სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ 11 ივნისი, 2021
მოხსენება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილია საკითხები, რომლებზეც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება, კერძოდ:

  • 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 12,806.1 ათასი ლარით შემცირდა და 21,671.2 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმიური მაჩვენებლის 40.7%-ია. კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და რეზერვების ეფექტიანად გამოყენების საკითხი.
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების სრულად და ეფექტიანად ათვისება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საჭირო პროგრამების შემუშავებას და დაფინანსებას. ამასთანავე, გამოკვლეულ უნდა იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს სათანადო ღონისძიებები.
  • ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებზე, რის გამოც შემოსულობების გეგმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შემცირდა. წლიური გეგმის შესრულების წარმოსაჩენად, 2020 წლის 23 დეკემბერს რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესული ცვლილებებით საბიუჯეტო გეგმა უკვე ფაქტობრივ ფისკალურ მონაცემებს მიესადაგა. შედეგად, 2020 წლის შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 278,656.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური შემცირებული გეგმის 102.0%-ია. შემცირებული გეგმის გადაჭარბებით შესრულების მიუხედავად, შემოსულობების თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით ცალკეული კომპონენტის მიხედვით შესრულების მაჩვენებლები განსხვავებულია. მაგალითად, რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმით, „ტრანსფერების, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ გეგმური მაჩვენებელი განსაზღვრული არ ყოფილა იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის ფაქტობრივმა შემოსულობამ 3,295.9 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წლის ფაქტმა − 3,027.3 ათასი ლარი.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 37 საწარმოდან, 2020 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ ორ  საწარმოს, საიდანაც შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მიერ გადახდილი დივიდენდის წილი 81.4%-ს შეადგენს. არსებული მონაცემები მიუთითებს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დივიდენდის მობილიზების ნაწილში დიდი გავლენა იქონია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ, რამაც შეაფერხა მათი საქმიანობა და შესაბამისად, შემცირდა მათი მომგებიანობის მაჩვენებელი. სამინისტროს განმარტება ნაკლებად საფუძვლიანია, რადგან ბოლო წლების მონაცემები ადასტურებს, რომ საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამდეც წამგებიანი იყო და მათი მხრიდან დივიდენდების გადახდა არ ფიქსირდება. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციები, მხოლოდნაწილობრივ იქნა შესრულებული. 
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მაკონტროლებელმა სამინისტროებმა, უნდა უზრუნველყონ აჭარის ა/რ-ის  წილობრივად მოქმედ საწარმოებში უკეთესი მენეჯმენტის განხორციელება; ყურადღება გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, დაისახოს და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე,მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს ხედვა, არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით.
  • 2020 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობამ 291,463.6 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 95.6%-ია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებში მუდმივად აღინიშნება ფისკალური წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მეტ-ნაკლები შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, 2020 წლის დეკემბერში გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 210.7% შეადგინა. აღნიშნული უკავშირდება წლის განმავლობაში გადასახდელების/მისი ცალკეული კომპონენტის ათვისების ჩამორჩენასთან კვარტალურ გეგმებს და რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების სახით (ავანსად) გაცემულ თანხებს.
    • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე მათი მაკოორდინირებელი უწყებების მხრიდან, საკითხის დეტალური შესწავლისა და ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებით უზრუნველყოფილ იქნეს ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება. 
  • მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით, 2020 წლის ბოლოს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით, გადასახდელების გეგმური პარამეტრი შემცირდა 45,337.5 ათასი ლარით, ხარჯების საკასო შესრულება მაინც 9,250.4 ათასი ლარით ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულება − 3,917.6 ათასი ლარით. მათ შორის, დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი გააჩნია 8 პროგრამას/ქვეპროგრამას. მათ შორის არის შემთხვევები, როდესაც თანხები არ იქნა ათვისებული ან ათვისებულია 20%-ის ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები სხვა საჭიროებებზე არ მიმართულა.
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პროგრამების შემუშავება განხორციელდეს მიზანშეწონილობის სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ხოლო პროგრამის შესრულებისას წარმოქმნილი შეზღუდვების შემთხვევაში, გამოკვლეულ იქნეს მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ახალი პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.