სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 18 ოქტომბერი, 2019
მოხსენება საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე

2019 წლის 8 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების ტენდენცია თანაბარზომიერია და 8 თვეში 6.9 მლრდ ლარს (წლიური გეგმის 66%-ს) შეადგენს:

  • 9 თვის გეგმასთან მიმართებით გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლების თითქმის ყველა კომპონენტი.თუმცა, აღსანიშნავია აქციზისა და იმპორტის გადასახადების გეგმასთან შედარებით ნაკლები მობილიზების ტენდენცია. აქციზის სახით 8 თვეში მიღებული შემოსავლების მოცულობა (860 მლნ ლარი) წლიური გეგმის 59%-ს შეადგენს, რაც ძირითადად გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სრულად არ იქნა გათვალისწინებული რეფორმის მოსალოდნელი შედეგები[1]. იმპორტის გადასახადიდან 8 თვეში მიღებული შემოსავლები კი (50 მლნ ლარი) წლიური გეგმის 60%-ს უტოლდება;
  • სახელმწიფოს საწარმოებიდან დივიდენდების მობილიზების საკითხი ისევ პრობლემატურია. 8 თვის მდგომარეობით, საწარმოებიდან მიღებული დივიდენდების მოცულობამ (19.5 ათასი ლარი) წლიური გეგმის მხოლოდ 2% შეადგინა. საყურადღებოა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არ შეკრებილა დივიდენდების გამანაწილებელი კომისია;
  • საპროცენტო შემოსავლების სახით 8 თვის მდგომარეობით მობილიზებულია 70 მლნ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 111%-ს, ხოლო წლიური გეგმის 82%-ს უტოლდება. აღნიშნული განაპირობა ბიუჯეტის ნაშთის აუქციონის გზით კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ.

გადასახდელების ათვისების მაჩვენებელი, 8 თვის მდგომარეობით, წლიური გეგმის 62%-ს (8 მლრდ ლარს), ხოლო 9 თვის გეგმის 86%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლო ოთხ თვეში გადასახდელების ათვისების მოსალოდნელი ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია მეოთხე კვარტალში მათი მაღალი გეგმური მაჩვენებლით და, ასევე, მიმდინარე წლის ხარჯვის ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, მოსალოდნელია გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისების კონცენტრაცია 2019 წლის ბოლოს:

  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში ვლინდება ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არსებული ხარვეზები, რაც გამოიხატება: ა) წლის განმავლობაში განხორციელებული დაუგეგმავი ღონისძიებების, ბ) ხარჯთაღრიცხვის ხშირი ცვლილებებისა და გ) დაბალი ათვისების მქონე პროგრამებისა და ქვეპროგრამების არსებობაში;
  • რაც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს, 8 თვის მდგომარეობით ათვისების დაბალი მაჩვენებლით (18.3%) ხასიათდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი;
  • აღსანიშნავია, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები ისევ მიიმართება ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.აღნიშნული ტიპის ღონისძიებებზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ჯამურმა ოდენობამ (17 მლნ ლარი) 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ფონდის მთლიანი საკასო ხარჯის 47% შეადგინა.

2019 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 20 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 302 მლნ ლარით აღემატება ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებელს. აღნიშნული უმეტესწილად დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან.

  • საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელების გამო, მიმდინარე პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს შესრულების დაბალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, საინვესტიციო კრედიტების ათვისება წლიურ გეგმასთან მიმართებით 29%-ს შეადგენს. ამასთან, საკრედიტო სახსრების ათვისება საერთოდ არ მომხდარა ან 9 თვის გეგმის 60%-ზე ნაკლებია 16 პროექტის შემთხვევაში. აღნიშნულ პროექტებზე ჯამურად დაგეგმილი 195.5 მლნ ლარის ოდენობის რესურსიდან 8 თვეში გამოყენებულ იქნა 24.3 მლნ ლარი;
  • საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2019 წლის 8 თვის მდგომარეობით, გადახდილი ვალდებულების გადასახადი 2.6 მლნ ლარს შეადგენს და 1 მლნ ლარით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

უნდა აღინიშნოს, რომ „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის მოხსენების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ბიუჯეტის მიმდინარე ტენდენციების ანალიზი და შესრულების პროცესში არსებული გადახრების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი მოხსენება მოიცავდეს მეტ ინფორმაციას და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, რათა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცეთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა მოახდინონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.


[1] აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდის შედეგად, 2019 წელს შეიცვალა თამბაქოს მოხმარების სტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა თუთუნის მოხმარება, რომელიც მინიმალური განაკვეთით იბეგრება.