სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 11 მარტი, 2022
ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020, 2019, 2018

ექსპორტის განვითარება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია და, შესაბამისად, სახელმწიფოებისთვის მისი ხელშეწყობა − ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ექსპორტის წახალისება შეიძლება მოიცავდეს იმპორტირებულ ნედლეულზე ტარიფების შემცირებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შემოღებას, საბაჟო პროცედურების გამარტივებას და სხვა ღონისძიებებს.

ამასთან ერთად, ქვეყანაში არსებული საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად, გავრცელებული ინსტრუმენტია ექსპორტის ხელშემწყობი ორგანიზაციების მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება.

ექსპორტის წახალისების მიზნით, ბოლო ათწლეულში საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა:

  • გამარტივდა საბაჟო პროცედურები;
  • გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან.

ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში (შემდგომ − სააგენტო) ღონისძიებები ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს საბაზისო ფუნქციები და ღონისძიებები უმეტესად შეესაბამება კარგ პრაქტიკას, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს განხორციელებული ღონისძიებების ნაწილი:

სააგენტოს სამიზნე, პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების იდენტიფიცირების პროცესი არათანმიმდევრულია. კერძოდ, სააგენტოს არ აქვს განსაზღვრული პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების გამოვლენის პროცედურა და აღნიშნული პროცედურის ჩატარების პერიოდულობა. პრიორიტეტულად მიჩნეული პროდუქტებიდან ზოგიერთი არ ეფუძნება სიღრმისეულ კვლევას, რომელშიც გაანალიზებული იქნებოდა პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში არსებული დაბრკოლებები.

სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას ექსპორტიორი კომპანიების ნაწილზე, შესაბამისად, მას არ აქვს საშუალება უცხო ქვეყნებიდან შემოსული კონკრეტული პროდუქციის შესყიდვის მოთხოვნები გააცნოს ამ სახის პროდუქციის ყველა მწარმოებელს. ამასთანავე, სააგენტოს მის ხელთარსებულ ბაზებში აღრიცხული კომპანიების ნახევარზე არ გააჩნია ინფორმაცია ექსპორტის განხორციელების სტატუსისა და ხარისხის სერტიფიკატების შესახებ. სააგენტოს ახალი პლატფორმა - tradewithgeorgia.com კარგი საშუალებაა მეტი და უკეთესი ხარისხის ინფორმაციის მოსაგროვებლად, თუმცა მის პრაქტიკაში გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიების სათანადო რაოდენობის დარეგისტრირება.

სააგენტოს მიერ ექსპორტთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის ჩასატარებლად არსებულ მექანიზმებში არსებობს გაუმჯობესების პოტენციალი. კერძოდ, სააგენტოს მიერ აუდიტის პერიოდში ჩატარებული კვლევა იყო ზოგადი ხასიათის და ვერ უზრუნველყო კონკრეტული საჭიროებების დადგენა. აღნიშნული იდენტიფიცირებულ იქნა აუდიტის ჯგუფის მიერ შედგენილი დეტალური კითხვარის საშუალებით.

სააგენტოს არ აქვს შეფასებული კომპანიებისათვის საჭირო სავაჭრო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონე, რათა უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციის სისტემატურად მოპოვებისა და დროული გავრცელებისათვის სათანადო მექანიზმების შემუშავება.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში სააგენტოს ღონისძიებები პასუხობდა კომპანიების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების ნაწილს, თუმცა ვერ ფარავდა კომპანიების მხრიდან დასახელებულ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, როგორებიც იყო: კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის სტრატეგიის შემუშავებისას, ბაზრების კვლევის, სერტიფიცირებისა და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება/თანადაფინანსება.

მიღწეული შედეგების შეფასების მიმართულებით სააგენტოს გავლენის შეფასების სქემის შემუშავება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს სააგენტოს საქმიანობა, მნიშვნელოვანია, სააგენტომ დოკუმენტში განსაზღვროს რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და უზრუნველყოს მისი პრაქტიკული გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ კმაყოფილების კითხვარების შედეგების მიხედვით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს ორი ძირითადი სერვისით მოსარგებლე კომპანიებს, სააგენტოს საქმიანობა გამოფენებისა და სასერტიფიკაციო კურსის ორგანიზების მიმართულებით დადებითად ფასდება.

სსიპ-ს − აწარმოე საქართველოში:

  • პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების შერჩევის თანმიმდევრული და გამართული პროცესის უზრუნველსაყოფად, გაიწეროს პრიორიტეტული სექტორების გამოვლენის პროცედურა და განისაზღვროს პასუხისმგებელი პირების/მხარეების როლები. სექტორის/პროდუქტის პრიორიტეტულად აღიარებამდე, მნიშვნელოვანია მოხდეს მიწოდების ჯაჭვში არსებული დაბრკოლებების იდენტიფიცირება;
  • იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს კონსოლიდირებული ინფორმაცია ექსპორტიორი და ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების შესახებ, საჭიროა სააგენტომ:
    • სხვა სახელმწიფო უწყებებთან (მაგალითად, სსიპ − შემოსავლების სამსახური, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) კოორდინაციით დააზუსტოს ექსპორტიორი კომპანიების სია;
    • განსაზღვროს პლატფორმაზე დასარეგისტრირებელი კომპანიების მინიმალური რაოდენობა, მონიტორინგი გაუწიოს ახალი კომპანიების რეგისტრაციის პროცესს და სასურველი ნიშნულიდან ჩამორჩენის შემთხვევაში განიხილოს დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.
  • საჭიროებებზე საპასუხო ღონისძიებების დასაგეგმად, მნიშვნელოვანია სააგენტომ შეიმუშაოს საჭიროებების შეფასების ქმედითი მექანიზმები, რომლებიც მოიცავს:
    • სექტორულ დონეზე, წინასწარ შემუშავებული დეტალური კითხვარების მეშვეობით და დადგენილი პერიოდულობით სიღრმისეული კვლევების ჩატარებას;
    • კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების პრიორიტეტულობის, საპასუხო ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრობის, მასშტაბისა და ბიუჯეტის განსაზღვრას.
  • ექსპორტის მიმართულებით სააგენტოს საქმიანობის შესაფასებლად და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რეკომენდებულია გავლენის შეფასების სქემაში განისაზღვროს რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები, გაწერილი პერიოდულობით შეფასდეს მიღწეული შედეგები, გამოვლინდეს სამიზნესა და მიღწეულ შედეგებს შორის არსებული სხვაობების მიზეზები და აღნიშნული გათვალისწინებულ იქნეს მომდევნო წლის ღონისძიებების დაგეგმვისას.