აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
- ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და სსიპ -ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის 2015 და 2016 წლების საბალანსო ანგარიშების ნაშთები ურთიერთშეუსაბამოა. კერძოდ, 2015 წლის საბალანსო მონაცემებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს რიცხული ნაშთები არ შეესაბამება 2016 წლის ბალანსში, წლის დასაწყისისათვის დაფიქსირებულ ნაშთებს, რაც თანხობრივად 44,9 ათას ლარს შეადგენს;
- პროექტის - „მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში“ ფარგლებში, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ მიღებული 122,8 ათასი ლარი, „ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ“ ბალანსის დანართ ფორმა N3-ში ასახვის ნაცვლად, ასახულია „ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ“ ბალანსის დანართ ფორმა N4-ში;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ქვეპროგრამის - „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენება ფერმერულ მეურნეობაში“ ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადოდ და არათანმიმდევრულად განხორციელების შედეგად, 2016 წელს ვერ მოხერხდა პროგრამის სრულყოფილად განხორციელება და შესაბამისად ვერ იქნა უზრუნველყოფილი დაგეგმილი შედეგების მიღება;
- ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ერთობლივი შემოსავლის სახით ფიქსირდება 94,5 ათასი ლარი, რაც 10,4 ათასი ლარით ნაკლებია საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებზე;
- სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მიერ, დღგ-ს გარეშე გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას, 9 შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის გამარჯვებული პრეტენდენტების დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
- ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ბალანსზე რიცხული 4005,2 ლარის ძირითადი აქტივებიდან, ქონების გადასახადით დაბეგრილია 1144,5 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების ძირითადი აქტივები და შესაბამისად 2860,7 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების ძირითადი აქტივები, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, არ არის შეფასებული მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების გათვალისწინებით.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.