სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
პროგრამის მართვის პროცესი
განაცხადების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ხარვეზები - სააგენტომ, დადგენილი წესის შესაბამისად, სრულყოფილად შევსებული ბენეფიციარების განაცხადების რეესტრი ვერ წარმოადგინა, რაც არ შეესაბამება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროცედურებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს განაცხადების მიღებისა და დამუშავების პროცესის გამჭვირვალობას.
განაცხადების დახარვეზების ნაკლოვანებები - ბენეფიციარების განაცხადების დახარვეზების პროცესი ზოგიერთ შემთხვევაში არათანმიმდევრული მიდგომით გამოირჩევა. კერძოდ, კენკროვანების ქვეკომპონენტში შესწავლილი 77 ხელშეკრულებიდან ცხრა შემთხვევაში პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა, დახარვეზების მიუხედავად, გაგრძელდა იმავე სარეგისტრაციო ნომრით, რიგის ბოლოში გადანაცვლების გარეშე. სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, განაცხადებს ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მინიჭებული აქვთ ახალი სარეგისტრაციო ნომრები. ასევე, განაცხადების დახარვეზების მიზეზების მხრივ არათანმიმდევრული მიდგომაა ცალკეული კომპონენტის მიხედვით. მაგალითად, მრავალწლიანი ბაღების კომპონენტში განაცხადები დახარვეზებულია მათში არსებული ტექნიკური უზუსტობების გამო, ხოლო ანალოგიური უზუსტობების გამო სანერგე მეურნეობების კომპონენტში, ზოგიერთ შემთხვევაში, განაცხადები დახარვეზებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნული, ზრდის ბენეფიციართა მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს.
სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურების ნაკლოვანება - მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნორმების აღსრულების მიზნით, სააგენტომ დროულად არ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, სააგენტოს 2019 წლის 16 მაისიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდისთვის, არ დაუმტკიცებია საყრდენი ბოძების და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ტექნიკური მახასიათებლები და ფასები. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, ბენეფიციარები მოკლებულნი იყვნენ შესაბამისი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას.
მრავალწლიანი ბაღების კომპონენტი
ბენეფიციარების არასათანადო ინფორმირება - სააგენტომ ვერ უზრუნველყო კენკროვანი კულტურების ნერგების მიმწოდებლების ვალდებულებების შესახებ ბენეფიციარების სათანადო ინფორმირება. საკუთარი უფლებამოსილების შესახებ ბენეფიციარების დროული ინფორმირება ხელს შეუწყობდა პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაზრდას.
ნერგების გაშენებასთან დაკავშირებული პროცესების არათანმიმდევრულობა - ორ შემთხვევაში, ბენეფიციარების განმარტება არ შეესაბამება მათ მიერ წარმოდგენილ, ნერგების მიმწოდებელთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციას. ნერგების მიწოდებაზე გაფორმებულ დოკუმენტაციასა და ბენეფიციარების განმარტებებს შორის არსებული შეუსაბამობები მიუთითებს ნერგების გაშენებასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე.
კონტროლის მექანიზმების სხვა ნაკლოვანებები - ერთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ბენეფიციარისთვის მოთხოვნილი არ იყო ნერგების იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროებს.
ერთ შემთხვევაში, სააგენტო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ფლობდა ინფორმაციას პროგრამით განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი ამოცანის − მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღის გაშენების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რაც კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებაზე მიუთითებს.
ოთხ შემთხვევაში, ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუსრულებლობის მიუხედავად, ვერ დასტურდება სააგენტოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების (წერილობითი კომუნიკაცია ბენეფიციართან) განხორციელება არსებული გარემოებების ან/და ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის თვალსაზრისით. აღნიშნული საჭიროებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
20 თვემდე პერიოდის განმავლობაში, პროგრამით გამიჯნული არ იყო ფსტის კულტურის დამყნობილი და დაუმყნობელი ნერგების კატეგორიები და მათი შესაბამისი ტარიფები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღნიშნული მიუთითებს დოკუმენტაციის მომზადების პროცესში არსებულ ხარვეზზე. შედეგად, სააგენტომ ერთი ბენეფიციარი დააფინანსა 73,500 ლარით გაზრდილი ოდენობით. აღნიშნული თანხა ბენეფიციარს ჩაეთვლება ნერგების დამყნობის შემდეგ, რაც 2021 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით განხორციელებული არ არის.
ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, თანადაფინანსება გაიცა დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოდ. აღნიშნულის შედეგად, ბენეფიციარს ჩაერიცხა დადგენილ ოდენობაზე 7,949 ლარით მეტი. გამოვლენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მოთხოვნილი განმარტების შემდეგ, სააგენტომ ბენეფიციარს 2021 წლის 4 ნოემბერს 7,949 ლარი ბიუჯეტში დააბრუნებინა.
ინვოისში წარმოდგენილი და ფაქტობრივად მოწოდებული ნერგების შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი არ იყო სრულყოფილი დოკუმენტაცია. ინვოისში მითითებული და ფაქტობრივად ჩამოტანილი ნერგების რაოდენობისა და ღირებულების შესაბამისობის დადგენა აუცილებელია გაცემული თანადაფინანსების ოდენობის სიზუსტის განსაზღვრის თვალსაზრისით. აღნიშნულის განუხორციელებლობით, არსებობს თანადაფინანსების გაზრდილი ოდენობით გაცემის რისკი.
სამ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე სააგენტომ ქმედებები განახორციელა მნიშვნელოვანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც მიუთითებს, თანადაფინანსების თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით დანერგილი კონტროლის მექანიზმების სისუსტეებზე.
ერთ შემთხვევაში, თანამონაწილეობის თანხის არსებობა დადასტურებულია 11,327 ლარით ნაკლებ ოდენობაზე. სააგენტოს მიერ ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნული შეუსაბამობის პირობებში, მიუთითებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზებზე.
ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, თანადაფინანსება გაიცა დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოდ. აღნიშნულის შედეგად, თანადაფინანსება გაზრდილია არამართლზომიერად, სულ მცირე − 1,820 ლარით. აღნიშნული თანხა ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას. სააგენტოს 2022 წლის 21 მარტის N1/1112 წერილით, ბენეფიციარს მოეთხოვა თანხის ბიუჯეტში დაბრუნება. მიმართვა განხორციელდა აუდიტის ჯგუფის მიერ არსებული შეუსაბამობის გამოვლენის შემდეგ. ამასთანავე, ხელშეკრულებაში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეტანილია ცვლილება სააგენტოს თანადაფინანსების თანხის 1,820 ლარით შემცირების შესახებ.
სააგენტოს მიერ ხელშეკრულება შეწყვეტილია ოთხი თვის დაგვიანებით, ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შესრულების დოკუმენტური დადასტურების წარმოდგენის შემდეგ.
ერთ შემთხვევაში, სააგენტო ორი წლის განმავლობაში არ ფლობდა ინფორმაციას, გაცემული თანადაფინანსების მიზნობრივად გადარიცხვის თაობაზე, რაც მიუთითებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე.
სააგენტოს მიერ მოთხოვნილი არ იყო დაფინანსების მისაღებად წარსადგენი ერთ-ერთი აუცილებელი ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ. აღნიშნული მიუთითებს განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებულ ხარვეზზე.
ოთხი ბენეფიციარის შემთხვევაში, სააგენტომ დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთების სარწყავი სისტემებით სრულყოფილი უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი.
ხელშეკრულებების მიმდინარეობისას არსებული შეუსაბამობების, მათ შორის, სარწყავ სისტემებთან დაკავშირებული შესაძლო ხარვეზების გათვალისწინებით, სააგენტოს არ განუხორციელებია განმეორებითი საველე მონიტორინგი. შედეგად, სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას გაშენებული ბაღების ფაქტობრივი მდგომარეობის და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების შედეგობრივი ხარჯვის შესახებ.
ერთი ბენეფიციარის შემთხვევაში, მოქმედი რეგულაციების შეუსაბამოდ ნერგები შეძენილია შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტისგან, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ, უარყოფითი გავლენა იქონიოს პროგრამის მიზნების მიღწევაზე.
სააგენტო ბენეფიციარების დაფინანსების პროცესში, გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს პროგრამით განსაზღვრულ, ნერგებს შორის დაშორების სარეკომენდაციო არეებს. შესწავლილი 321 ხელშეკრულებიდან ნერგების რაოდენობები 31 შემთხვევაში სარეკომენდაციო რაოდენობებს აღემატება 20%-დან 240%-მდე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს პროგრამის მიზნების მიღწევაზე.
სხვადასხვა შეუსაბამობა - კომშის კულტურის ნერგების თანადაფინანსება განხორციელდა ისე, რომ პროგრამით არ იყო დადგენილი მათი თანადაფინანსების მაქსიმალური ღირებულება. ფაქტობრივად, სააგენტოს ბრძანებით განსაზღვრული რეგულაცია მიღებულია მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამასთან შეუსაბამოდ. აღსანიშნავია, რომ გაცემული თანხა შეესაბამება შემდგომში დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფებს.
გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ შეტანილა ცვლილებები სარწყავი სისტემის ახალ მიმწოდებელთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის აუცილებელი განსახორციელებელი ქმედება.
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების ხარვეზები - ერთი ბენეფიციარის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი ექსპერტის დასკვნები. ასევე, ორი ბენეფიციარის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები დატვირთულია იპოთეკით, რაც საბანკო დაწესებულების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქმნის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილებისა და, შესაბამისად, პროფილის ცვლილების რისკს. აღნიშნულ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მიწის ნაკვეთების გასხვისების და პროფილის ცვლილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
ამასთანავე, ორი იდენტური სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, 1 კვ.მ-ზე გახარჯულად ნაჩვენები მასალების დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ჯამურ ღირებულებაში 132,672 ლარის სხვაობას წარმოშობს.
ნერგების ხარისხი
ნერგების ხარისხთან დაკავშირებული ნაკლოვანება - სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის შეფასების არსებული პრაქტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს წარმოებული ნერგების ხარისხს, რაც ხშირად იწვევს ბენეფიციარების უკმაყოფილებას და ხელს უშლის პროგრამის მიზნების მიღწევას.
მონიტორინგი
მონიტორინგის განხორციელების ხარვეზები - პროგრამით მისაღები შედეგების მაქსიმიზაციისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ნერგები აგროვადებში გაშენდეს. აღნიშნული შესაძლებელია დადასტურდეს დროული აუდიტორული პროცედურებით. რიგ შემთხვევებში, აუდიტი განხორციელდა აგროვადების გასვლიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნები ვერ უზრუნველყოფს რწმუნებას იმის შესახებ, დარგულია თუ არა ნერგები შესაფერის აგროვადებში.
ამასთანავე, მთავრობის დადგენილების თანახმად, 2019 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში საველე მონიტორინგი სავალდებულო იყო ყველა დაკმაყოფილებული განაცხადისთვის, რასაც სააგენტო რიგ შემთხვევებში ვერ ახორციელებდა. შერჩეული 140 ხელშეკრულებიდან 10 შემთხვევაში, სააგენტომ ვერ წარმოადგინა სავალდებულო მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხოლო, ხუთ შემთხვევაში მონიტორინგი ჩატარებულია აუდიტის ჯგუფის მიერ არსებული შეუსაბამობის გამოვლენის შემდეგ. ზემოაღნიშნული 15 ხელშეკრულების თანადაფინანსების საერთო ღირებულება 1,267,769 ლარია.
აღნიშნულის გამო, სააგენტოს მიერ არ არის დადასტურებული პროგრამის ძირითადი მიზნის − მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების შესრულების მდგომარეობა.
2019 წლის აგვისტომდე კენკროვნების ქვეკომპონენტში ბენეფიციარის მიერ მასალების მონტაჟის მონიტორინგი არ ხდებოდა მონიტორინგის სათანადო ინსტრუმენტის არარსებობის გამო. ასევე, კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში გამოყენებული საველე მონიტორინგის მეთოდოლოგია არ ითვალისწინებდა ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებთან დაკავშირებით შემოწმების წესს. აღნიშნული მეთოდოლოგიით არ იყო ნათლად განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულებულად მიჩნევის კრიტერიუმები, რაც იძლეოდა არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ცხრა ბენეფიციართან დაკავშირებით, რომელთა დაფინანსების ჯამურმა თანხამ 85,485 ლარი შეადგინა, საველე მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, არ შეესაბამებოდა საველე მონიტორინგის მეთოდოლოგიას და დასკვნაში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე ბენეფიციარებმა დაფინანსებები მიიღეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ არ არის გათვალისწინებული კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია გარკვეული კატეგორიის ბაღებში გაძლიერებული მონიტორინგის ჩატარების შესახებ, რაც წარმოქმნის ბენეფიციარების ინტერესების დაუცველობის და სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკს.
სააგენტომ ზოგიერთ შემთხვევაში ვერ წარმოადგინა განმეორებითი მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტები; ასევე რიგ შემთხვევებში სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დააკმაყოფილა ბენეფიციარების მოთხოვნები ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილება განმეორებითი მონიტორინგის ჩატარების შესახებ არ იქნა მიღებული.
სააგენტოში არ არსებობს ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გაშენებული ბაღების მონიტორინგის პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემდა, სათანადოდ გაეანალიზებინა პროგრამის განხორციელებით მიღწეული შედეგები. სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას პროგრამის განხორციელებით ბენეფიციარების მიერ მიღებული მოსავლის ან/და შემოსავლების შესახებ.
ბაღების ვიზუალური დათვალიერება
ბაღების დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები - აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1,332,366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთანავე, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733,291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3,115,975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში − ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია.
პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულება და ანგარიშგება
პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვის ნაკლოვანებები - სააგენტომ ვერ წარმოადგინა 2018-2020 წლების საბიუჯეტო განაცხადების დეტალური გაანგარიშებები. 2018-2020 წლებში ქვეპროგრამის საბიუჯეტო რესურსი იგეგმებოდა ხარვეზებით. კერძოდ, თავდაპირველად ჯამურად დამტკიცებული 34,000,000 ლარის ასიგნებები დაზუსტდა 46,368,500 ლარამდე, ხოლო ამავე პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 60,609,693 ლარი შეადგინა.
2018-2020 წლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდებოდა დაზუსტებული საბიუჯეტო ასიგნებების ამოწურვის პირობებში, რის გამოც ხდებოდა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ფინანსური ვალდებულებების ფაქტობრივი აღიარება. შედეგად, ასეთი წესით, ბენეფიციარებთან გაფორმებულმა ხელშეკრულებების ღირებულებამ 2018 წელს − 2,360,235 ლარი, 2019 წელს − 414,403 ლარი, ხოლო 2020 წელს − 11,466,555 ლარი შეადგინა.
პროგრამით გაუთვალისწინებელი კულტურების დაფინანსება - მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 11 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით, არ უნდა დაფინანსებულიყო კახეთის რეგიონში საღვინე ვაზის ნერგების შეძენისა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები, თუმცა სააგენტომ მთავრობის დადგენილებების მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, სამი ბენეფიციარი დააფინანსა, ჯამში − 294,800 ლარით, რაც არამიზნობრივი ხარჯია. ამასთანავე, ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა, რომ 239,221 ლარით დაფინანსებულ ბაღში საღვინე ვაზის ნერგების 100% გამხმარია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია დადგენილი რეგულაციების შეუსაბამოდ, რის შედეგად, გაწეულია 17,395 ლარის არამიზნობრივი ხარჯი.
პროგრამის ბიუჯეტის ანგარიშგების ნაკლოვანებები - 2018-2020 წლებში, სააგენტოს მიერ დაზუსტებული საბიუჯეტო ასიგნებების ამოწურვის პირობებში, ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ბაღების გაშენება და თანადაფინანსება უმეტესწილად ხორციელდებოდა შემდგომ საანგარიშო პერიოდებში. მათი ასახვა მიმდინარე საანგარიშო წლების ანგარიშებში ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის N112 ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნებს.
ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებთან დაკავშირებული ხარვეზები - ბენეფიციარს სააგენტოს პროექტების განმხილველი კომისიის მიერ, თანხის ანაზღაურებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაეკისრა 73,500 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნული თანხა არ იყო აღრიცხული მოთხოვნების შესაბამის საბალანსო ანგარიშზე, ასევე თანხა არ იყო დაბრუნებული ხაზინის ანგარიშზე. ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, საბიუჯეტო რესურსი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირიცხება და განიკარგება მიმწოდებელი კომპანიის მიერ.
ორი ბენეფიციარის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სააგენტოს მიერ შესაბამისი ღონისძიებები არ არის განხორციელებული, ვინაიდან სააგენტოს მიერ მონიტორინგი არ ჩატარებულა.
ოთხი ბენეფიციარის შემთხვევაში, სააგენტოს სპეციალური კომისიის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელდა თანადაფინანსების სრული მოცულობით პირგასამტეხლოს დაკისრება, თუმცა შემდგომ პერიოდებში იმავე კომისიის მიერ, შესაბამისი საჯარიმო სანქციების დაკისრების გარეშე, გაუქმდა აღნიშნული პირგასამტეხლოები და ახალი ვადები განისაზღვრა.
შვიდი ბენეფიციარის შემთხვევაში, წარმოდგენილია სარწყავი სისტემის მოწყობისა და ნერგების მიღების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები, გადარიცხულია თანადაფინანსების თანხები, თუმცა მონიტორინგის დასკვნების
მიხედვით, ხელშეკრულების პირობები დადგენილ ვადებში არ იყო შესრულებული.