აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2015 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის ანგარიშის მნიშვნელოვან საკითხთა პარაგრაფში აღინიშნა რიგი საკითხები. კერძოდ,
მთავრობის აპარატის 2015 წლის შრომის ანაზღაურების მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 2 358.6 ათასი ლარი, საიდანაც 1 328.6 ათასი ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, 330.0 ათასი ლარი - პრემიას, ხოლო 700.0 ათასი ლარი - დანამატს. 2014 წელთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შემცირებულია პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა, თუმცა ამავე დროს, მკვეთრად გაზრდილია „დანამატის“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. დანამატის გაცემა განხორციელებულია სათანადო დასაბუთების გარეშე, წლის დასაწყისში გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
2015 წლის 24 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სოფლების წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობასა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემომანდუმი. მემორანდუმის შესაბამისად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მიერ დაფუძნებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015“-ს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, გაუწევს თანადაფინანსებას 1 550.0 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, ამხანაგობა „წაბლანა-2015“-ს, მემორანდუმის გაფორმებამდე, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა 5 001 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ყოფილიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვადები, მისი განხორცილების ეტაპები, მშენებლობის გაჭიანურების, უკიდურეს შემთხვევაში, დაუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისა და ბენეფიციართა ეფექტური დაცვის მექანიზმები.