სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ 17 ივნისი, 2022
მოხსენება აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის ანგარიშზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილია შემდეგი მნიშვნელოვანი სისტემური ხასიათის საკითხები, კერძოდ:

  • რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული შემოსულობების გეგმური მაჩვენებლები შესრულებულია 94.1%-თ, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები − 78.2%-ით, რაც რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსულობების შესაბამის კომპონენტებში ფაქტობრივი მონაცემების საფუძვლიანი ანალიზისა და არსებული გამოწვევების სათანადო შეფასების გარეშე განსაზღვრაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსალოდნელ რისკებზე მიუთითებდა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე წარდგენილ დასკვნაში, თუმცა რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.
    • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია საფუძვლიანად გაანალიზდეს გასულ წლებში შემოსულობების შესაბამის კომპონენტებში ფაქტობრივად მიღებული თანხები და სისტემურობისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განისაზღვროს დასაგეგმი წლის საბიუჯეტო პარამეტრები.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 31 საწარმოდან, 2021 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ 3 საწარმოს. აღნიშნული საწარმოები, წინა წლებშიც, დივიდენდის საბიუჯეტო გეგმის შესრულებაში ძირითად როლს ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ ხდება საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების განხილვა-შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება, ბიზნესგეგმების დამტკიცება და ა.შ., რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოების არაეფექტიან მენეჯმენტს და, შესაბამისად, უარყოფით ფინანსურ შედეგებს.
    • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, კონტროლის განმახორციელებელი სამინისტროების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, გამოკვლეულ იქნეს მიზეზები და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს სამოქმედო გეგმა არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით.
  • 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობამ 328,308.3 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 79.3%-ია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებში მუდმივად აღინიშნება ფისკალური წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები მეტ-ნაკლები შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა, 2021 წლის დეკემბერში გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 366.2% შეადგინა. 2021 წლის დეკემბერში გადასახდელების მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია წლის განმავლობაში გადასახდელების ათვისების ჩამორჩენასთან კვარტალურ გეგმებთან მიმართებით და რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წინასწარი ანგარიშსწორების სახით (ავანსად) გაცემულ თანხებთან (10,820.6 ათასი ლარი). საყურადღებოა, რომ ფისკალური წლის დასასრულს ზრდა შეიმჩნევა გადასახდელების ყველა კომპონენტში.
    • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საბიუჯეტო რესურსის მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვისთვის, მიზანშეწონილია როგორც საბიუჯეტო დაწესებულებების, ისე მათი მაკოორდინირებელი უწყებების მხრიდან, გარემოებათა საფუძვლიანი შესწავლისა და ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებით, უზრუნველყოფილ იქნეს ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება.
  • 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მთლიანი მოცულობის 75.8% (248,943.9 ათასი ლარი) ხარჯებმა შეადგინა, რაც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული მაჩვენებლის 83.0%-ია. ხარჯების საკასო შესრულება 50,869.2 ათასი ლარით ჩამორჩება გეგმურ მაჩვენებელს. ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 34,733.4 ათასი ლარი, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 34,646.3 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ხშირად დაკავშირებულია ტენდერებიდან და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიებთან, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე განისაზღვრება. გარდა ამისა, დაგეგმილი რიგი სახელმწიფო შესყიდვები არ განხორციელდა ან განხორციელდა არაჯეროვნად, ან/და მიმწოდებლები არ ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დასრულებულია, თუმცა 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არ დაფინანსდა.
    • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია ეფექტიანი მონიტორინგი განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემული კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარების დროულად ათვისების მიზნით, გამოკვლეულ იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები.