აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი და ინფორმაცია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტზე და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების თაობაზე.
2021 წელს დაწყებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2022 წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 10.0% შეადგინა, 2023 წლის რეალური მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი, 5.0%-ის დონეზეა განსაზღვრული. აღნიშნულის პარალელურად, მსოფლიოში არსებული ინფლაციური პროცესებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის სწორად განხორციელება.
რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველად კანონპროექტზე მომზადებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის გათვალისწინებით, გადამუშავებულ კანონპროექტში განხორციელებულია რიგი პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგების ინფორმაციის გაუმჯობესება. ამასთანავე, კანონპროექტთან მიმართებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:
- მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს ბოლო წლებში ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების სათანადო ანალიზის საფუძველზე;
- რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში, შეინიშნება სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის დაფინანსების მოცულობას შორის. ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად, მიზანშეწონილია შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციები;
- პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესებისთვის განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, დასკვნაში მოცემული შენიშვნების გარდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების მიხედვით, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.