასევე საგანმანათლებლო და ზოგადი ლიტერატურული მასალების შევსების კუთხით; 
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით დამუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ყველა ტიპის მსჯავრდებულს მისცემს საშუალებას, მიიღოს უმაღლესი განათლება და შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდოს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების მიზნით სპეციალობათა ჩამონათვალი; 
  • საჯარო/კერძო პარტნიორობის გაძლიერების ფარგლებში, განათლების სამინისტროს აქტიური ჩართულობით, პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების პროცესში უნივერსიტეტების დაინტერესებისათვის შესაბამისი მექანიზმების შექმნის ინიციირება. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს: 

  • მსჯავრდებულთა დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღონ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა, რათა დასაქმება პროცესში ჩართულობისთვის ერთ-ერთი სამოტივაციო ფაქტორი გახდეს;
  • მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული პროდუქციის გასხვისების მიზნით, განხორციელდეს შესაბამისი აქტივობები და შეიქმნას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ეფექტიანი მექანიზმები, რაც დადებით გავლენას მოახდენს მსჯავრდებულთა როგორც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესზე, ასევე უზრუნველყოფს მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას; 
  • სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართული და ფინანსური ვალდებულებების მქონე ბენეფიციართა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების შესასწავლად და საკითხის დასარეგულირებლად, მნიშვნელოვანია სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატირმო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ  უზრუნველყოს კოორდინირებული მუშაობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, მსჯავრდებულთა დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს: 

მსჯავრდებულთა გარე სამყაროსთან ეფექტიანი კომუნიკაციისათვის მნიშვნელოვანია: 

  • შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ყველა მსჯავრდებულს (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს) მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ვიდეოპაემნის სერვისით; 
  • მნიშვნელოვანია ხანგრძლივი პაემნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამასთანავე, პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განხორციელდეს არსებულის სარემონტო სამუშაოები. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს: 

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია: 

  • გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის/სერვისების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, შესაბამისი ექსპერტების მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციები, რომლის ძირითადი მიზანია, გათავისუფლების მომზადების პროცესი შეეხოს ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების საწყისი ეტაპიდან. 
  • მნიშვნელოვანია შემუშავდეს ეფექტიანი მექანიზმი, რაც, შესაბამისი დასაბუთების ფარგლებში, გათავისუფლებისთვის მომზადების დროს, მსჯავრდებულს საშუალებას მისცემს, პენიტენციური დაწესებულების დატოვების სერვისით სარგებლობისას არ დადგეს არჩევანის წინაშე − დრო გაატაროს ოჯახის წევრებთან, მიიღოს განათლება, თუ დასაქმდეს. 
  • მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელებისათვის, გარდამავალი მენეჯმენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია შემუშავდეს, პრაქტიკაში დაინერგოს და მონიტორინგი გაეწიოს პროცესის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შორის აქტიურ თანამშრომლობას, ვინაიდან პროცესის მიმართ ერთიანი ხედვის არსებობა და მისი კოორდინირებულად წარმართვა, მას უფრო სრულყოფილს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. 
  • რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა გამოწვევაში საზოგადოების საჭიროებისა და ჩართულობის მიზნით, სტრუქტურულმა ერთეულებმა დაგეგმონ და განახორციელონ შესაბამისი აქტივობები.