სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე სოფლის განვითარებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სფეროა, რომელზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბუნებრივი პირობების ცვალებადობა. სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზიანი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სფეროში ჩართული მოსახლეობის ფინანსურ სტაბილურობას და აგრარული სექტორის განვითარებას.
აღნიშნული რისკებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია აგროდაზღვევა, რომელიც საქართველოში 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.
სახელმწიფოს მხრიდან აგროდაზღვევის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმამ, სადაზღვევო პროდუქტი ბევრად მეტი ფერმერისთვის გახადა ხელმისაწვდომი. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, რთულია აგრორისკების დაზღვევის სისტემის განვითარება, მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და ფერმერთა ძალისხმევით, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობა სისტემის განვითარებაში.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 73 მლნ ლარი. პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებდა საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66.1 მლნ ლარის ზარალი, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია; დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პროგრამა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ:
2014-დან 2021 წლამდე დაგეგმილი იყო აგროდაზღვევით სასოფლო-სამეურნეო ფართობების და ფერმერების მოცვის მაჩვენებლების ეტაპობრივი ზრდა, თუმცა დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში არსებითად არ გაზრდილა. დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს.
აღნიშნული გარემოების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია რამდენიმე ძირითადი რეგიონისა და კულტურის ძალიან მაღალი (71%-იანი) წილი მთლიან სადაზღვევო პორტფელში. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს მასშტაბით ფერმერებისთვის რელევანტური სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და რეალიზაცია.
აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნის პროცესი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავს 2014-დან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს.
აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ:
- სსიპ − სოფლის განვითარების სააგენტო;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვისა და განვითარების პროცესი − აგროდაზღვევის პროგრამის განვითარების ტენდენციები, სააგენტოს შექმნილი წინაპირობები აგროდაზღვევის პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად და ბენეფიციარებთან უკუკავშირის მექანიზმები. აუდიტმა გამოავლინა ნაკლოვანებები და გაუმჯობესების საჭიროება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვა
აგროდაზღვევის პროგრამის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის შედეგების შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორებს წარმოადგენს ანაზღაურებული ზიანის ღირებულება, ასევე ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების დროულობა. სადაზღვევო შემთხვევების მართვის პროცესის ობიექტური შეფასების მიზნით აუცილებელია, სააგენტო სისტემატურად და სრულად აღრიცხავდეს პროგრამის ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების, ასევე მათი ადმინისტრირების პროცესის შესახებ პერიოდულად განახლებად ინფორმაციას. მონაცემთა სისრულე და სიზუსტე სააგენტოს მისცემს საშუალებას, შეაფასოს დადგენილებასთან შესაბამისობის კონტროლი, პროგრამის განხორციელების ხარისხის დონე და ბენეფიციართა კმაყოფილება.
აუდიტით გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ წარმოებული 2014-2021 წლების ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია; „ზარალების ბაზის პროტოკოლით“ დადგენილი აუცილებელი ველები და სააგენტოს ზარალების ბაზაში წარმოდგენილი ველები, რაოდენობისა და შინაარსის მიხედვით − განსხვავებულია, რაც განპირობებულია „ზარალების ბაზის პროტოკოლის აღწერის“ დოკუმენტის განახლების საჭიროებით, ასევე ზარალების მონაცემთა მონიტორინგის ელექტრონული მოდული არ ფუნქციონირებს.
სადაზღვევო პოლისების დროული სუბსიდირება
სოფლის განვითარების სააგენტო სადაზღვევო პოლისების დოკუმენტური მონიტორინგის პროცესის სამართავად იყენებს ელექტრონულ პროგრამას, რომლის საშუალებითაც ამოწმებს პოლისების ვალიდურობას და იღებს გადაწყვეტილებას კომპანიისთვის სუბსიდიის ჩარიცხვის შესახებ.
სადაზღვევო პოლისების დროული სუბსიდირების მნიშვნელობა მაღალია სადაზღვევო ზარალის შემთხვევაში ბენეფიციარის საქმიანობის დროული ფინანსური ხელშეწყობის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამასთანავე, პოლისების დოკუმენტური მონიტორინგის პროცესის პროდუქტიულობა ხელს შეუწყობს ბენეფიციარისთვის ზარალის არასრულად ანაზღაურების რისკების შემცირებას. შესწავლის შედეგად გამოვლინდა სადაზღვევო პოლისების ელექტრონული მონიტორინგის პროცესის შემდეგი ნაკლოვანებები:
- რიგ შემთხვევებში პოლისისთვის სუბსიდირების საბოლოო სტატუსის მინიჭება მისი გაცემიდან არაგონივრული დროის შემდეგ ხორციელდება. გარკვეულ შემთხვევებში ბენეფიციარის მოლოდინის დრო თითქმის გაუტოლდა პოლისის მოქმედების მაქსიმალურ ერთწლიან ვადას;
- ამასთანავე, პოლისების 25,018 (23%) შემთხვევაში სუბსიდირების საბოლოო სტატუსი მინიჭებულია დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდგომ, საიდანაც 28% შემთხვევაში, 6,924 პოლისისთვის, სტატუსის მინიჭებამდე დადგა ზარალი. ასეთი გარემოებისას (სახელმწიფო სუბსიდიის თანხის ჩარიცხვამდე ზიანის დადგომის შემთხვევაში), ხელშეკრულების პირობების თანახმად, ზიანის ანაზღაურება კომპანიის მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს ნაწილობრივ − ბენეფიციარის თანხის პროპორციულად, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის/პრემიის პროპორციული ზიანი ანაზღაურდება სააგენტოს მხრიდან თანხის გადარიცხვის შემდგომ. მიუხედავად ასეთი შესაძლებლობისა, დაგვიანებით დარეგისტრირებული პოლისების შემთხვევაშიც ზარალი ანაზღაურდა სრულად.
სადაზღვევო მომსახურებით ბენეფიციართა კმაყოფილების უზრუნველყოფა
მომხმარებელთა ლოიალობის ტენდენციების გაანალიზებით მზღვეველებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ სერვისის პრეფერენციები და გაუმჯობესების სფეროები. ეს ინფორმაცია ღირებულია სტრატეგიული დაგეგმვის, პროდუქტის განვითარებისა და სტაბილურ მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად.
2014 წლიდან პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობის ზოგადი ტენდენციის შეფასებით გამოვლინდა, რომ მონაწილეთა გადინების წლიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 50%-ზე მეტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამიდან გასვლის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, რაც მეტწილად განპირობებულია სერვისით − ბენეფიციართა კმაყოფილებით. მიუხედავად ამისა, მცირედით იზრდება დაუზარალებელი ფერმერების გასვლის რაოდენობა, რაც შესაძლოა ცნობიერების გაუმჯობესების საჭიროებაზე მეტყველებდეს.
პროგრამის მიმართ მომხმარებელთა ნდობის და კმაყოფილების ამაღლების მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს საჩივრების მექანიზმი. საჩივრების ანალიზით გამოვლინდა, რომ სააგენტო ვერ უზრუნველყოფს საჩივრების სრულად აღრიცხვას და სისტემური პრობლემების კატეგორიზაციას.
სადაზღვევო შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, სააგენტოში შემოსული საჩივრების რაოდენობა უმნიშვნელოა, რაც შესაძლოა სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითებდეს ამ მექანიზმის მიმართ ნდობის დაბალ ხარისხსა და საჩივრების ადმინისტრირების სისტემურ ნაკლოვანებებზე:
- გარკვეული საჩივრები არადამაკმაყოფილებელი ხარისხით რეგულირდება კონკრეტული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის გამო, რაც სიტუაციის სხვადასხვანაირი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა;
- სააგენტო არ აწარმოებს საჩივრების/პრეტენზიების სისტემატიზაციას და არ ატარებს მიზნობრივ ღონისძიებებს მსგავსი პრობლემების პრევენციისთვის.