2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები 14.6 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 14.4 მლრდ ლარით განისაზღვრა. ივნისში კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 18.4 მლრდ ლარამდე (26.6%-ით), გადასახდელების კი 15.9 მლრდ ლარამდე (10.3%-ით) გაიზარდა. ასევე, ბიუჯეტის კანონს დაემატა კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის საპასუხო ღონისძიებები, ჯამური დაფინანსებით 2,038 მლნ ლარი. აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე (39.5%), ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებსა (23.8%) და ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე (17.1%).
8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების ტენდენცია თანაბარზომიერებით ხასიათდება და 6.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 9 თვის გეგმის 94.7%, ხოლო წლიური გეგმის 66.4%-ია. 9 თვის გეგმის შესაბამისად სრულდება საგადასახადო შემოსავლების ყველა კომპონენტი და წლის ბოლომდე მოსალოდნელია მათი პროგნოზირებული მაჩვენებლის შესაბამისად მობილიზება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ბიუჯეტში დივიდენდების მობილიზების საკითხი ისევ პრობლემატურია. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, საწარმოებიდან მიღებული დივიდენდების მოცულობამ 50.5 ათასი ლარი და წლიური გეგმის 5.1% შეადგინა. მიმდინარე წელს შეიკრიბა დივიდენდების გამანაწილებელი სამთავრობო კომისია, თუმცა სხდომაზე მსჯელობა გაიმართა მხოლოდ ერთი საწარმოს დივიდენდების განაწილების საკითხზე და კომისიას სხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები არ მიუღია.
რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 60.1%-ს (9.6 მლრდ ლარს), ხოლო 9 თვის გეგმის 80.6%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გადასახდელების ათვისება შესაბამის კვარტალურ გეგმებთან ჩამორჩენით ხასიათდებოდა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში. აღნიშნული ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის ხარჯვის ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, მოსალოდნელია გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისების კონცენტრაცია 2020 წლის ბოლოს.
პანდემიამ გამოიწვია პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების საჭიროება და გარკვეულწილად შეაფერხა ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების განხორციელება, რაც მათზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების დაბალ მაჩვენებლებში გამოიხატა. თუმცა, საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში ვლინდება ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებასთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც საბიუჯეტო რესურსების მართვის არაეფექტიანობითაა გამოწვეული. კერძოდ:
- გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ თანხების მიმართვას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ბიუჯეტის კანონით არ იყო გათვალისწინებული ან გამოყოფილი ასიგნება საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ორგანიზაციის მხრიდან შესაძლებელი იყო საჭირო ოდენობის რესურსის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გათვალისწინება;
- ზოგიერთი პროგრამა/ქვეპროგრამა ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე კვარტალური განწერით განსაზღვრულ 9 თვის გეგმასთან მიმართებით.
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა ბიუჯეტის კანონის ცვლილებით 2.8 მლრდ ლარიდან 3.0 მლრდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ (51.2%) განაპირობა StopCov ფონდმა, რომელიც პანდემიის საპასუხო ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიქმნა. ფონდის მოცულობა 133.5 მლნ ლარით განისაზღვრა, საიდანაც 8 თვის მდგომარეობით გამოყოფილმა თანხამ 120 მლნ ლარი შეადგინა.
2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 26.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 5.7 მლრდ ლარით აღემატება 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს. აღნიშნული უმეტესწილად დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან.
- საინვეტიციო პროექტების ნაწილი, 8 თვის მდგომარეობით, ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, საკრედიტო სახსრების ათვისება 60%-ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში. აღნიშნულ პროექტებზე, 9 თვის გეგმის გათვალისწინებული იყო 125.4 მლნ ლარის ოდენობით რესურსის მიმართვა, საიდანაც ათვისებული იქნა მხოლოდ 25 მლნ ლარი (20%);
- საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 8 თვის მდგომარეობით, ჯამურად გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.4 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, 60%-ზე დაბალი შესრულების მქონე 9 პროექტის შემთხვევაში, გადახდილია 2.1 მლნ ლარი.