სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ 14 იანვარი, 2020
დასკვნა „აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ა/რ კანონის პროექტზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი და ინფორმაცია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების თაობაზე.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ანალიზით, მთავრობამ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი, კერძოდ:

• 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის გამოყენებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა რეკომენდაცია და ნაშთის გამოყენება 22,000.0 ათასი ლარიდან გაიზარდა 28,000.0 ათას ლარამდე, რაც ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 6,000.0 ათასი ლარით მეტია;

• სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 1,055.3 ათასი ლარით და განსაზღვრულია 11,250.0 ათასი ლარით.

წარმოდგენილი კანონპროექტით, პირველად ვარიანტთან შედარებით, ჯამში 7,055.3 ათასი ლარით იზრდება გადასახდელები, რაც შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით თავისუფალი ნაშთის 6,000.0 ათასი ლარით შემცირებისა და სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობის 1,055.3 ათასი ლარით გაზრდის შედეგად. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კვლავ აქტუალურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რიგი რეკომენდაციების შეუსრულებლობა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საბიუჯეტო პროცესის შემდგომი სრულყოფის მიზნით, გათვალისწინებულ იქნეს:

• სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, დეკემბრის დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ასათვისებლად თუ არ განხორციელდა საავანსო ანგარიშსწორებები, 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების ათვისების მაჩვენებლების და 2018 წლის მეოთხე კვარტალში მიღებული შედეგების გათვალისწინებით, გადასახდელების შეუსრულებლობა, სავარაუდოდ, 30,000.0 ათასი ლარი იქნება. ბიუჯეტის შემოსულობების მოსალოდნელი 10,000.0 ათასი ლარით გადაჭარბებით შესრულებისა და მიმდინარე წლის გადასახდელების, სავარაუდოდ, 30,000.0 ათასი ლარით აუთვისებლობის გამო, გამოუყენებელი სახსრები (ნაშთი) 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მიაღწევს 40,000.0 ათას ლარს. ამ პირობებში წარმოდგენილი კანონპროექტით დაგეგმილია ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის მხოლოდ 28,000.0 ათასი ლარით შემცირება, შესაბამისად, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით არ იგეგმება, არანაკლებ, 12,000.0 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსის გამოყენება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის სრული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას და დაფინანსებას;

• რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან მიმართებით, გათვალისწინებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებული შემოსავლების“, „შემოსავლის მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვ.) გადაცემიდან“ და „შემოსავლების მომსახურების გაწევიდან“ საპროგნოზო მაჩვენებლების ნაწილში და მათი ჯამური მოცულობა, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 1,055.3 ათასი ლარით. ამასთანავე, „სხვა შემოსავლების“ სხვა კომპონენტებში რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, „სხვა შემოსავლების“ საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრის დროს, თითოეული კომპონენტის სახით მისაღები შემოსავლების ცვლილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. დივიდენდების მოცულობის ზრდისთვის, მაკონტროლებელმა სამინისტროებმა, საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანი გამოყენებით, უნდა უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივად მოქმედ საწარმოებში უკეთესი მენეჯმენტის განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, დაისახოს და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს ხედვა არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით;

• პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს, რის გამოც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციად რჩება − პროგრამული ბიუჯეტი გახდეს კანონის ნაწილი, ხოლო პროგრამები/ქვეპროგრამები იმგვარად იქნეს წარმოდგენილი, რომ ის მოიცავდეს პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ დეტალურ ღონისძიებებს, ხოლო ინდიკატორებით შესაძლებელი იყოს მიღწეული შედეგების გაზომვა და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნებისა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით