- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
- ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
- იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2015 წელს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:
- დადგენილი წესის მოთხოვნების მიუხედავად, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში 2015 წლის განმავლობაში ჩატარდა მხოლოდ 6 სხდომა და შესაბამისად გაფორმდა 6 სხდომის ოქმი. 15 შემთხვევაში განცხადებების განხილვა გადაიდო ბენეფიციარების მიერ „ლიბერთი ბანკის“ პირადი ანგარიშის ნომრის წარმოუდგენლობის გამო. მოქმედი კანომდებლობით წარმომადგენლობას განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა შეემოწმებინა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის სისრულე და რაიმე დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში განესაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელს უნდა წარედგინა დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც წარმომადგენლობის მიერ არ განხორციელებულა;
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში 2015 წლის განმავლობაში ივნისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში სხდომა არ ჩატარებულა;
- 2015 წლის განმავლობაში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა სარგებლობდა ქ. წყალტუბოში რუსთაველის ქ. N25 - ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული 8,2 კვ/მ ფართით, ღირებულებით 3,000.00 ლარი და ქ. ბათუმში გორგასლის N 141-ში მდებარე სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში არსებული 9,31 კვ/მ ფართით, ღირებულებით 7,215.00 ლარი. აღნიშნული ფართები, როგორც წინა აუდიტისას, კვლავ არ იყო გატარებული საჯარო რეესტრში და აყვანილი ბალანსზე;
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას 2015 წელს სარგებლობის უფლებით გადმოეცა ქ. რუსთავში ვახუშტის ქ. N8 - ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24.10 კვ.მ ფართი, რომელიც წარმომადგენლობის საბუღალტრო რეგისტრებში (ბალანსში) არ აღრიცხულა; გარდა აღნიშნულისა, განთავსების (ქონების გადმოცემის) თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის არარსებობის მიუხედავად წარმომადგენლობა კვლავ სარგებლობდა ქ. თბილისში კ. ხეთაგუროვის N2–ში არსებული (170კვ.მ) ფართით;
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, 44 შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადა. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დაგვიანებით იყო ატვირთული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 9 შემთხვევაში და ფაქტობრივი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 11 შემთხვევაში;
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში 2015 წლის შესყიდვების გეგმა ელექტრონულ სისტემაში ატვირთული იყო დაგვიანებით, ხოლო განხორციელებული 59 სახელმწიფო შესყიდვის შესრულება/შეუსრულებლობის და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არცერთ შემთხვევაში არ იყო ატვირთული ელექტრონულ სისტემაში;
- 2015 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 5 მომუშავე და მათზე ანაზღაურდა - 27,066.66 ლარი;
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 7 მომუშავე და მათზე ანაზღაურდა - 101,841.80 ლარი;
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 10 მომუშავე და მათზე ანაზღაურდა - 51,300.00 ლარი.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 10 მომუშავე და მათზე ანაზღაურდა - 42,244.92 ლარი;
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მოპოვებული მტკიცებულებებით, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხდებოდა არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად;
- ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აუდიტის პერიოდში ავტომობილის საშუალო დღიურმა გარბენმა შეადგინა 59,39 კმ. მიუხედავად წარმომადგენლობის მიერ წამოდგენილი ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც დღიური გარბენის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი განპირობებული იყო სამსახურეობრივი აუცილებლობით, აუდიტის ჯგუფისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა ალტერნატიული მტკიცებები, რომლითაც ადეკვატურად დადასტურდებოდა საწვავის ესოდენ მაღალი ხარჯვისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენის რეალობა);
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აუდიტის პერიოდში განპიროვნებული ავტომობილის საშუალო დღიურმა გარბენმა შეადგინა 87,07 კმ., ხოლო სამორიგეო ავტომობილის მიერ საშუალო დღიურმა გარბენმა - 50.88 კმ. მიუხედავად წარმომადგენლობის მიერ წამოდგენილი ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც დღიური გარბენის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი განპირობებული იყო წარმომადგენლობის საქმიანობიდან გამომდინარე, ავტომობილების სამსახურეობრივი მიმოსვლისათვის ინტენსიური გადაადგილებით, აუდიტის ჯგუფისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა ალტერნატიული მტკიცებები, რომლითაც ადეკვატურად დადასტურდებოდა საწვავის ესოდენ მაღალი ხარჯვისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენის რეალობა;
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აუდიტის პერიოდში განპიროვნებული ავტომობილის საშუალო დღიურმა გარბენმა შეადგინა 87,87 კმ., ხოლო სამორიგეო ავტომობილის მიერ საშუალო დღიურმა გარბენმა - 54,55 კმ. მიუხედავად წარმომადგენლობის მიერ წამოდგენილი ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც დღიური გარბენის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი განპირობებული იყო წარმომადგენლობის საქმიანობიდან გამომდინარე, ავტომობილების სამსახურეობრივი მიმოსვლისათვის ინტენსიური გადაადგილებით, აუდიტის ჯგუფისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა ალტერნატიული მტკიცებები (საწვავის ხარჯვის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენის კონტროლის დამადასტურებელი მექანიზმები), რომლითაც ადეკვატურად დადასტურდებოდა საწვავის ესოდენ მაღალი ხარჯვისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენის რეალობა;
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აუდიტის პერიოდში განპიროვნებული ავტომობილის საშუალო დღიურმა გარბენმა შეადგინა 133,8კმ, სამორიგეო ავტომანქანებზე შესაბამისად - 47.7 კმ და 45.2 კმ, მიუხედავად წარმომადგენლობის მიერ წამოდგენილი ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც დღიური გარბენის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი განპირობებული იყო სამსახურეობრივი აუცილებლობით, აუდიტის ჯგუფისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა ალტერნატიული მტკიცებები (საწვავის ხარჯვის შესაბამისად ავტოტრანსპორტის გარბენის კონტროლის დამადასტურებელი მექანიზმები), რომლითაც ადეკვატურად დადასტურდებოდა საწვავის ესოდენ მაღალი ხარჯვისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენის რეალობა (გვ. 36);
- იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას არასრულად და არასწორად ჰქონდა შევსებული ბალანსის დანართი ფორმები, კერძოდ: ავტომანქანების მიმდინარე რემონტზე გაწეული ხარჯები 3,596.00 ლარის ოდენობით, (რომლითაც ადგილი არ ჰქონია აქტივების არსებით გაუმჯობესებას), ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაემატა მანქანების საბალანსო ღირებულებებს, რის გამოც ავტომანქანების ღირებულება არამართებულად გაიზარდა 3,596.00 ლარით, ხოლო დარიცხული ცვეთის თანხა გაიზარდა 402,75 ლარით (გვ. 37);
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას არასრულად და არასწორად ჰქონდა შევსებული ბალანსის დანართი ფორმები. კერძოდ: ბალანსის დანართ ფორმა N2-ში პრემიის მუხლში საანგარიშგებო პერიოდის დაზუსტებული გეგმით, ნაცვლად 51,254.07 ლარისა დაფიქსირდა 37,520.00 ლარი, გადახრა ფაქტიურ ხარჯსა და გადახდას შორის არ დაფიქსირებულა, ხოლო „სხვა ხარჯების“ ჯამური მუხლი თანხით - 5,510.00 ლარი არ იყო ჩაშლილი (გვ. 39);
- საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების ძირითადი პრინციპების შესაბამისად „შრომის ანაზღაურების“ და „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის არ უნდა ყოფილიყო 2014 წლის საკასო ხარჯზე მეტი. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ადგილი არ ჰქონია ორგანიზაციის ფუნქციებისა და კომპეტენციის არსებით ზრდას, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2015 წელს შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 2%-ით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 71%-ით. გარდა აღნიშნულისა, პრინციპების შესაბამისად მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით უნდა შემცირებულიყო არანაკლებ 30%-ით, თუმცა წარმომადგენლობის მიერ 2015 წელს საწვავზე გახარჯული თანხა პირიქით გაიზარდა 9%-ით;
ასევე, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2015 წელს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება გაიზარდა 30 %-ით. გარდა აღნიშნულისა, პრინციპების შესაბამისად მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით უნდა შემცირებულიყო არანაკლებ 30%-ით, თუმცა წარმომადგენლობის მიერ 2015 წელს საწვავზე გახარჯული თანხა შემცირდა მხოლოდ 16%-ით.