სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.
ჩვენი აზრით, აბზაცში − „უარყოფითი მოსაზრების საფუძველი“ აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, თავდაცვის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.