აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი და ინფორმაცია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტზე და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების თაობაზე.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ანალიზით, მთავრობამ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი, კერძოდ:
- „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების“ დაფინანსება კანონპროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 2,755.0 ათასი ლარით, ხოლო „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება, რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და საკარანტინე სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა“ – 200.0 ათასი ლარით;
- ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონპროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით შემცირებულია 2,000.0 ლარით, ხოლო გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა - 21,000.0 ათასი ლარით.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რიგი რეკომენდაციის სრულყოფილად შესრულება საჭიროებს დამატებით აქტივობებს, კერძოდ:
- პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე. ასევე, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობების, შესაბამისი ვადებისა და პასუხისმგებელი უწყებების მითითებით;
- ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მიზანშეწონილია, პრივატიზაციის პროცესი განხორციელდეს ეფექტიანად, მათ შორის, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით და ახალი რესურსების მოძიების გზით;
- დივიდენდებიდან მისაღები შემოსავლების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მაკონტროლებელმა სამინისტროებმა, საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანი გამოყენებით, უნდა უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივად მოქმედ საწარმოებში უკეთესი მენეჯმენტის განხორციელება. ყურადღება გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, დაისახოს და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს ხედვა, არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით.
ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან დაკავშირებით, საყურადღებოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კანონპროექტის პირველად ვერსიაზე გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც მიმდინარე მდგომარეობით არ არის გათვალისწინებული:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, განხორციელდეს „სხვა შემოსავლების“ კომპონენტებში ფაქტობრივად მიღებული თანხების ანალიზი და სისტემურობის გათვალისწინებით, განისაზღვროს დასაგეგმი წლის საბიუჯეტო პარამეტრები;
- ბიუჯეტის გადამუშავებული კანონპროექტით დაფინანსება ეზრდება ან პრაქტიკულად იგივე ნიშნულზე უნარჩუნდება ზოგიერთ ისეთ პროგრამას/ქვეპროგრამას, რომელთა შესრულების მაჩვენებელი 2020 წლის 11 თვის მდგომარეობით 40%-ზე დაბალია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასებული იქნეს მოსალოდნელი რისკები და გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები მომდევნო საბიუჯეტო წელს ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნებისა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.