სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ 20 დეკემბერი, 2024
დასკვნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი და ინფორმაცია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტზე და 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების თაობაზე.
2024 წლის განმავლობაში გაგრძელებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციების შედეგად 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 10.0% შეადგინა. 2025 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 6.0%-ის დონეზეა განსაზღვრული.
რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტზე მომზადებული დასკვნის გათვალისწინებით,  სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ  ძირითად საკითხებზე:

  • მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს რეგიონში არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე;
  • მნიშვნელოვანია მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების/ქვეპროგრამების ბიუჯეტების განსაზღვრის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციები, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განისაზღვროს მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად მოხდეს რესურსების გადანაწილება და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება;
  • მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტის და კაპიტალური პროექტების დანართები სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების გამართულობა, მათ შორის, ცხადი სამიზნე მაჩვენებლების არსებობა და ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა, ასევე საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისა და კაპიტალური ხარჯების ერთმანეთისგან გამიჯვნა და კონცეფციის ბარათების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობაში მოყვანა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.