აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა, კახაბერ კირტავამ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, აჭარის ა/რ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.
მოხსენებაში შეფასებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგები და გაანალიზებულია საკითხები, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება, მნიშვნელოვანია როგორც ბიუჯეტის შესრულების რეალური მაჩვენებლით წარმოჩენის, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის, მიზანშეწონილია იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც აღნიშნულია მოხსენებაში და რომელთა გათვალისწინება გააუმჯობესებს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესს და ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.