სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 20 სექტემბერი, 2019
აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2017, 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:

  • დეპარტამენტის მიერ გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, მაშინ როცა ფარული სამუშაოს აქტებით არ არის დადასტურებული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება, არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ფარულ სამუშაოებზე არ არის დადგენილი მოცულობები;
  • ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს;
  • დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები;
  • დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში, არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს;
  • დეპარტამენტმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელს გადაუხადა ავანსი. ამასთანავე, არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, გაზრდილია სამუშაოს შესრულების ვადა, რაც კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგად, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა;
  • დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, მიიღო ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის გამო, დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები. ამასთანავე, ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება;
  • დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით დეპარტამენტზე მომსახურება, არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების ფაქტობრივად შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს;
  • დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წიაღისეულის მოპოვება და ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) ფაქტობრივად მოპოვების ან/და ტრანსპორტირებაზე გაწეული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის რეალობა რისკის შემცველია.

რეკომენდაცია N1: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაადგინოს მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების პირობებში, სამუშაოების ჩაბარების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად იქნეს გამოვლენილი ხარვეზები და არ დაუშვას შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადასტურების გარეშე, სამუშაოს მიღება-ჩაბარება და თანხების ანაზღაურება.

რეკომენდაცია N2: სამინისტრომ შეისწავლოს ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე სამუშაობის არასრულად დაგეგმვის და შესრულების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად და სრულად გამოავლენს კანონშეუსაბამობებს და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას.

რეკომენდაცია N3: დეპარტამენტმა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ სათანადო დასაბუთების პირობებში, ობიექტური და ფორსმაჟორული გარემოებების ფაქტობრივი არსებობის გათვალისწინებით. არაობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიმწოდებელს დააკისროს შესაბამისი სანქცია, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პროექტების განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობის ფაქტებს; ამასთანავე, შეისწავლოს დასაბუთების გარეშე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეცვლის მოტივი, მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ყველა ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N4: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს არათანაბარი კონკურენციის პირობებში არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან ერთად, შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თანაბარი კონკურენციის პირობებში პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარებას.

რეკომენდაცია N5: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომ თავიდან იქნება აცილებული გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დაუსაბუთებელი საავანსო ანგარიშსწორება, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, და რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

რეკომენდაცია N6: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაადგინოს, ხარვეზით მიწოდებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე ინსპექტირების განუხორციელებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზით წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და არ დაუშვას უხარისხოდ შედგენილი პროექტის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება.

რეკომენდაცია N7: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს ტექნიკის დაქირავებასთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობის მიზეზები, უზუსტობების არსებობის პირობებში განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აგრეთვე უზრუნველყოს კანონშეუსაბამოდ გაწეული ხარჯების ბიუჯეტში დაბრუნება, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს კანონშეუსაბამობის ფაქტები, დადგინდეს გაწეული მომსახურების რეალობა, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე არ დაუშვას მომსახურების მიღება და ანაზღაურება.

რეკომენდაცია N8: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს წიაღისეულის მოპოვების, გამოყენების და მასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონშეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან ერთად, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზები და აღმოიფხვრას წიაღისეულის კანონშეუსაბამოდ მოპოვებისა ან/და მასთან დაკავშირებით საწვავის არადანიშნულებით ხარჯვის შესაძლო რისკი.