სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" (პროგრამის კოდი 03 00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში
- მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, ობიექტების ნაწილი ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის დროს ხარჯები ანაზღაურებულია სათანადო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რამდენიმე შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი. შედეგად მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არ არის ეფექტიანი
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შესყიდული მასალები გაუხარჯავია და მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს
- მიმწოდებლების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის გამოყენების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ჯარიმის სახით დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა, ასევე ვერ უზრუნველყო მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულება
- მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.